აქტუალური მუსიკის ფესტივალი 2021 | შეჯამება

წელიწადზე მეტია, რაც მუსიკის მოყვარულები ცდილობენ, ნელ-ნელა დაუბრუნდნენ მათთვის საყვარელ საკონცერტო დარბაზებსა და სივრცეებს. ყველას მოგვენატრა ის საოცარი, იდუმალი წამი, როცა საკონცერტო სივრცეში მყოფი თითოეული ადამიანი სიჩუმის სიდიადეს შეიგრძნობს. შემდეგ კი, მოუთმენლად ელის მის დარღვევას და მუსიკალურ სიხშირეებში ჩაკარგვას. 

27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, საქართველომ ქართულ-შვეიცარიულ ფესტივალს - Close Encounters უმასპინძლა, რომელიც პირველი საერთაშორისო ღონისძიებაა 2020-ის პანდემიის შემდეგ. ფესტივალი ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა. 

ჩვენი თავგადასავალი

Leno Records-დან დაიწყო.

მუსიკა არა ნოტებში, არამედ მათ შორის არსებულ სიჩუმეშია.“ 

- ვ.ა. მოცარტი

Christian Müller-ის იმპროვიზაციამ სწორედ ამ იდუმალ სიჩუმეში შემოიყვანა გაბმული სიხშირე, წყვეტილი დანაწევრებული ტკაცუნით. კომპოზიცია შედარებით დაასტაბილურა ჰარმონიულმა ხაზმა, რომელმაც გზა გაგვიკვალა მის სივრცესა და ფანტაზიაში. აისბერგივით შემომავალმა სიხშირეებმა და ქაოტურმა წუილმა მთელი სისრულით მონუსხა მსმენელი. 

სიხშირულ და ტემბრალურ მრავალფეროვნებაში აღმოჩენილი შესრულების მინიმალისტური მანერა სრულიად დაარღვია მიხეილ შუღლიაშვილის ნაწარმოებმა Multiplication. კომპოზიტორისთვის მიძღვნილი საღამო მის მიერ საბჭოთა სიბნელეში შექმნილი ავანგარდული ნაწარმოებით გაგრძელდა, რომელიც 21-ე საუკუნისთვისაც ინოვატორული იდეებითაა სავსე.

სპეციფიკური სუნითა და მოწითალო აფიშებით მორთული Leno Records-ის სტუდია თითქოს ისეთივე მუსიკალური ოაზისია ძველი საბჭოთა შენობისთვის, როგორიც შუღლიაშვილის Multiplication იყო 70-იანების მიწურულს.

ფესტივალის ორგანიზატორის, თანადამფუძნებლისა და პიანისტის, თამარ კორძაიას, მიერ შესრულებული ნაწარმოები, თავდაპირველად, 12 ფორტეპიანოსთვის იყო დაწერილი. კომპოზიტორმა საბჭოთა უჰაერობაში უწყვეტი ქრომატიზმით შეგვიტყუა, რამაც ექსპონენციალურად გაზარდა ინტენსივობა და მსმენელი ნახევარტონებით გაჟღენთილ მორევში ჩაითრია. იმავდროულად, ყოველი ახალი აქცენტი მორიგ და მზარდ ქრომატიულ ციკლს უდებდა სათავეს, რომელიც ინერციით მოედინებოდა. კომპოზიტორმა ქრომატიული სპირალი შეკრა. ყველა ერთად დავუბრუნდით თავდაპირველ ნოტს. 

ქრომატიული მორევიდან Cathy van Eck-ის ნაწარმოებმა - Cheering for others makes you a leader გამოგვიყვანა.  უხერხულად კომიკური სცენა სრულიად ინდიფერენტული, უემოციო სახის გამომეტყველებით და საოცრად სასაცილო და გამამხნევებელი შორისდებულებით შეიქმნა. ეს უხერხულობა ბავშვის კისკისით განიმუხტა, რომელმაც თავს უფლება მისცა, თავისი გულუბრყვილო რეაქცია არავისთვის დაემალა, და, საბოლოოდ, მსმენელის სტიმულატორად იქცა. 

12 არხიდან შემოსული მარიამ ღვინიაშვილის Allotropy-მ სხვადასხვა სიხშირით ჰარმონიული ქაოსი შექმნა. ნაწარმოები სულების განგმირავ ამოძახილს ჰგავდა, ქუხილის თავზარდამცემ ხმებში გახვეულს, რამაც მსმენელს ბიძგი მისცა, პარალელურ სამყაროში ემოგზაურა. 

პირველი დღის დასასრულს, რეზო კიკნაძემ იმპროვიზაციულ თავგადასავალში წაგვიყვანა. მუსიკოსმა ელექტრონული ხერხი ბუმერანგად გამოიყენა, რომელიც მისგან გაშვებულ იდეებს ფორმასა და შინაარსს უცვლიდა. უკან დაბრუნებული პასუხი თანაბრად მოულოდნელი იყო როგორც მსმენელისთვის, ისე - შემსრულებლისთვისაც.  

