ლიტერატურა თაობა

თიბისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის გზამკვლევი

მაისი 23, 2022

26-29 მაისს, ექსპო ჯორჯიაში თბილისის 24-ე წიგნის ფესტივალი ჩატარდება. როგორც წესი, ეს დღეები მკითხველისთვის ლიტერატურულ დღესასწაულთან, სამზადისთან, დიდი ხნის უნახავი მეგობრების ნახვასთან და სახლის ბიბლიოთეკების შევსებასთან ასოცირდება.

მე, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მუდმივად ვიყავი ამ ფესტივალის ნაწილი, ხან როგორც რიგითი მკითხველი, ხან კი - მონაწილე. ამიტომაც, ამ ბლოგში გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას და მიგნებებს, რომლებიც დაგეხმარება, რომ საფესტივალო დღეები შენთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

მოემზადე

ფესტივალის დაწყებამდე ჩემი, ისევე როგორც ნებისმიერი მკითხველის ფიდი, დიდწილად ლიტერატურული რეკომენდაციებითაა გადავსებული. სოციალური ქსელის ალგორითმი კარგად ხვდება ჩემს ინტერესებს და უამრავ ახალ წიგნს მთავაზობს. დიდი სურვილის მიუხედავად, ზუსტად ვიცი, რომ ყველა მათგანის შეძენას ვერ მოვახერხებ, ამიტომაც ვიწყებ სიის მომზადებას.


აუცილებლად ვათვალიერებ ყველა გამომცემლობის ფეიჯს, კატალოგსა და ვებგვერდს. ვეცნობი მათ ფასდაკლებებსა თუ აქციებს და ვინიშნავ ჩემთვის სასურველ წიგნებს, რომლებიც მინდოდა და არ მქონდა, ან ახალი გამოცემულია. ამ ხერხით ვხვდები, მინიმუმ რა ბიუჯეტი მჭირდება ფესტივალისთვის და რამხელა გამოთავისუფლებული სივრცე ჩემს წიგნების თაროზე.

ფოტოები: გურამ მურადოვი

აღმოაჩინე

ინფორმირებულობა ყოველთვის კარგია, თუმცა, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ის ადგილია, სადაც გეგმას სრულად ვერასდროს მივყვები. შედგენილი სიის მიღმაც, ადგილზე უამრავ წიგნს აღმოაჩენ, რომლის ყიდვაც მოგინდება. ზოგს მეგობარი გირჩევს, ზოგს კი სცენაზე გამომსვლელი. ამიტომ, გირჩევ, გაუთვალისწინებელი შენაძენისთვისაც გადაინახო დამატებითი თანხა.


მახსოვს, რამდენიმე წლის წინ გამომცემლობა „წიგნები ბათუმშის“ სტენდთან, ჩემი ყურადღება ერთ-ერთი წიგნის ყდამ მიიქცია. ეს იყო ნორა იკსტენას რომანი - „დედის რძე“. მაშინ ამ ავტორის და ნაწარმოების შესახებ არაფერი ვიცოდი, თუმცა, მაინც ვიყიდე, წავიკითხე და შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება.

ფოტო: გურამ მურადოვი

გაუზიარე

ჩემთვის გაზიარება წიგნის ფესტივალის გამორჩეულად საყვარელი და განუყოფელი ნაწილია. ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის შესასვლელთან, გახსნის დღეს, დიდ რიგში, თუ ბედნიერი საათების ფასდაკლებებზე, უამრავ მეგობარს შევხვედრივარ. დაგვითვალიერებია ერთმანეთის შენაძენი, გვისაუბრია კონკრეტულ წიგნებზე, შეგვიქია ან გაგვიკრიტიკებია გამომცემლობები, მიმოგვიხილავს ლიტერატურული პრემიები და მათთან დაკავშირებული ამბები.


ემოციების და ცოდნის გაზიარება წიგნის ფესტივალის ნაწილია და ეს იგრძნობა პავილიონის ყველა კუთხეში, სცენაზე თუ სტენდებთან, სადაც გამომცმლობების თანამშრომლები მუდმივად მზად არიან დაგეხმარონ და გაგიმარტივონ არჩევანი.

და მაინც, რა შევიძინო?


უამრავ წიგნს შორის ყოველთვის რთულია რამდენიმეს გამორჩევა, თუმცა, მე მაინც შევეცდები ეს პროცესი ოდნავ მაინც გაგიმარტივო:



ნილ გეიმანი „არსადროს“

ჯონათან სვიფტი „გულივერის მოგზაურობა“

ჯენი პირსონი „ჩვენი საოცარი რეკორდი“

რა უნდა ვიცოდე?

ფესტივალი 26 მაისს 11 საათზე გაიხსნება და 29 მაისს საღამოს 8 საათზე დასრულდება. მე-11 პავილიონის გარდა, არ დაგავიწყდეს, რომ შეიარო მე-6 პავილიონშიც, სადაც საბავშვო სივრცე იქნება მოწყობილი. წიგნებთან ერთად, აქ პატარებისთვის სხვადასხვა აქსესუარსაც შეიძენ. აქვე დაგხვდება თიბისის საბავშვო სივრცე, სადაც უამრავი გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. 

ფოტოები: გურამ მურადოვი

ასევე, წელს პირველად, ფესტივალის ტერიტორიაზე სტარტაპერის კვების სივრცე დაგხვდება, რომელიც მე-6 პავილიონის წინ დაიდებს ბინას და სტუმრებს უამრავ გემრიელობას შესთავაზებს. 


წლევანდელ ღონისძიებას კვლავაც უბრუნდება პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“, რომლის ფარგლებშიც, მე-11 პავილიონის სცენაზე, ქართველი მსახიობები მათ მიერ შერჩეულ წიგნებზე ისაუბრებენ. იმ შემთხვევაში, თუ ფესტივალზე მისვლა ვერ მოახერხე, შეგიძლია წიგნები ფასდაკლებით ონლაინაც შეიძინო.



ბედნიერი მოგზაურობა ლიტერატურის უზარმაზარ სამყაროში!

ავტორი: ნატა ჟვანია