ედუფინი

უსაფრთხოების რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის

სექტემბერი 09, 2021

დღეს სამყარო ძალიან სწრაფად ადაპტირდა ახალ სისტემაზე, რომელიც რეალობის დიდი ნაწილის ვირტუალურ სივრცეში გადანაცვლებას გულისხმობს. ჩვენ ყოველდღიურად ტექნიკური ოპერაციების უმრავლესობას ონლაინ ვახორციელებთ, რაც ნიშნავს შემდეგს: ჩვენ შეიძლება ვიყიდოთ ნივთი ისე, რომ მას ყიდვამდე არ შევეხოთ; ჩვენ შეიძლება დავხარჯოთ ფული ისე, რომ არ გადავთვალოთ კუპიურები; ჩვენ შეიძლება გავაგზავნოთ თანხა სხვა ანგარიშზე, ისე რომ ვერ დავინახოთ გზა,

რომელსაც ტრანზაქცია ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადასასვლელად გადის...


ასე ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი და სწრაფია, თუმცა ონლაინ სივრცესთან კავშირისას ზოგიერთი შეგრძნება ხანდახან „ამოვარდნილია“ ხოლმე. სწორედ ამიტომ, შეიძლება ადვილად მოვტყუვდეთ ვირტუალურ სამყაროში და გავებათ კიბერთაღლითების ხაფანგებში. ისინი ზუსტად ისეთ ადგილებშია დაგებული, სადაც ჩვენი რომელიმე შეგრძნება არ „მოქმედებს“, ანუ როცა აღქმა დასუსტებული გვაქვს.

მეტი სიზუსტისთვის უტრირებას მივმართოთ:


  • თუ ონლაინ მაღაზიას შევადარებთ დიდ სავაჭრო მოლს, კიბერთაღლითებს ძალიან მარტივად შეუძლიათ ააშენონ თითქმის იდენტური „სავაჭრო მოლი“, რომლის მისამართი ნებისმიერი „ბმული“ შეიძლება იყოს და არა ერთი კონკრეტული ქუჩის კონკრეტული ნომერი.


  • თუ ჩვენ ქუჩაში თავს ავარიდებთ უცნობი პირის უცნაურად მომხიბვლელ შემოთავაზებას, ვირტუალურ სივრცეში იმავე უცნობი პირის იდენტობა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მომხიბვლელი ლატარეის შეთავაზება, რომელიც ძალიან ჰგავს მანამდე ნანახ გათამაშებებს.


ასეთი ნიუანსები უამრავია. პარალელურად კი, კიბერთაღლითობის შედეგად მიღებული გლობალური ზარალი 2020 წელს 1 ტრილიონზე მეტი იყო, 2021 წლის ბოლომდე კი 6 ტრილიონი ზარალია ნავარაუდები.


ამ დროს, გამოსავალიც ძალიან მარტივია - თითოული ინტერნეტმომხმარებლის მეტი ყურადღება და სიფრთხილე პერსონალური მონაცემების გაზიარებისას. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს კიბერთაღლითობის მსხვერპლი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მეტი სიფრთხილით და ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს და დავიცვათ კიბერჰიგიენის წესები.


ამჯერად, კიბერ დამნაშაავეები ძირითდად სამი სქემით მოქმედებენ:


ფიშინგ ვებ-გვერდები და გათამაშებები:


კიბერ დამნაშავე ინტერნეტბანკის ანალოგიურ ყალბ ვებ-გვერდს ქმნიან და მას სოციალურ ქსელებში არეკლამებენ როგორც გათამაშების გვერდს, რომელშიც მომხმარებელს მონაწილეობისა და მოგების შანსი აქვს. თაღლითურ ვებ-გვერდზე პაროლის და სმს კოდის შეყვანის შემთხვევაში, კიბერ დამნაშავეს შეუძლია მიითვისოს თანხები მომხმარებლის საბანკო ანგარიშებიდან. 

თაღლითური მეილები:


კიბერ დამნაშავეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ბმულით ან მიბმული ფაილით ითხოვენ პერსონალური მონაცემების გაზიარებას. მათ მიერ გამოგზავნილ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ. 

თაღლითური sms და ზარები


კიბერ დამნაშავეები მოკლე ტექსტური შეყტობინებებით ან ზარებით ცდილობენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოპარვას. როგორ წესი, მათ თქვენი ბარათის მონაცემები და პაროლი აინტერესებთ. 

კიბერთაღლითებისგან თავის ასარიდებლად მხოლოდ და მხოლოდ მეტი დაკვირვება და სიფრთხილეა საჭირო. გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ფიშინგისგან:

 

  • ყურადღებით დააკვირდით იმ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან;


  • მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით.


  • დააკვირდით ელეტრონული ფოსტის გამომგზავნის მისამართს. ის შესაძლოა მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს რეალურისგან. შეადარეთ რეალური ვებ-გვერდის მისამართს. დააკვირდით ტექსტის შინაარსა და სტილისტიკას. როგორც წესი, კიბერ დამნაშავეები გაუმართავი ტექსტით წერენ ადრესატს;


  • არ გადახვიდე საეჭვო ბმულებზე და არ გახსნათ მეილზე მიბმული საეჭვო ფაილები;


  • თუ მეილს საეჭვოდ ჩათვლით, დაუკავშირდით კომპანიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე და დაადასტურეთ, რომ შეტყობინება ნამდვილად ამ კომპანიისგანაა მიღებული.


  • არასდროს გააზიაროთ თქვენი პაროლი ან პინკოდი. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი პაროლის მონაცემების გაზიარებას არ მოგთხოვთ;


  • თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პაროლი გამჟღავნდა ან თაღლითობის მსხვერპლი გახდით, დაუყონებლივ შეცვალეთ პაროლი და დაუკავშირდით ბანკს.

 

ინტერნეტით სარგებლობას თავის მუდმივად ახალ და დიდ შესაძლებლობებთან ერთად, სპეციფიკური უსაფრთხოების წესები აქვს. ზემოთ ჩამოთვლილი მარტივი რჩევების გათვალისწინებით შეგიძლიათ საკუთარი თავი სრულად დააზღვიოთ „უხილავი“ ხაფანგისგან, რომელიც ხილული სამწუხაროდ, მხოლოდ ამოქმედების შემდეგ ხდება.





ავტორი: ქეთი რაზმაძე