ლიტერატურა

ლიტერატურაში შემონახული დამოუკიდებლობის სურათები

"საბა"

მაისი 26, 2020


სულ რამდენიმე წელი შეიძლება იქცეს საუკუნედ, დროის კაფსულად, სადაც სულ სხვა ამბები ხდება. ლიტერატურა გვასწავლის, რომ დრო პირობითი ცნებაა, რომ შეიძლება 10 წლის ალყა მთელი საუკუნით გაიწელოს, ერთდღიანი მოგზაურობა საკუთარი თავის საძიებლად მთელ რომანად იქცეს, მარტოობის ასი წელი ერთ წიგნში ჩაეტიოს, ხოლო ერთმა პოემამ თავის თავში მოიქციოს უამრავი საუკუნე. ლიტერატურაში დრო პირობითია, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგჯერ ცხოვრებაშიც ასე ხდება. აბა, სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას ამბებისა და მოვლენების ის კალეიდოსკოპი, რომელიც სულ რამდენიმეწლიანმა დემოკრატიულმა რესპუბლიკაც დაიტია. ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ვინ დათვალოს ამბები...



გიოცნებიათ დროის მანქანაზე? თუ კი, რომელ ეპოქაში იმოგზაურებდით? 18-21 წლების საქართველოში არა? სიახლეების, თავისუფლების, ლიტერატურული და კულტურული ცვლილებების პერიოდში? დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, სადაც თეატრი, მხატვრობ, ლიტერატურა სრულიად ახალ სინამდვილეს ქმნიდა? ავანგარდისტულ-მოდერნისტული კაფეების ქალაქში, პოეტების ქალაქში.


„კაფე „ინტერნაციონალში“ იგი კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. კიდევ მეტი: გაიძახოდნენ – პოეზია მარტო თბილისშიაო. პაოლო იაშვილი სწორედ ამ ხანებში თავს დაეცა ტფილისს, როგორც არტურ რემბო პარიზს. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა მან, რომ ტფილისის აღება ბოჰემით და ლექსით უფრო ძნელია, ვიდრე პარიზის“.


ლეო ქიაჩელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მოსე თოიძე, ვარლამ რუხაძე, კოტე მაყაშვილი, მწერალთა კავშირი 1923 წელი.

ქალაქში, სადაც გუდიაშვილი ხატავდა, ცისფერყანწელები წერდნენ,ზდანევიჩი ხელოვნებაზე ლექციებს კითხულობდა, „ქიმერიონში“ ყველა დარგისა თუ მიმდინარეობის არტისტი იყრიდა თავს. პირველი ქართული ფილმის პრემიერა იმართებოდა, ოპერა, თეატრი, პანტომიმა ცოცხლობდა და მაყურებელს ვერ იტევდა.


იმ პერიოდის საქართველოზე მხატვრულ ლიტერატურაში ბევრს ვერაფერს ნახავთ, თუმცა, საბედნიეროდ, ლიტერატურა, როგორც დროის მანქანა, მაინც ახერხებს იყოს განუმეორებელი. რამდენიმე რომანსა თუ მოთხრობაში, დღიურებსა თუ ლექსებში, როგორც სარკმელში თუ შევიხედებით, ეპოქის ანარეკლების დანახვას მაინც მოვახერხებთ.



 პაოლო იაშვილი/არტურ რემბო


„ბარრიკადი“, „ცისფერი ყანწების“ „კვირეული“ გაზეთი - 1920 წელი, არტურ რემბოს „მთვრალ ხომალდს“ თარგმნის პაოლო იაშვილი.


„მთვრალი ხომალდი"





როცა უვნებო მდინარეებს გადავდიოდი

აღარ მათრევდენ, ამას ვგრძნობდი, მძიმე გიდები:

იღებდენ მიზნათ მათ მყვირალა წითელკანები,

და ტიტველ ტანებს მიაკრავდენ ფერად სვეტებზე.


მე არ ვზრუნავდი არავითარ ეკიპაჟებზე:

მიმქონდა ქერი, ფლამანდიის ინგლისის ბამბა,

როცა გიდებთან ერთად გაჰქრა დიდი ხმაური,

მდინარეები მე მაძლევდნენ მგზავრობის ნებას.


