ლიტერატურა

ლიტერატურული შთაბეჭდილებების ზაფხული

„საბა"

ივლისი 26, 2021

წელს უცნაური ზაფხული გვაქვს. წავიდეთ? არ წავიდეთ? ჩაგვკეტავენ? არ ჩაგვკეტავენ? რამე გვეშველება? არ გვეშველება? დასრულდება ეს პანდემია? არ დასრულდება?

სინამდვილეში, არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვაზე არ გვაქვს ზუსტი პასუხი. თუმცა არის რაღაც, რასაც ბევრი კითხვა სულაც არ სჭირდება - წავიკითხოთ? არ წავიკითხოთ? რა თქმა უნდა, წავიკითხოთ.


წელს წიგნი მხოლოდ თვალსაწიერის გაფართოება, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, ლიტერატურით სიამოვნების მიღება კი არაა, არამედ ყველაფერი ისაა, რისგანაც თავს ვიკავებთ პანდემიური რეჟიმის გამო - მოგზაურობაა, ახალი ადამიანების გაცნობა, მხიარული თავშეყრა... ზოგჯერ გეტსბის წვეულება თუ ნატაშა როსტოვას პირველი მეჯლისი შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე რეალური წვეულება, ვინ იცის?


მოკლედ, ამ ზაფხულს წიგნები აუცილებლად უნდა წავიკითხოთ. მითუმეტეს, რომ ძალიან მარტივად და კომფორტულად, ზედმეტი დანახარჯის გარეშე საინტერესო წიგნების წაკითხვა ელექტრონულად შეგიძლიათ, „საბაზე“. მაშ, ასე:

სტატიას ორნაწილიანი ჩამონათვალი ექნება, წიგნები უფროსებისა და პატარებისთვის. საინტერესო საკითხავი ხომ ყველას გვჭირდება.

საკითხავი უფროსთათვის:

ზაფხული შესაფერისი დროა, თქვენთვის აქამდე უცნობი და ძალიან მაგარი ავტორი აღმოაჩინოთ. ქართველმა მკითხველმა ახლახანს ხელახლა წაიკითხა ზაირა არსენიშვილი, აღმოაჩინა და აღფრთოვანდა. ვფიქრობ, ასეთივე აღფრთოვანებას დაიმსახურებს ქართული პროზის მივიწყებული ოსტატი, ვოვა სიხარულიძე, რომლის მოთხრობების კრებული „მეათე მოწმე“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

ვოვა სიხარულიძე - მეათე მოწმე

„ვოვა სიხარულიძის ყველაზე ცნობილი მოთხრობა, „მეათე მოწმე“, პირველად 1967 წელს გამოქვეყნდა. მერეც არაერთხელ დაიბეჭდა ავტორის კრებულებსა თუ სხვადასხვა ანთოლოგიებში, თუმცა ყოველთვის, ყოველ ჯერზე, ამ მოთხრობის გამოქვეყნებას თან ახლდა მთიდან დაგორებული უზარმაზარი ლოდის ეფექტი.“ - წერს ჯიმშერ რეხვიაშვილი მწერლის შესახებ.

კარლ სეიგანი - კოსმოსი

ამ ზაფხულში აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ერთი წიგნი კოსმოსზე, მითუმეტეს, რომ „სულაკაურის გამომცემლობამ“ შესანიშნავი წიგნი გამოსცა. კარლ სეიგანის „კოსმოსი“, რომელიც ფერადი თუ შავ-თეთრი რარიტეტული ილუსტრაციებითა და ფოტოებითაა გაჯერებული, კოსმოსის თოთხმეტი მილიარდი წლის ხანგრძლივობის ევოლუციაზე მოგვითხრობს. ავტორი ყველასთვის გასაგები ენით გვიამბობს პატარა ცისფერი პლანეტის მნიშვნელობასა და მიღწევებზე, რომლის ბინადრებიც ეს-ესაა იწყებენ სამყაროში საკუთარი დანიშნულების ძიებას და კოსმოსის უკიდეგანო ოკეანეში მოგზაურობას.

