მუსიკა | ცა

Circus Mircus-ის სადებიუტო ალბომი Furore/Fiasco

ნოემბერი 27, 2023

არც ისე დიდი ხნის წინ Circus Mircus მუსიკალურ სცენაზე მასკარადის პერსონაჟების მიერ შესრულებული როკ მუსიკით გამოჩნდა. შემდეგ საქართველოს სახელით შაპიტო Circus Mircus გრანდიოზული შოუთი წარსდგა ევროვიზიაზე. ამას მოჰყვა მათი მეტამორფოზა და მუსიკალური სცენისთვის კარგად ნაცნობი სახეები უკვე ნიღბების გარეშე სხვადასხვა ჟანრის სინგლებს აქვეყნებდნენ. 2023 წელს კი, 11 ბილიკიანი სრულფასოვანი სადებიუტო ალბომი შემოექმნათ.

ასე მოხდა ეს ამბავი:


Circus Mircus-მა, განვითარების მესამე წელს ურბანული სივრცისგან სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი დისტანცირება და შემოქმედებითი წვა გადაწყვიტა. ორი კვირით, ოთხი მეგობარი კნუტის და აპარატურის თანხლებით ყოველგვარი წინასწარი მოლოდინის გარეშე ქალაქგარეთ გადასახლდა. იქ დახვდათ სიჩუმე, სიმშვიდე და ერთფეროვანი ნახევარფაბრიკატები (რომ ვკითხე ამ ორი კვირიდან საუკეთესოდ რა ახსენდებოდათ, ლუკა ნაჭყებიას სტუმრობამ გაიმარჯვა). ამბობენ, რომ პირველ დღეებშივე სირთულეების გარეშე დაიწერა სიმღერების უმეტესობა, ერთადერთი რაც გაუჭირდათ, ქართული ტექსტების წერა იყო. მეც მაინტერესებდა, როგორ გააჟღერებდნენ ემოციებს ქართულად ინგლისური ენის ჟღერადობას მიჩვეულები. მოკლედ ვულოცავ ბენდს მნიშვნელოვან მოვლენას - სადებიუტო ალბომს.

ვიდრე მოსმენას დავიწყებდი ალბომის ყდა დავინახე. სოც. ქსელებში გავრცელებულ ცრურწმენაზე დაფუძნებულ გასართობს ჰგავდა - „რომელ პირველ სამ სიტყვასაც დაინახავთ, ის გელოდებათ მომავალში!“ Circus Mircus ამოვიკითხე მე და შემდეგი რამდენიმე დღე მართლაც ეს ამიხდა. რაც შეეხება კონტროვერსიულ სათაურს -Furore/Fiasco - წინათგრძნობას მიჩენს, რომ ეს ალბომი სევდის და სიხარულის ლოგიკურ თანაარსებობაზეა, რაც ალბომის გამხსნელ სიმღერაში Up is down ვლინდება.

ჩავრთე, მოვუსმინე, საცეკვაოდ გამოვცადე, მერე მისი თანხლებით ვხატე, ვწერე, ბოლოს უბრალოდ ჩაის ვსვამდი და ვუსმენდი. გავიღვიძე, ვისაუზმე და ისევ ჩავრთე, უკვე ყველა ტრეკი ვიცი, ჩემი ფავორიტებიც მაქვს (Now, Saxx, Domestique). ისე გავშინაურდი ამ ალბომთან, რომ ტრეკებითაც წავითამაშე: პირველ 5-5 წამს ვუსმენდი და მრავალფეროვანი ჟღერადობა მართობდა. სირკუსი მირკუსობს, უცვლელია სტილიც, რომელსაც მელოდიურობა, ჰიბრიდული ჟანრები და პატარ-პატარა ნიუანსები ახასიათებს, როგორიც chiptune-ის (უხეშად - ვინტაჟური ვიდეოთამაშების მუსიკა) ჟღერადობაა. ალბომში შესული ტექნიკურად სწორად აწყობილი სიმღერების მოსმენისას ასოციაციური თამაშის აზარტი მიპყრობს. Mika-ს, Air-ის, Radiohead-ის და კიდევ უამრავ ვინმეს მახსენებს. ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოს მუსიკალური სცენისთვის ახალია ის მუსიკა, რასაც ეს ბენდი გვთავაზობს, თუმცა საქართველოში ეს ნიშა, ვფიქრობ, მათ მოირგეს.

