მალე, Soft Eject-ის ახალი ალბომი

Soft Eject ძველი შემადგენლობით და ახალი ალბომით დაბრუნდა. ვინ იფიქრებდა? ბოლოს პეჩო (ირაკლი ჭელიშვილი), ვახო ბაბუნაშვილი, გია ქარჩხაძე და ნოდარ მანჩხაშვილი სტუდიაში სიმღერებს ერთად რომ იწერდნენ, საქართველოს ჯერ კიდევ შევარდნაძე მართავდა.

Connecting Times ძირითადად ადრეულ წლებში შექმნილი სიმღერებისგან შედგება (ზოგი ჯერ კიდევ 80-იანების წლების შუაში დაიწერა), რომლებისთვისაც სტუდიური სახის მიცემა მხოლოდ ახლა მოახერხეს. 


იმას, თუ როგორ იქმნებოდა Soft Eject-ის ახალი ალბომი თავად ბენდის წევრები ყვებიან:

გია ქარჩხაძე:

"2014 წელს პეჩომ დამირეკა, რამე ხომ არ გაგვეკეთებინა ერთადო. „რამის გასაკეთებლად“, მინიმუმ სტუდია მაინც უნდა გვქონოდა, თორემ ასე ფორმიდან ამოვარდნილები ვერაფერს ვიზამდით. იქვე მოვილაპარაკეთ და მალევე ავიღეთ პატარა ადგილი, სადაც შემდეგ ნელ-ნელა სტუდია მოეწყო. რამდენიმე თვის შემდეგ უკვე სიმღერა Swinging Song-ის ინსტრუმენტალი ჩავწერე, რომელიც დღეს ჩვენს ახალ ალბომში შედის. თუმცა, მაშინ არც Soft Eject-ის აღდგენაზე და, მით უმეტეს, არც ალბომზე არ გვიფიქრია."

ვახო ბაბუნაშვილი: 

"ჯგუფს უამრავი დაუმთავრებელი მასალა გვქონდა. თავიდან გიამ სცადა თავისი ძველი სიმღერების ჩაწერა. ჩვენც ჩავერთეთ. ნოდარი დრამზე დაჯდა. მე ბასს ვუკრავდი. მაგრამ თავიდან ეს უფრო ზედაპირული ამბავი იყო."

ნოდარ მანჩხაშვილი: 

"როგორც ჩანს, იდეა ნელ-ნელა მწიფდებოდა. ერთმანეთთან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. მუსიკაშიც ვთანამშრობდით, ოღონდ თავიდან როგორც ინდივიდუალური მუსიკოსები და არა როგორც ბენდი. მერე კი „ოუფენ ეარზე“ გამოვედით..."

გია: 

"ფესტივალისგან შემოთავაზება წინა წლებშიც გვქონდა, მაგრამ უარი ვთქვით. მაშინ არანირი მოტივაცია არ არსებობდა. 2017 წელს კი უკვე საკმაოდ ვიყავით ერთად შესული მუსიკაში, ახალ ჩანაწერებს ვაკეთებდით და ამჯერად დავთანხმდით."

ვახო:

"მას შემდეგ, რაც ბოლოს სცენაზე ერთად ვიდექით ხოლმე ბევრი რამე მომეჩვენა განსხვავებულად. ცხოვრება გაცილებით იოლი გახდა, ტექნიკური საშუალებები ჩვენს მუსიკალურ მოთხოვნებზე წარმოუდგენლად შორს წავიდა. სცენიდან მომეჩვენა, რომ ხალხსაც უფრო ლამაზად ეცვა. აი, აუდიტორიის ემოცია კი არ შეცვლილა. ჩემთვის ყველაზე ემოციური მაინც იყო ის, რაც არასდროს დამინახავს ან მიგრძვნია სცენიდან. ისინი, ვინც ადრე მთლად ახლაგაზრდები ჩვენს კონცერტებზე დადიოდნენ, ახლა შვილებთან ერთად იყვნენ მოსულები და ერთად მღეროდნენ ჩვენს სიმღერებს. მშობლები და შვილები ერთად მღეროდნენ ჩვენს სიმღერებს! "

გია:

„ოუფენ ეარზე“ ვნახე უამრავი ახალგაზრდა, რომლებიც ტექსტებით ჰყვებოდნენ ჩვენს სიმღერებს. ჩემთვის იმის წარმოდგენა, რომ ამ წლების განმავლობაში თურმე ჩვენს ჩანაწერებს არა თუ უსმენდნენ, არამედ ტექსტებსაც კი იმახსოვრებდნენ, მართლა ძალიან მოულოდნელი იყო."