28 ივნისის Close Encounters ახალი თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა. სამოთხეში - ამ სათაურმა და წითელმა ვაშლმა Cathy van Eck-ის ხელში  ინტერპრეტაციის თავისუფლება მისცა კონცერტის სახელწოდებით დაბნეულ მსმენელს. არტისტმა ერთი ჩაკბეჩით ხრაშუნა ატმოსფერული ხმოვანება შექმნა. მუსიკოსმა ელექტრონული ჟღერადობებით გამოხატა გემრიელი ლუკმის აკრძალული კონოტაცია, რამაც იმედის შეგრძნება გაგვიქრო. აკრძალული ხილის გასინჯვის შემდეგ კი, არტისტის მორიგი პერფორმანსი Song No. 3 კიდევ უფრო ცივი ემოციებით შეივსო. მის სახეზე დამაგრებულმა „შავმა ხვრელმა“ მსმენელის ყურადღება ადამიანის სხეულის ცენტრისკენ მიმართა და საფუძველი ჩაუყარა ახლად დაბადებულ ელექტრონულ ხმოვანებას. 

კონცერტის მსვლელობისას, სრულყოფილება ნელ-ნელა ჩამოიშალა. პიანისტმა თამარ კორძაიამ Peter Conradin Zumthor-ის I am out-ით მონოტონურ მინიმალისტურ ციკლში ჩაითრია მსმენელი. მუსიკოსის მიერ შესრულებულ ორ ნაწარმოებს შორის მსმენელმა ტაშის დაკვრა არ ჩათვალა საჭიროდ, რამაც დამარწმუნა, რომ პირველმა ნაწარმოებმა მედიტაციური გავლენა მოახდინა მთლიან აუდიტორიაზე. 

კონტრასტმა I am out-სა და Fifteen Minutes-ის შორის მსმენელი იძულებული გახადა, გულისცემის სიხშირე შეეცვალათ. არათანაბარმა და არასტაბილურმა რითმულმა ციკლმა, როგორც მუსიკოსი, ისე - მსმენელიც უკიდეგანოდ ჩაითრია. ამ ნაწარმოებმა სიმშვიდე უწყვეტ ინტენსივობაში მოიპოვა.

მსმენელი ერთად ელოდებოდა ინტენსიურობის ექსპონენციალურ ზრდას, რათა მიეღწია კულმინაციამდე, შემდეგ კი, მოულოდნელი ვარდნით, ჰქონოდა საშუალება, ემოციური ამოსუნთქვა შეეგრძნო. ობერტონების სიმძიმემ სიხშირის აისბერგი შექმნა, რომელმაც შემდეგ კულმინაციამდე გზა გაგვიკვალა, მაგრამ, ამჯერად, ინტენსიურობის აღმავალი სვლა ბევრად უფრო ხანგრძლივი იყო. ფორტეპიანომ შესძლო, მსმენელისთვის თავისი ჟღერადობის უზარმაზარი დიაპაზონი დაემტკიცებინა.

მეორე საღამო შვეიცარიაში მოღვაწე ტრიოთი Saeitenwind დასრულდა. მათ მიერ შესრულებული სამი ნაწარმოები Mischa Käser-ის 5 Phonisische Baccunicellen, Paul Clift- ის Astatine და Ezko Kikoutchi-ის Onibi უცხოდ საინტერესო მუსიკალურ ატმოსფეროს ჰქმნიდა. ხოლო ის უნიკალურობა, რაც ტრიოს პერფორმანსს ახასიათებდა, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებით გადმოიცემოდა. მუსიკოსების საკომუნიკაციო ხერხები კომპოზიციების შესრულების დროს მსმენელს ნუსხავდა. მათი ლიდერული ფუნქციები თანაბრად იყო დაბალანსებული, რაც კოლაბორაციის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. 

მესამე საღამო Christian Müller-ისა და Jacques Demierre-ის იმპროვიზაციით დაიწყო. არტისტების მუსიკალურმა ფანტაზიამ იქ მყოფ აუდიტორიას თავისებური ქაოტური ატმოსფერო შეუქმნა, რაც Cathy van Eck-ის Favourite Pieces in Cardboard Boxes-ით  გაგრძელდა. პერფორმანსში ამ საღამოს თითქმის ყველა მუსიკოსი მონაწილეობდა, რომლებმაც თითოეულ ყუთს თავისი საუკეთესო მუსიკალური მოგონება გაანდეს. მოგონებების ქაოტური ადგილმდებარეობა მუყაოს ყუთებში თამარ კორძაიამ რობერტ შუმანის Ghost Variations-ის თემის მშვიდი კადანსით დაასრულა.