ქეთი ნიჟარაძე - მზიანი მხარე

ეს ზაფხული თუ ლიტერატურული შთაბეჭდილებებისა უნდა იყოს, მაშინ გამომცემლობა „მელანის“ ახალი წიგნი, ქეთი ნიჟარაძის მემორიალური კრებული „მზიანი მხარე“ უნდა წაიკითხოთ, ქართველი მკითხველის თვალს მიფარებული, უნიჭიერესი და მგრძნობიარე მწერალი ქალი, რომელიც ახლა უკვე სხვა თაობის მკითხველს ელის...

რობერტ მუზილი - ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა

უფროსებისთვის განკუთვნილი ჩამონათვალის ბოლო წიგნი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა წაიკითხოთ. „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ უდიდესი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880 - 1942) პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა.


მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას. წიგნი მაია ბადრიძემ თარგმნა და გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა.

 

საკითხავი უმცროსებისთვის:

ბავშვებისთვის წიგნების შერჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია. პანდემიისა და იზოლაციის შედეგები ხომ მათზე ყველაზე რთულად აისახა, საბავშვო ლიტერატურა კი თერაპიის საუკეთესო საშუალებაა.

მარიანე კაურინი - ჩვენი სამხრეთი

მარიანე კაურინის „ჩვენი სამხრეთი“ ის წიგნია, რომელიც ამ ზაფხულს განსაკუთრებით მოუხდება, ბევრ ჩვენგანს, განსაკუთრებით ბავშვებს ხომ მხოლოდ წარმოსახვის დახმარებით შეუძლია საოცარ მხარეებში მოგზაურობა. „ჩვენი სამხრეთი“ მოგვითხრობს მეგობრობის, სიყვარულის, გულწრფელობისა და სიმართლის მნიშვნელობაზე; გვაჩვენებს, თუ რა ძალა აქვს ადამიანის წარმოსახვის უნარს. მკითხველს საოცრად საინტერესო არდადეგები ელის ინასთან და ვილმერთან ერთად. წიგნი „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა უკვე კარგად ცნობილი სერიით - „აირჩიე სიკეთე“.

ხოგაის მინდი

გამომცემლობა „არტანუჯს“ წელს ბავშვებისთვის ბევრი საინტერესო სიახლე აქვს, მათ შორისაა ქართული მითების სერია, რომლის ახალი წიგნი „ხოგაის მინდი“ ამ ზაფხულის აუცილებელ საკითხავებს შორის უნდა მოიაზროთ (წიგნის მაღაზიებში ის აგვისტოს ბოლომდე გამოჩნდება). ხოგაის მინდი ქართული ფოლკლორის გამორჩეული გმირია. ვისი გვარისა იყო ხოგაის ვაჟი არავინ იცის, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მინდის სახელი და საგმირო საქმენი დღემდე თაობიდან თაობას გადაეცემა.


ზღაპარი კეთილი დასასრულით დაფუძნებულია შემონახულ თქმულებებსა და ცნობებზე და ხოგაის მინდის საინტერესო და ხიფათიან თავგადასავალს გვიამბობს.

ვირჯინია ვულფის ზღაპრები

გამომცემლობა „პალიტრა L“ მრავალფეროვანი საბავშვო გამოცემებით გამოირჩევა, თუმცა ერთი სერია, „კლასიკოსები ბავშვებისთვის“ სრულიად განსაკუთრებულია. ამ სერიაში იმ ავტორების საბავშვო ტექსტები შეგხვდებათ, ვისგანაც სულ არ მოელი, რომ საბავშვო ნაწარმოებს დაწერდა... ბრედბერი, ფოლკნერი, ჯეკ ლონდონი... ამ ზაფხულისთვის ვირჯინია ვულფის ზღაპრები შეგირჩიეთ, პოეზიით სავსე ულამაზესი ტექსტები, როგორ იქცევა მძინარე გადიას ფარდა ჰაერად და წყლად, სივრცედ და ქალაქად, მოკლედ, „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“, როგორ ცოცხლდებიან ცხოველები, ულამაზესი დეტალები და უკარგესი ტექსტი, თანაც ნანა მელქაძის ილუსტრაციებიც თვალს ახარებს.


ავტორი: „საბა"