ლიტერატურა სიახლეები

აქ.ახლა მოემზადე წიგნის ფესტივალისთვის

„საბა“

სექტემბერი 22, 2020

25 სექტემბერს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ისევე როგორც მაისში, ეს ფესტივალიც ონლაინ ჩატარდება და მასში ყველა დიდი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას უამრავი ახალი წიგნითა და საინტერესო მოხსენებებით. თუ არ გახსოვს, შეგახსენებთ, წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა განხორციელდება ვებგვერდზე www.gpba.ge.


ტრადიციისამებრ ჩვენ შენთვის რეკომენდაციები მოვამზადეთ. ამჯერად, უშუალოდ გამომცემლობებს ვთხოვეთ, რომ მათი გამოცემული უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნიდან მხოლოდ ორი შეერჩიათ, სკოლის მოსწავლეთათვის და სტუდენტებისთვის და აი, ასეთი საინტერესო ჩამონათვალი მივიღეთ.



მოსწავლეებისთვის:


დერეკ ლენდი - დეტექტივი სკალდაგერი

თორმეტი წლის სტეფანის მოსაწყენი ცხოვრება მოუდლოდნელად თავდაყირა დგება, როცა ბიძამისი – მოულოდნელად გარდაიცვლილი მწერალი გორდონ ეჯლი გოგონას თავისი ქონების უდიდეს ნაწილს უტოვებს. მარგამ გოგონას მემკვიდრეობით მხოლოდ სიმდიდრე როდი ერგება – იგი ერთბაშად ამოყოფს თავს უჩვეულო, იდუმალებით მოცულ სამყაროში, რომელშიც ბნელი ჯადოქრული ძალები საუკუნეებია მსოფლიო ბატონობისთვის იბრძვიან, მათ შეჩერებას კი ჯიუტად ცდილობს დიდი ხნის წინ გარდაცვლილი და ჯადოსნობის დახმარებით ჩონჩხად აღმდგარი ჯადოსანი, დეტექტივი სკალდაგერი.


სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი: ნიკა სამუშია


ჯუდი ბლუმი „ აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი“

„აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი“ – მარგარეტ საიმონზე გვიამბობს, რომელიც თეთრმეტი წლისაა და გულახდილად საუბრობს იმაზე, რაც ამ ასაკის ყველა გოგონას აწუხებს; რასაც ხშირად მალავენ და ძალა არ ჰყოფნით, სხვებს საკუთარ გრძნობებში გამოუტყდნენ.


საყურადღებოა, რომ ავტორისთვის ინსპირაციად ის გამოცდილებები იქცა, რომელიც თავად გადახდა მეექვსე კლასში.

პრესტიჟული ჟურნალი „Time” წერს – „ბლუმმა, სწორი კითხვების დასმით მილიონობით ბავშვს შეაყვარა კითხვა.“


ამ რომანში ხდება ის, რაც ყველა გოგოს ცხოვრებაში ხდება პირველად და რასაც დიდი განცდები, სიხარული და უხერხულობები ახლავს თან. ჰოდა, თუ მარგარეტის თანატოლები ხართ ან თუ გინდათ, ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნდეთ და გულიანად იცინოთ, ჯუდი ბლუმის წიგნი უნდა გადაშალოთ.


გარდატეხის ასაკში ყველას გვჭირდება ჩვენნაირი მეგობარი და მარგარეტი ამ ასაკის მოზარდების საუკეთესო მეგობარი გახდება თავისი გულწრფელობით, სიკეთით და პრობლემებით, რომელიც მსოფლიოში უამრავ მოზარდს ერთნაირად აწუხებს.


გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

მთარგმნელი: მარიამ შალვაშვილი


ანაბელ სეივრი - „მსოფლიო დროშები“

ანაბელ სეივრის "მსოფლიოს დროშები - აქტივობების წიგნი" ჩაუჯექი ამ არაჩვეულებრივ წიგნს და მერწმუნე, უამრავ საინტერესოს შეიტყობ დროშებსა და ქვეყნებზე. ეს ხომ უბრალო წიგნი არ არის, შემეცნებით-გასართობია - თან ისწავლი, თან კი ამოხსნი თავსატეხებს, უპასუხებ ვიქტორინის შეკითხვებს, ააწყობ პაზლებს. მოკლედ, მოსაწყენად ნამდვილად არ გეცლება!


REDAERSLAND.GE- ის რეკომენდაცია.