კონცერტის ბოლოს ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო გორის ქალთა გუნდის კოლაბორაცია ახალგაზრდა ქართველ ელექტრონული მუსიკის არტისტებთან: ანუშკა ჩხეიძე, სანდრო ჩინჩალაძე, გიორგი კობერიძე და ალექსანდრე კორძაია. ექსპერიმენტულ ჟღერადობებთან შერწყმულ გორის ქალთა გუნდის ტრადიციულმა ტკბილხმოვანებამ მუსიკალური ენის ახალი შრე შექმნა. ამასთან ერთად ახალგაზრდა მუსიკოსების უნიკალური იდენტობა ძალიან აშკარა და გასაგები იყო მსმენელისთვის. სასიამოვნო საყურებელი იყო მუსიკოსების გულწრფელი კოლაბორაცია და ენთუზიაზმი ერთმანეთის მიმართ. კონცერტი დასრულდა გორის ქალთა გუნდის მოულოდნელი პერფორმანსით, როდესაც მათ მეგრული, გურული და აფხაზური ფოლკლორული მრავალხმიანობის ნიმუშები გააჟღერეს.

ფესტივალის მეოთხე დღე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდა. კონცერტი პიანისტის, Jacques Demierre-ის, უნიკალური და არატრადიციული საფორტეპიანო ტექნიკით გაიხსნა, რომელიც გლუვ უწყვეტობას ქმნიდა. აღსანიშნავია ის დეტალი, რომ წინა დღეებისგან განსხვავებით, ზედმეტად კაშკაშა დარბაზი მსმენელს თითქოს საშუალებას არ აძლევდა, ემოციური კავშირი დაემყარებინა თითოეულ კომპოზიციასთან და შემსრულებელთან. 

კონცერტის მსვლელობასთან ერთად, ფესტივალის ერთგული მსმენელისთვის გარემო შედარებით მყუდრო გახდა უკვე ნაცნობი მუსიკოსების სცენაზე დაბრუნებით. ტრიო Saeitenwind-მა Artur Akshelyan-ის Music for Trio შეასრულა. ნაწარმოების ქართულმა პრემიერამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მათ საოცარ პროფესიონალიზმსა და კოლაბორაციის მუსიკალურობაში. 

ტრიოს ჩელისტმა Karolina Öhman-მა Thomas Wally-ის 2021 წლის Werk შეასრულა. მუსიკოსის უნაკლო და ძალდაუტანებელმა ტექნიკამ თავისებური ჰაეროვნება შესძინა სმენისმიერ გამოცდილებას. საქსაფონისტმა Jonas Tschanz-მა და აკორდეონისტმა Olivia Steimel-მა Thomas Kessler-ის Lufttore-ით მუსიკალური დიალოგი შექმნეს ნოტების მიღმაც, რაც საქსაფონისტის ჩასუნთქვითა და აკორდეონის შინაგანი ამოსუნთქვით მოიცემოდა. 

ღონისძიება თამარ და ნინო ჟვანიების დუეტით გაგრძელდა. მათ Alfred Zimmerlin-ის Stillstandbild შეასრულეს, რომელიც დიდი დოზით არატრადიციულ საფორტეპიანო დაკვრის ტექნიკას მოიცავდა. განსაკუთრებით, საინტერესო იყო კამერტონის როლი მათ შესრულებაში. 

კონცერტი დასრულდა ნატალია ბერიძის ნაწარმოების - Letters from Risi - პრემიერით. მუსიკოსმა ნაწარმოების ინსპირაცია 2020 წელს შვეიცარიაში მოგზაურობის დროს მიიღო. განსაკუთრებით ემოციური იყო ნაწარმოების პრემიერა, როცა კომპოზიტორიც ერთ-ერთი მსმენელთაგანი იყო. „წერილები რისიდან“-ის ბაროკოს ხასიათითა და ჟღერადობით გაჟღენთილი მელოდიური მონაკვეთები ამოზრდილ რიტმულ ციკლებს უპირისპირდებოდა.

მუსიკალური მოგზაურობის ბოლო გაჩერება

პირველ ივლისს, Close Encounters-ის ბოლო დღეს, გორში მსმენელთა ნაწილს კიდევ ერთი შანსი მიეცა აღმოეჩინა საოცარი არტისტები და მუსიკალური სამყაროები, ხოლო მათ ვისაც თბილისში უკვე ჰქონდათ მსმენელის გამოცდილება, შეეძლოთ, ერთხელაც ემოგზაურათ იმ მრავალფეროვან მუსიკალურ შრეებში, რასაც თითოეული მუსიკოსი ასე გულწრფელად ქმნის.

Close Encounters-ის წლევანდელი ფესტივალი კიდევ ერთი დასტურია იმ იდეის სილამაზისა, თუ რამდენად საინტერესო სივრცე შეუძლია შექმნას ორმა სრულიად საპირისპირო ხასიათის მუსიკალურმა იდენტობამ.

ავტორი: ანა ვაშაყმაძე

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე