დეკემბერი 02, 2025
მუდმივად ვეძებთ,
წრეზე ვტრიალებთ,
პოეტის ძიებაში.
ღმერთივით
არ მოვმკვდარვართ.
ეს სიტყვები გამოფენის ერთგვარი ლაიტმოტივია, რომელიც ერთ-ერთი ავტორის, ტონი ჯასთის პოემის ნაწილია და მას ეკუთვნის.
ფოტოგრაფ დათო მესხის და ტონი ჯასთის ერთობლივი გამოფენა ფერწერის და ფოტოების ერთობლიობაა. ის, რომ წარმოდგენილი ექსპოზიცია კოლაბორაციაა, არტისტებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ მათ “მაძიებლობა” აერთიანებთ.
ჩვენ ორივე მაძიებლები ვართ. როდესაც დათოს ნამუშევრები ვნახე და აღმოვაჩინე, რომ ისიც ჩემსავით მაძიებელია, აღვფრთოვანდი და გამიხარდა. ისიც თავის ნამუშევრებში ისევე ეძებს და იკვლევს, როგორც მე.
ვფიქრობ, კოლაბორაციის წარმატების საფუძველიც სწორედ ეს არის, ამბობს არტისტი ტონი ჯასთი და იქვე ამატებს, რომ არტისტად ყოფნის ყველაზე დიდი სიხარული სწორედ ის არის, როცა არტისტებს შეუძლიათ გახდნენ მეგობრები და ერთმანეთი შთააგონონ. ასე რომ, მე და დათო კიდევ როდის ვითანამშრომლებთ, წინასწარ არასოდეს ვიცით.
ნამუშევრები, რომელთაც თიბისი კონცეპტის გალერეაში წარმოვადგენ, შარშან ბერლინში შეიქმნა. ისინი ეფუძნება ჩანახატებს, მოგონებებსა და შემთხვევითობებს.
დათო მესხის ფოტოებში ათლეტები ტანვარჯიშის ხალიჩის მიღმა ჩანან და შორს არიან თავდაპირველი საქმიანობისგან, სწორედ ამას ხედავს დამთვალიერებელი, როდესაც გამოფენას ათვალიერებს.
“მაძიებელი არის ის, ვინც ეძებს და ათვალიერებს. ამ გამოფენამ საშუალება მომცა, გადამეაზრებინა გამოსახულების შექმნის მიმართ ჩემი მიდგომა. ამ ნამუშევრებამდე ცვლილებების ძიებისას მივედი”, ამბობს დათო მესხი და აგრძელებს:
ჩემთვის ეს გამოფენა არის ის, რომ არ დავკარგო ინტერესი იმის მიმართ, რაც მიყვარს და რასაც წლებია ვაკეთებ. სულ მივაგნო სიახლეს, რამაც რეალურად მომიყვანა ამ გამოფენამდე.
ვინც ჩემი ძველი ნამუშევრები იცის, შეიძლება თქვას, რომ ესენი ცოტა განსხვავებულია, ახალი კიდევ ის არის, რომ თავიდან სოლო გამოფენის გაკეთება შემომთავაზეს, მე კი ტონისთან ერთად მუშაობა ვარჩიე, რადგან ვერ გავბედე ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ახლა კი თავდაჯერებულობა იმატებს და სწორედ ეს მგონია ძიების პროცესში ყოფნა, ეს არის მუდმივად განვითარებადი პროცესი, რომელსაც ხელოვანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ პროცესი მთავრდება, შემოქმედებაც იქ მთავრდება. შეიძლება ითქვას, ეს პროცესი რომ არ გაწყდეს, სწორედ მაგის ძიებაა ჩემთვის ეს გამოფენა.
გამოფენაზე დათო მესხის მხოლოდ ერთი ძველი ფოტოა წარმოდგენილი სამუზეუმო გამოფენიდან, როგორც ერთგვარი ღუზა, იდენტობა, რომ არ დაკარგოს კავშირი საკუთარ თავთან და გააგრძელოს შემოქმედებითი ძიება. ეს ფოტოა ერთგვარი გარდამავალი ხაზი ახალი ნამუშევრებისკენ.
დათო მესხის და ტონი ჯასთის ერთობლივი გამოფენა – “ჩვენ მაძიებლები ვართ” თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში 2026 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელდება.
ავტორი: ანი ვაშაგაშვილი
ფოტო: გურამ კაპანაძე