მთარგმნელი: მაია შველიძე


ჯონათან სვიფტი - „გულივერის მოგზაურობა“

დიდი ირლანდიელი მწერლის, ჯონათან სვიფტის სათავგადასავლო წიგნი „გულივერის მოგზაურობა“ დღემდე არ კარგავს მთელ მსოფლიოში პოპუ­ლარობას, მისი პირველი გამოცემიდან ორი საუკუნის შემდეგაც კი. ეს, უპირველეს ყოვლისა, მისი ჩამთრევი და მრავალფეროვანი სიუჟეტის, მწვავე სათქმელისა და იმ მანკიერებებზე გროტესკის გამოა, რაც დღემდე აქტუალურია, ნებისმიერი ეპოქისა და ფორმაციის ადამიანისთვის.

 

წიგნში მოთხრობილია ქირურგ ლემუელ გულივერის მოგზაურობა ფანტასტიკურ, გამოგონილ ქვეყნებში. მწერლის მახვილგონიერება გმირის თავგადასავ­ლებს მსოფლმხედველობრივი განსჯის ასპარეზად აქცევს, იუმორი კი ფილოსოფიურ გადახვევებს სილაღეს ანიჭებს.


გამომცემლობა - ინტელექტი

მთარგმნელი - ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე


სტუდენტებისთვის:


ლევან ბრეგაძე – „პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“

ინტერტექსტუალობა, მეტატექსტი, ავტორის ნიღაბი, ორმაგი კო­დირება, დეკონსტრუქცია, ნონსელექცია, რიზომა და პოსტმო­დერნისტული ლიტმცოდნეობის სხვა ცნება­-ტერმინები ამ წიგნში ახსნილ-­განმარტებულია ოთარ ჩხეიძის, გივი მარგველაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, რევაზ ინანიშვილის, ვახტანგ ჯავახაძის, ჯემალ ქარჩხაძის, გურამ დოჩანაშვილის, ნაირა გელაშვილის, რაულ ჩილაჩავას, გოდერძი ჩოხელის, დათო მაღრაძის, აკა მორჩილაძისა და სხვა ქართველ მწერალთა შემოქმედებიდან მოხმობილი მაგალითებით; განხილულია პოსტმოდერნიზმის წანამძღვრები მე­-20 საუკუნის პირველი ნახევრის ქართველ მწერალთა თხზულებებში, წარმოჩენილია სამწერლო ტექნიკის თვალსაზრისით იმ დროისათვის უჩვეულო მხატვრული ხერხები, რომლებიც მომავლის ლიტერატურული სტილის მაცნეებად აღიქმებიან.


გამომცემლობა - არტანუჯი


ნათანიელ უესტი - „კალიის დღე“; „მის მარტოსულმა“

ნათანიელ უესტის ორმა რომანმა, „კალიის დღემ“ და „მის მარტოსულმა“ უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომი წლების ამერიკულ და მსოფლიო კულტურაზე და ხელი შეუწყო დისკუსიებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა მენტალური აშლილობები, სოციალური უთანასწორობა, ძალადობრივი გარემო და ა.შ.


,,კალიის დღე“ ახალგაზრდა ტოდ ჰაკეტის ისტორიაა, რომელიც თავს მხატვრად თვლის, ჰოლივუდში იწყებს მუშაობას და ,,ამერიკული ოცნების“ ნაწილი ხდება. ნაწარმოების სათაური უკავშირდება ბიბლიურ ისტორიას, ალუზიას მკითხველი ,,გამოსვლაში“ მოთხრობილ ამბამდე მიჰყავს, რომელშიც ეგვიპტელთათვის უფლის მიერ გაგზავნილ სასჯელზე, კალიათა გამანადგურებელ შემოსევაზეა საუბარი.


ზოგიერთი, უესტის ამ ნაწარმოებსა და მისი მეგობრის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ,,დიდ გეტსბის“ შორის ავლებს პარალელს, თუმცა მაშინ, როდესაც ,,დიდი გეტსბი“ ფასეულობათა მსხვრევის შემდეგ მომავლის შედარებით ოპტიმისტურ სურათს ხატავს, ,,კალიის დღეში“ ავტორის მეტისმეტად პესიმისტური განწყობა ჩანს და ამერიკული ოცნების ყველა ასპექტს მიწასთან ასწორებს.