ცოფიან წყალთა ავ ზრიალში, მე იმ ზამთარში,

რომელიც იყო ყრუ ვით ტვინი პატარა ბავშის

მივქროდი!.. მიწა, კუნძულები დაშორებული

აღარა გრძნობდენ აურზაურს გაჩირაღდნებულს.



 მარო მაყაშვილი, პაოლო იაშვილი


მარო მაყაშვილის „დღიურები“ იმ ეპოქაზე ბევრს გვიყვება, ერთ-ერთი ეპიზოდი კი მაროს და პაოლოს გაცნობას ასახავს.




„პირველი მოქმედება რომ გათავდა, დავსეირნობდით. უცბათ, ოფ, სისხლი ამივარდა თავში. მივვარდი ქეთოს, ჩვენ წინ გაიარა პაულო იაშვილმა. მასთან ჩემი შორეული ნათესავი იყო. მე დავუკარი მას თავი. პაულომ შეამჩნია, რომ მე და ქეთო ხან ავუვლიდით, ხან – ჩავუვლიდით და ისე მიყურებდა, ძალიან გამიკვირდა. ესე ყოველ ანტრაქტზედ. მეოთხეთ რომ გამოვედით კოლიდორებში, ყველანი ერთად ვსეირნობდით. ბოლოს ერთ კუთხეში დავდექით. ჩვენ პირდაპირ დადგნენ პაულო, ტიტე ტაბიძე და ორი პოეტი. არ ვიცი მათი გვარი, და ჩვეულებრივ მათთან ნინა მაყაშვილი. მე ვდგევარ და ვწითლდები. ყველანი მე მიყურებენ: აქეთ გოგა, რუსია და ქეთო, აქეთ ელიჩკამ ხომ გამიწყალა “ოჰ, მარო, ნუ ღელავ! ნუ წითლდები, “кто больше всех волнуется” და სხვა.” მერე ისე ხმამაღლივ იძახდნენ, რომ იმათ ესმოდათ. მერე ჩაჩუმდნენ. პაულო ჰკითხავს ჩემზედ, ვინ არის ესო. ნინა მაყაშვილი ეუბნება: ეს კოტე მაყაშვილის ქალიაო. “კოტესი!” გაუკვირდათ და ყველანი მობრუნდნენ. დამიწყეს ყურება, პაულომაც. მე გავწითლდი, მოვავლე ხელი ქეთოს და გავიქეცით. წარმოდგენა რომ გათავდა, საშინელი წვიმა მოვიდა. თეატრის კარებებში ყველანი ვიდექით. უცბათ ვიღაცის ძალა ვიგრძენი, მივიხედე და ჩემ პირდაპირ პაულო სდგას და მიყურებს. მე გოგას ამოვეფარე. უცბათ დააბნელეს ისე, რომ სულ ვერავის ვხედავდით და მერე გაანათეს. ჩემ გვერდით ის იდგა. ჩვენ არ დავუცადეთ, მანამ წვიმა სულ არ გადაიღებდა და წამოვედით...“


1918 წელი, ჟურნალი პრომეთე, N1, აკაკი შანიძის ლექსი


„სამი ათას წელზედ მეტი გვიცხოვრია როგორც ერსა

მრავალ შავ დღეს მოვსწრებივართ,მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა,

უსიკვდილოდ არვის ვუთმობთ ჩვენს სამშობლოს მშვენიერსა“...

გვიმღერია, კვლავაც ვიმღერთ ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა“.



გალაკტიონ ტაბიძე, 1920 წელს გამოქვეყნებული ლექსი:


„გადმოფრენას ეს ყორანი

მადათოვზე აპირებს,

გაანათებს რესტორანი

ტივებიან ნაპირებს.

ასე მიდის ეს ზამთარი

სიზმარივით მდევარი,

ასე რეკავს საზანდარი -

უქმი, შემაქცევარი,

რომ ისმოდეს საიათნოვას

დაჟანგული ჰანგები,

მიეთოვოს, მოეთოვოს

კედლებს ფარშავანგები.“



ავტორი: saba.com.ge