მუსიკა | ცა

დავით დათუნაშვილის ჰაეროვანი პოპ მელოდიზმი ახალ ალბომში

ნოემბერი 20, 2023

დავით დათუნაშვილი ქართული მუსიკალური სცენის დიდი ხნის, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე „ჩუმი“ ნაწილია. მისი პიროვნების ეს მახასიათებელი, რა თქმა უნდა, მუსიკაშიც ირეკლება და 15 წლიანი შემოქმედებითი პროცესის განუყოფელ ნაწილადაც იქცა.

პირველ რიგში უნდა ვახსენო რომ შემოქმედებასთან ერთად, დათო ალბათ ერთ-ერთი პირველია, ვინც 2000-იანების მეორე ნახევარში ქართულ ინტერნეტსივრცეში მუსიკაზე წერა დაიწყო. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც 2007 წლის ბოლოს ახლადჩამოყალიბებული ინდი-როკ ჯგუფის, Landmark-ის გიტარისტი გახდა. ბენდთან ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე სიმღერის დემო ვერსია შეიქმნა, თითზე ჩამოსათვლელად ჰქონდათ კონცერტები თბილისის როკმუსიკაზე ორიენტირებულ კლუბებში. 

ფოტო: ლევან მაისურაძე

2009 წლის ბოლოს, მან ჯგუფის დრამერთან, გიგი ჯიქიასთან ერთად ახალი პროექტი - Okinawa Lifestyle - ჩამოაყალიბა. დუეტის მუსიკა უკვე სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ბენდის ფარგლებში აკეთებდნენ. მცდელობამ, რომ იმ პერიოდისთვის აქტუალური chillwave ჟღერადობა საქართველოშიც შეექმნათ, მეტ-ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. მათი მუსიკა რამდენიმე აქტუალურმა საერთაშორისო მუსკალურმა ბლოგმა შეამჩნია, ინტერნეტის საშუალებით კი ადგილობრივ მელომან ახალგაზრდებშიც მოიპოვეს მცირე აღიარება. ერთი ალბომი და რამდენიმე EP გამოუშვეს, 2011 წელს კი „ელექტრონავტების“ დაჯილდოვებაზე მათი კომპოზიცია -Levan - წლის რჩეული ტრეკიც კი გახდა, თუმცა როგორც ხშირად ხდება, სწორედ ამ შემოქმედებით სიახლეებს მოჰყვა მათი პროექტის დაშლაც და ორივე მუსიკოსი სოლო კარიერაზე ფოკუსირდა.

რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, დავით დათუნაშვილმა სადებიუტო ალბომი Composure გამოსცა, რომელიც ქალაქის ურბანული ქსოვილის ხმების, ემბიენთის და მშვიდი, საგიტარო ინდი-პოპ მუსიკის ერთიანობა იყო. ეს ალბომი თითქმის 10 წლის შემდეგაც, ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ ჩანაწერად მიმაჩნია. ამავე წელს დაიწყო მისი თანამშრომლობა ხმის არტისტ ირაკლი აბრამიშვილთან. DI-მ მალევე გამოსცა ალბომი “ეზოში ავი ძაღლია“ - მინიმალისტური ემბიენთი საგიტარო იმპროვიზაციებით და ნოიზ მოდულაციებით. შემდეგი ალბომი „არჩევანი/არადანი 2016 წელს გამოვიდა - რამდენიმეწუთიანი გამონაკლისის გარდა, ამ ჩანაწერში ჟღერადობა უფრო დამძიმებულია, ინდუსტრიული და ნოიზ ტალღებით, შეიძლება რომელიმე Sci-Fi პოსტ აპოკალიპტური ფილმის საუნდტრეკადაც კი გამომდგარიყო, თუმცა მათივე შედარებით მსუბუქი პასაჟები მსმენელს ამოსუნთქვის საშუალებასაც აძლევს.

2017 წელს ძველი მუსიკალური კოლეგების კიდევ ერთხელ შეკრების დროც დადგა, როდესაც ერთ-ერთი საერთო შესრულების შემდეგ, DI-ს გიგი ჯიქია (HVL) შეერთდა და ასე წარმოიშვა Masterknot, რომლის ფარგლებშიც ტრიომ ზაფხულის 1 კვირა საჩხერის ერთ-ერთ სოფელში გაატარა. სწორედ აქ, იმერეთის მთებში, იმპროვიზაციული სამუშაო პროცესის შედეგად, ჩანაწერი 9​-​15 შეიქმნა - ამ სინთეზური ბგერების მშვიდ შრიალს, ქალაქის რუტინული ყოფისგან შორს დგომამაც შეუწყო ხელი. უფრო ექსპერიმენტული გამოდგა მათი 2018 წლის იმპროვიზაციული კრებული, რომლის შემდეგ აღნიშნულმა ტრიომ აქტიური მოღვაწეობა შეწყვიტა.