რითია შთაგონებული და რას შეხვდებით ალბომში:


* სიყვარულით ნასაზრდოებ მელოდიურ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მსუბუქად მოსასმენ სიმღერებს.

* ქართული ტექსტით, ენერგიული, რიტმული მელოდიით და საპროტესტო მუხტით გადმოცემულ პატრიოტულ განწყობას. 

* ყოველდღიური ყოფის აღმასვლებს, დაღმასვლებს და ნოსტალგიებს.

* მოულოდნელ აკუსტიკურ ექსპერიმენტებს.

* არაპოპულარული მეტალ ბენდის ქავერს თავისი სახასიათო grawl-ებით (Tenderizer).

* კნუტზე დაწერილ საბავშვო სიმღერას, კრუტუნით და ტყის ხმებით აკომპონირებულს, რომელიც 2 კვირიანი სრული გადასახლებით და თანაცხოვრებაში მიღებული სიამოვნებით შეიქმნა.

* თამაშების და სლოტების რვაბიტიანი ეფექტებით გართობას.

* ორ აბსოლუტურად განსხავებულ ნაწილიან, ნოსტალგიის შეგრძნებით შექმნილ „ამერიკის ხმას“.


ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ალბომი სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების მქონე მსმენელისთვის იქნება საინტერესო.

9 ინგლისურენოვან და 2 ქართულენოვან ჟანრობრივად მრავალფეროვან სიმღერას რამდენიმე კლიპიც ახლავს ბონუსად. იშვიათია აუდიოვიზუალირად ამდენად მოცულობითი ალბომი საქართველოში და ერთმნიშვნელოვნად დადებითია ეს ამბავი. გამოვარჩევდი კლიპს - Now , რომელიც ნიკა მაჩაიძის მარტივი იდეის იდეალური შესრულებაა. ნამუშევრების გაცნობისას ვერ იტყვი, რომ ქართულ პროდუქტთან გაქვს საქმე, რაც არც კარგია, არც ცუდი. მე ძალიან მიყვარს ჩემთვის ნოსტალგიური, მშობლიური მოტივების და ჟღერადობის ახალ კონტექსტში ამოცნობა.

Circus Mircus მუსიკის უთვალავ ახალ და ძველ ჟანრში ლავირებს, ატარებს ექსპერიმენტებს. ბენდის წევრები ერთადაც და ცალ-ცალკეც ძიების პროცესში არიან, მათ პროდუქტის დახვეწაში მეგობრებიც იხმარებიან. ბენდის წევრების მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ჯგუფებში სხვადასხვა დროში, პროფესიონალიზმი და ინტუიცია ჰარმონიული, დალაგებული პროდუქტის გარანტი ხდება. სუბიექტური შეფასებით ამ ალბომში ემოციური მაგნეტიზმი დამაკლდა, სამაგიეროდ ბევრი მოულოდნელი, ჰარმონიული და დაბალანსებული ჟღერადობით ვისიამოვნე. ვიღაცისთვის მუსიკის ხიბლი სულ სხვა რამეა და სულ სხვა ნიუანსებით იღებს სიამოვნებას, ამიტომ რა იქნება Circus Mircus-ისთვის ეს ალბომი ფურორი თუ ფიასკო, ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ ალბომის ჩაწერა და გამოქვეყნება ბენდისთვის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი და ახალი ეტაპია. მე კი მანამდე ლაივს დაველოდები, რომ ყოველი სიმღერის პირველ წამზევე სასიამოვნოდ გამახსენდეს ჩემი და Furore/Fiasco-ს ოთხდღიანი უწყვეტი თანაცხოვრება. ა, კიდევ ქართულ ენაზე დაწერილ სინგლებსაც დაველოდები.

P.S. სანდრო სულაქველიძისთვის, ბენდის ერთ-ერთი წევრისთვის, ნამდვილი Circus Mircus-ის სიმღერა Katten Knutten-ია. ეს ფაქტი უბრალოდ მომწონს, არც ჩავუღმავდები რატომ.

ავტორი: ქეთი ბზიკაძე