,,კალიის დღე“ ჰოლივუდის მკაცრი რეალობის ასახვაა, უზნეო, ვულგარული პეიზაჟი ნათელი სურათია იმ სიღარიბისგან დატოვებული კვალისა, რომელშიც დიდხანს მოუწიათ ამერიკელებს ცხოვრება. ,,ამერიკული ოცნება“ ნათანიელ უესტმა ნამდვილ კოშმარად დაგვიხატა, ცრუ დაპირებებად, თვალისმომჭრელ რეკლამებად, კეთილდღეობისა და ბედნიერების გამკერპებლად, სწორედ ის აღმოჩნდა კალიების გუნდი, მზეს რომ აბნელებს და ადამიანებს ანადგურებს, განადგურება კი ფიზიკურზე უფრო მძიმეა, სულიერია. ამ საზოგადოებაში სიკეთე თითქმის არ არსებობს, აქ ყველაში ღვიძავთ ფარულ დემონებს, დამღუპველ სურვილებსა და ვნებებს, გრძნობებს, რომლებიც ადამიანისთვის დამანგრეველია...

 

,,მის მარტოსული“ ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სვეტი აქვს ერთ-ერთ გაზეთში. მას მკითხველები თავიანთ უმძიმეს ცხოვრებაზე სწერენ და მისგან რჩევას ელიან. იგი იმდენად მძაფრად განიცდის ყველა ამბავს, ლამისაა, აგონიამდე მივიდეს, ბოლოს კი თავს საშინლად გრძნობს, ამ ფარსის თანამონაწილე რომ გახდა. რომანი დიდი დეპრესიის ხანის სიბნელეს აღწერს.


გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე


გიორგი კეკელიძე - „სხვა გურული დრიურები“

იმისათვის, რომ მკითხველს გურია მთელი თავისი სიცხადით შეეგრძნო, ავტორი, გიორგი კეკელიძე საქართველოს ამ მხარეში ოთხი თვის განმავლობაში მოგზაურობდა და მხიარულ ისტორიებს აგროვებდა. ამ ისტორიებმა მთელი ქვეყანა მოიცვა. „გურული დღიურები“ 2014 წლიდან ბესტსელერი გახდა. მკითხველმა, რომელსაც ხშირად ენატრება სხვადასხვა კუთხის ყოფა-ცხოვრების შესახებ სხარტად დაწერილი ისტორიები, „გურული დღიურები” სწრაფად შეისრუტა. ახლა კი, გამომცემლობა „პალიტრა L“ გურული კაცის თვალით დანახულ ისტორიებს გამოსცემს, წიგნის სახელიც შესაბამისია „სხვა გურული დღიურები“. როგორც წინა წიგნები, „სხვა გურული დღიურებიც“ არის წიგნი სოფელსა და ბავშვობაზე, როგორც უმიზეზო სიხარულების დროზე.


REDAERSLAND.GE- ის რეკომენდაცია.


ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის სერია – „ძალიან მოკლე შესავალი“

თანამედროვე სამყაროში უამრავი სიახლე ელვის სისწრაფით ენაცვლება ერთმანეთს, ადამიანი კი მუდმივად ცდილობს, მოვლენებს არ ჩამორჩეს. ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია, დრო გამონახო და დეტალურად შეისწავლო ყველა ის საკითხი, რომლებიც გაინტერესებს.


სწორედ ამის გათვალისწინებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ 1995 წელს დაიწყო სერია “ძალიან მოკლე შესავალი”, რომელიც დღეს უკვე 600-ზე მეტ წიგნს აერთიანებს.


მსოფლიო მნიშვნელობის ეს გამორჩეული პროექტი უნივერსალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს, უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს.


მისი მიზანი გამართლდა კიდეც — სერია უკვე 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და.მრავალ ქვეყანაში მილიონობით ტირაჟით გაიყიდა.


სერიის თითოეული წიგნი კომპეტენტური მეცნიერების მიერ მოკლედ, მაგრამ საინტერესოდ და ამომწურავად.დაწერილი შესავალია კონკრეტულ თემაზე, რომლის შესახებაც შეიძლება არასრული ან არაზუსტი ცოდნა გვქონდეს.


წიგნები მცირე მოცულობისაა, სულ რაღაც 35 000 სიტყვა და ფორმატითაც პატარაა. ეს ე.წ. ჯიბის წიგნები, საშუალებას აძლევს მკითხველს, წიგნი მუდამ თან იქონიოს.


სერიის თითოეული წიგნი დაახლოებით 120-140 გვერდია და ყველასათვის გასაგებ და მოკლე, თუმცა საკმაოდ ამომწურავ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.


წიგნები დააინტერესებს როგორც მკვლევრებს, ლექტორებსა და სტუდენტებს, ისე კონკრეტული თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.


სულაკაურის გამომცემლობა



ავტორი: saba.com.ge