ვახო: 

"კონცერტის დროს რამდენჯერმე ტექსტი ამერია და აი სწორედ იმ ხალხის წყალობით აღვიდგინე რომლებიც აუდიტორიაში მღეროდნენ. იმდენად გაასწორა ფესტივალზე დაკვრამ, რომ მერე უკვე სტუდიაში მუშაობის იდეაც გაჩნდა."

ნოდარი: 

"პირველმა რეპეტიციამ უკვე გვაჩვენა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. პრაქტიკულად ძველებურ ფორმაში ვიყავით და ყველას ყველაფერი გვახსოვდა."

ვახო:

"შეგრძნება გვქონდა, რომ დრო საერთოდ არ გასულა. თითქოს გუშინ ღამე, ძალიან გვიან გამოვიხურეთ სტუდიის კარი და დღეს ისევ დავბრუნდით უკან ჩაწერის გასაგრძელებლად. ეს არ ყოფილა უცნობი მუსიკოსების შეკრება. კარგად გამოცდილი და ნაცნობი ხალხი შეიკრიბა ერთ სივრცეში და ისევ ისე კაიფობდა მუსიკით, როგორც ადრე."

გია:

"ერთად მუშაობა ისე გაგრძელდა, თითქოს პაუზას აუშვი ხელიო. არაფერი ახალი და განსაკუთრებული, ტექნიკური შესაძლებლობების გარდა. ეს ალბომიც „სოფთ ეჯექტის“ ბუნებრივი გაგრძელება - ხედვით, ჟღერადობით, და, მთლიანად, მუსიკალური კონცეფციით."

ვახო: 

"ჩემთვის ეს ალბომი შედგება სიმღერებისგან, რომლებიც უნდა აუცილებლად „მოგვეცილებინა“ თავიდან. „მოცილებაში“ უარყოფით შინაარს არ ვდებ. ეს სიმღერები უნდა “დაბადო” რომ მათ თავიანთი ცხოვრება დაიწყონ, თორემ ისინი ისე უბრალოდ ვერ იარსებებენ."

გია:

"ამ სიმღერებს ბედი ჰქონიათ. არა მხოლოდ ისე, ჩაწერის გარეშე არ დარჩნენ, არამედ მათში წლების განმავლობაში დაგროვილი ემოცია, სათქმელი და გამოცდილება ჩაიდო. შედეგიც გაცილებით უკეთესი გამოვიდა, ვიდრე ეს წლების წინ იქნებოდა. ალბომში შესული სიმღერებიდან ყველაზე ძველი, ალბათ, Goodbye Blackbird არის, რომელიც 20-21 წლისას მქონდა დაწერილი. მეორე სიმღერა, Silver Rain, სადღაც 22-23 წლისამ დავწერე. ანუ ეს ორივე სიმღერა 80-იანი წლების შუას ეკუთვნის. ორივე სიმღერა მუსიკალურად და სტრუქტურულად ზუსტად ისევე გავაკეთეთ, როგორც მაშინ დაიწერა და როგორც მაშინ წარმომედგინა. თუმცა, მაშინ ამ და სხვა სიმღერებს, რომლებიც ალბომშია შესული, ვერ გავაკეთებდით. არც ტექნიკა გვქონდა შესაბამისი და არანჟირების ცოდნა."

ვახო: 

"მთავარია, რომ დღეს ამ სიმღერებს თავისი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების საშუალება მივეცით. სიმღერები და იდეები კი კიდევ ბევრი გვაქვს და მალე შემდეგ ალბომსაც მივადგებით."

ავტორი: ნიკო ნერგაძე