ლიტერატურა

ცისფერყანწელები და პოეზიის დედაქალაქად ქცეული ტფილისი

„საბა"

მაისი 24, 2021

1918 წელს საქართველო დამოუკიდებელი ხდება, დიდი ხნის ნაოცნებარი ახდა, ქვეყანა თავისუფალია, თავის თავს თვითონ ეყუდვნის, აქვს დიდი იმედები და ძალიან ბევრი სირთულე.

ამ წელს მეორე დიდი ამბავიც აღინიშნა, ოღონდ ლიტერატურული. „ცისფერყანწელთა“ ორდენის პოეტები ქუთაისიდან თბილისში გადმოდიან და თბილისი პოეზიის დედაქალაქი ხდება.


1915 წელს ქუთაისში ჩამოყალიბებული პოეტური ორდენი სიმბოლისტ პოეტებსა და პროზაიკოსებს აერთიანდებდა, რომელთაც ქართული ლიტერატურის ევროპულ რელსებზე გადაყვანა სურდათ. ეს იყო ხანა პოეტური ექსპერიმენტების, სიახლეების, ეპატაჟის და გაბედულების, ცოცხალი, მჩქეფარე ლიტერატურული პროცესი.

გაერთიანებამ სახელწოდება მიიღო თავისი პირველი ბეჭდური ორგანოსგან "ცისფერი ყანწები". სახელწოდებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ცისფერი აღიქმებოდა როგორც პოეზიის ფერი, ყანწი კი - ბოჰემური ცხოვრების, ქართული ხასიათის სიმბოლო იყო. სამკერდე ნიშნად პოეტებს მამლის დეზები ეკეთათ, რაც ცისფერი ყანწის ასოციაციას იწვევდა. თუმცა ამ სახელწოდებას სხვა ისტორიაც აქვს, ელენე ბაქრაძე, ავტორი ან თანაავტორი დარიანული ლექსების ციკლისა, იგონებს:


„სუფრას და ჭურჭელსაც მთვარის შუქზე მოედო ისეთი საზღაპრო ნაზი, ლურჯი ფერი, ისეთი სიწყნარე სუფევდა ბუნებაში, რომ, მშვენიერებას ზიარებული თუ უზიარებელი, ყველა წუთით გაჩუმდა. თითქოს უსმენდა სამყაროს სიდიადეს. ჩვენმა დიასახლისმა პატარა თეთრი ყანწები მოიტანა. პაოლომ აავსო ყანწი და ასწია მაღლა. ცისფრად გამოეყო ჰაერში თეთრი ღვინით ავსებული ყანწი, რადგან მე სხვას არაფერს ვაკეთებდი, ვუმზერდი პაოლოს, თვალში მომხვდა იგი და წყნარად წარმოვთქვი: „ცისფერი ყანწი!“ პაოლოც დააკვირდა და უეცრად წამოიძახა: „ევრიკა, ელლი, ცისფერი ყანწი!“ მერე ზეზე წამოდგა, მთვარის შუქს შეუშვირა ყანწი და იმეორებდა: „ცისფერი ყანწი, ცისფერი ყანწი“.

ჯგუფის წევრები იყვნენ გრიგოლ რობაქიძე , ტიციან ტაბიძე,   პაოლო იაშვილი , ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, ლევან მეუნარგია, ალი არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი,  შალვა კარმელი.


როგორც ერთ-ერთი ცისფერყანწელი, შალვა აფხაიძე წერს: „განთავისუფლებულ საქართველოში ხელოვნების რენესანსის სათავე ახალმა სკოლამ - სიმბოლიზმმა დაიკავა ხელში. იგი სხვა გზას ვერ აირჩევდა“.


თბილისი გახდა „ფანტასტური“, „ფანტასტიკური დუქანი“ თუ კაფე „ქიმერიონი“ პოეზიის ხმებით გაივსო. სხვადასხვა სცენასა თუ ლიტერატურულ სივრცეში ლექსებს კითხულობენ პოეტები, სიმბოლისტები, ფუტურისტები, დადაისტები... ხელოვნებას მოუცავს ქალაქი, ეს კავკასიის პარიზი.

გრიგოლ რობაქიძე ამ პერიოდს ასე აღწერს:


„ტფილისი გახდა პოეტების ქალაქი. კაფე „ინტერნაციონალში“ იგი კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად, კიდევ მეტი: გაიძახოდნენ – პოეზია მარტო ტფილისშიაო. პაოლო იაშვილი სწორედ ამ ხანებში თავს დაეცა ტფილისს, როგორც არტურ რემბო პარიზს. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა მან, რომ ტფილისის აღება ბოჰემით და ლექსით უფრო ძნელია, ვიდრე პარიზის. ტიციან ტაბიძე ორპირის ჭაობში და მალარიაში ლაფორგის მთვარის სიყვითლეს ხედავდა და ლექსებში მასავით უყეფდა ამ ყბად-აღებულ მნათობს. მას ისიც ეგონა, რომ ორპირის ყანჩი ლოტრეამონის „მალდარორივით“  დაიწყებდა დითირამბულ მონოლოგებს. გრიგოლ რობაქიძეს ამ დროს მხოლოდ ორი რამ აწვალებდა: აპოკალიპსი და დიონისო. ამავე დროს ამზადებდა იგი „ორღობის ეშაფოტს“ და „პატმოსის რიტმებს“. ქვეყანა მართლაც იქცეოდა – და მხოლოდ ტფილისი იყო ერთად ერთი ქალაქი, რომელიც ამ ქცევას პოეტური მღერით ხვდებოდა – (უდარდელობით ხომ არ აიხსნება – აღმოსავლურით თუ ქართულით?)“.

იმ პერიოდის ლიტერატურულ პერიოდიკაში, რომლის მრავალფეროვნება დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო გასაკვირია, იბეჭდება ცნობები იმ ლიტერატურული ცხოვრების შესახებ, რომელიც ამ დროს თბილისში ჩქეფს. ლიტერატურული პერფორმანსები, ლექსების კითხვა ( სადაც ხშირად, ცისფერყანწელებთან ერთად გალაკტიონიც მონაწილეობს), საიუბილეო საღამოები, ლიტერატურული კონფერენციები, ლიტერატურული სპექტაკლები და სხვა. უცნაური პარადოქსია, დამოუკიდებელი რესპუბლიკა ყოველდღიურ განსაცდელშია, ქვეყანაში მრავალი პრობლემაა, თუმცა თავისუფლების იდეა, დამოუკიდებელი, ევროპული სახელმწიფოს შექმნის პესპექტივა კულტურასაც ასაზრდოებს, ეს კულტურის რენესანსია, ყველა სფეროში ახალი და განსაკუთრებული პროცესებია, ლიტერატურაშიც, მათ შორის.


ავტორი: „საბა"