დავით დათუნაშვილმა სოლო მუსიკალური მოგზაურობა 2018 წელს გამოცემული Guitar Loops-ით გააგრძელა. ეს მოკლე იმპროვიზაციული პასაჟებია, რომელსაც მუსიკოსი 2 წლის განმავლობაში იწერდა. რამდენიმე ჩანახატი მათთან ემოციური მიმართების გამო, ჩემს ფლეილისტშია დღემდე შემორჩენილია.

დათუნაშვილის შემდეგი მუსიკალური გარდასახვა 2020 წელს იწყება, მინი ალბომით 6 Plus - რაც ამ ალბომში ჭირს, მისი კატეგორიზაციაა, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. გამოცემაში მუსიკოსი მისი, როგორც რომანტიკოსის ბუნებას უფრო მეტად გვაჩვენებს და მშვიდ მუსიკალურ ტონებს ქართულ ტექსტებს არგებს. წინ იწევს მისი როგორც ავტორ-შემსრულებლის მნიშვნელობაც. 

დათუნაშვილის 2023 წლის ალბომი „ზ​ო​გ ყ​ვ​ა​ვ​ი​ლ​ს უ​ფ​რ​ო

ნ​ა​ზ​ი მ​ო​პ​ყ​რ​ო​ბა უ​ნ​დ​ა​, თუ არ გა​წ​ვ​ი​მ​დ​ა“ ისეთივეა როგორც მისი სახელი გვკარნახობს - გრძელი, იდუმალი და ნაზი. მუსიკალურად ეს 6 Plus-ის გაგრძელებაა. დავითი ისევ პოპმუსიკაში საკუთრი ფორმის და სტილის პოვნას ცდილობს - უმეტესი პოპშემსრულებლისგან განსხვავებით კი მუსიკის და ტექსტის ავტორი, პროდიუსერიც კი თავად არის. თუ ბოლო წლების ადგილობრივ პოპსცენას დავაკვირდებით, მსგავსი მცდელობების აშკარა სიღარიბეს შევამჩნევთ. ვინც ამას კარგად ახერხებს, ეს წლების განმავლობაში ალტერნატიულ სცენაზე მყოფი მუსიკოსები არიან, რომლებმაც დროის სვლასთან ერთად, მცირე აღიარებაც მოიპოვეს და დღეს უკვე სხვა მუსიკალური წრის შემადგენლობაში ირიცხებიან - ქმნიან პოპმუსიკას, ოღონდ საკუთარი დათქმებით და მინიმალური კომპრომისით. 


ხშირად მსგავს მუსიკოსებს პოპმუსიკის ნავში გადმოჯდომა უჭირთ - მათთვის ეს აუთენტიკურობის დაკარგვასთან და კომპრომისების ტალღასთან, შესაბამისად მუსიკალური იდენტობის დაკარგვასთან ასოცირდება, თუმცა არის შემთხვევები როცა ეს გზა გამართლებულია და დავით დათუნაშვილის აღნიშნული ალბომიც ამის მაგალითია.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ეს ქართული ალბომია, შეიძლება თბილისურიც კი, როგორც Goslab-ის კოლექტივის ჩანაწერები 20 წლის წინ. მსმენელისთვის შეიძლება მისი მოსმენა უჩვეულოც კი იყოს, ვინაიდან ჟღერადობის თვალსაზრისით ბევრ რამესთან ასოცირება გაჭირდება.


ალბომი თავისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე ბევრ ხმოვანებას იტევს: აქ შეხვდებით ინსტრუმენტალურ კომპოზიციებს, გიტარულ იმპროვიზაციებს, სოფტ-პოპ სიმღერებს და უფრო RnB/Soul-ის მსგავსს ბალადებს - რაც მათ აერთიანებთ, ეს „საუნდია“, მუსიკოსის ხელწერა, რომელსაც ათასიდან გამოიცნობ და გამოარჩევ. ცხადია, რომ ამ ფაქტურაზე საკმაოდ ბევრია ნამუშევარი და მსგავსი ჩანაწერის გამოსაცემად სამწლიანი სამუშაო პროცესი აუცილებელი და ძალიან ნაყოფიერი იყო. მეორე გამორჩეული ელემენტი „უპრეტენზიულობაა“ - იგი მარტივად ისმინება და 16 კომპოზიციის გასვლას დაკვირვებული ყურიც კი ვერ ამჩნევს. ეს დღევანდელ მუსიკალურ ლანდშაფტში გამორჩეული უნარია - მუსიკისადმი სამომხმარებლო დამოკიდებულების წინ წამოწევასთან ერთად, მსმენელის მიჯაჭვა და მისი დროის „დასაკუთრება“ ყველასთვის რთული ხდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე არა ცალკეულ კომპოზიციას, არამედ სრულ ალბომს ეხება. მესამე მახასიათებელი კი ის ჩურჩულის მსგავსი მღერის მანერაა, რომელიც მუსიკოსს ჯერ კიდევ Okinawa Lifestyle-ის პერიოდიდან დაჰყვება. მას ამ ალბომში მუსიკოსი ქართული ტექსტის ფილტრში ატარებს და ისე ასხამს ფორმას.

ფოტო: ლევან მაისურაძე

ალბომში ერთმანეთს ენაცვლება ამაღლებული, („სუპერმენი ცაში“, „ჩემი სამყარო“) სენტიმენტალური, („ღამე რა მშვიდია“, „ამდენი სიყვარული“, “ქალთევზი“) ხშირად ზღაპრისმაგვარი („სხვა პლანეტაზე მთავრდება“ „შენ თვალებს მე კვლავ მარიდებ“) სიმღერები, რომლებსაც პერიოდულად უფრო ფანკში გაზავებული RnB/Soul მელოდიზმი ემატება („თენდება, ღამდება მალე“, „ზღვა ღელავს და მე მგონია“, „მეფის ასულმა“) - მოკლედ, ხასიათობრივად ალბომი საკმაოდ დაბალანსებულია და ყველა განწყობის ადამიანი იპოვის მასთან გადაკვეთის გზებს. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ალბომის საერთო მუსიკალური გეზი და სენსიტიური, ოდნავ ვნებიანი ფორმა, ისეთ მსმენელს ეძებს, რომლისთვის მნიშვნელობა არა სამეტყველო ენას, არამედ მუსიკალურ ფორმებს ექნება. რა თქმა უნდა, ზრდის პოტენციალი აქაც დიდია, განსაკუთრები ტექსტებში, რომელიც მარტივი რითმებისგან შედგება, თუმცა პოპმუსიკის ერთიან დისკურსში მაინც ჯდება.

ალბომში ასევე აღსანიშნავია სწორად შერჩეული მუსიკოსთა და ვოკალისტთა წყება: „სუპერმენი ცაში“ (ანი ზაქარეიშვილთან ერთად), We Have a Cloud (Vinda Folio-სთან ერთად), „მე ყველაფერი მომწყინდა“ (თამარ დათუნაშვილთან ერთად) და B05 (ირაკლი აბრამიშვილთან ერთად), რომლებიც კომპოზიციებს მუსიკალურად ამდიდრებენ და მათში საკუთარი ელემენტები ისე შემოაქვთ, რომ დათუნაშვილის ძირითადი ჰაეროვანი ხაზიდან არ უხვევენ. სიმღერებს შორის გამჭოლად ისმის რამდენიმე ინსტრუმენტალური კომპოზიციაც („Starlet“ „Skepomeli Neli“), რაც ალბომის საერთო სტრუქტურას, მის სისადავეს განაპირობებს.

საბოლოო ჯამში, დავით დათუნაშვილის ალბომი წლის ერთ-ერთი კარგი ჩანაწერია - შეიძლება ეს არ არის გარღვევა მუსიკალური ფორმის თვალსაზრისით, მაგრამ ვინ თქვა რომ ეს აუცილებელია? კარგად არანჟირებული, ფორმაში სწორად მოქცეული ჩანაწერები, რომლებიც კონკრეტულ ხაზს ატარებენ, ქართული მუსიკის დიდი ხნის სატკივარია, დავით დათუნაშვილი კი ერთ-ერთია, ვინც ამ მოჯადოებულ წრეს არღვევს.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი