ლიტერატურა

სექტემბრის სასფესტივალო საკითხავი

"საბა"

სექტემბერი 24, 2020

„სამყარო კოვიდის ბატონობისას“, „ვირუსული წესრიგი“ ან რამე მსგავსს დაარქმევს რომელიმე თანამედროვე მწერალი წიგნს, რომელსაც 2020 წლის ამბებს მიუძღვნის და, რომელიც სულაც არ იქნება ფანტასტიკა. იქ ეწერება, როგორ გამოვიკეტეთ შინ, როგორ გახდა ყოველი ადამიანი პოტენციური საშიშროება მეორისთვის, როგორ აიკრძალა თავყრილობები, როგორ გადადეს წყვილებმა ქორწილი და ბოლოს საერთოდ გადაიფიქრეს, მოკლედ, იქ ეწერება, რომ მსოფლიოში თითქმის ყველაფერი აიკრძალა წიგნების კითხვის გარდა.

პირიქით, ყველზე რთულ დროს ისევ წიგნებმა გვიშველეს, რადგან მათ გაგვახსენეს, რომ ეს ყველაფერი უკვე მოხდა, უფრო ცუდი ამბების ყოფილა და ესეც გაივლის, ყველა წიგნში ხომ ეს წერია, სულაც არაა აუცილებელი ეკლესიასტე წაიკითხო.

წიგნების კითხვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულია და წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ისევ ონლაინფორმატისა იქნება, ისევ ონლაინ, საკუთარ ტელეფონებსა თუ კომპიუტერებთან მიმსხდრები შევხვდებით მწერლებს, ვიყიდით ახალ წიგნებს, გადავათვალიერებთ გამომცემლობების შეთავაზებებს, თუმცა მერე რა, ონლაინსკოლამ და ონლაინლექციებმა ისე გამოგვაწრთო, არაფერი ონლაინ აღარ გაგვიკვირდება.


სანამ კატალოგებს თავად გადახედავთ, იქნებ ტრადიციული რჩევებიც მოისმინოთ, რა წიგნების გარეშე არ უნდა წამოხვიდეთ ვირტუალურად წიგნის ონლაინფესტივალზე ვირტუალურად შესეირნებულები. თქვენ შეიძლება სხვა ჩამონათვალი გერჩივნოთ, მაგრამ არცერთი სია არაა ზედმეტი, არასდროს - ეს მნიშვნელოვანი დასკვნა ხანგრძლივი გამოცდილების შედეგია.


ყველა სიას გადახედეთ, ყველა რჩევა გაითვალისწინეთ ან სულაც, თქვენი ლიტერატურული გემოვნებითა და ინსტინქტით იხელმძღვანელეთ!


მოკლედ, დავიწყოთ:


„სულაკაურის გამომცემლობა“ წელსაც, როგორც ყოველთვის ფესტივალს სიახლეებით ხვდება, საბავშვო თუ სადიდო თაროზე რამდენიმე საინტერესო ახალი წიგნია, თუმცა, თუ ერთი წიგნია ასარჩევი, ალბათ სამანტა შვაბლინის რომანს „უსაფრთხო მანძილი“ ავირჩევდი, როდისაა სიყვარული უსაფრთხო, სინამდვილეში როგორია დედის შიში?


საერთაშორისო ბუკერზე წარდგენილი წიგნების ავტორი ქართველი მკითხველისთვის სიახლეა, მაგრამ თემატიკა, რომელიც ადამიანური ტკივილების ზუსტი ილუსტრაციაა, არცერთ მკითხველს არ დატოვებს გულგრილს.


მთარგმნელი - თამო ლეჟავა


„ქარჩხაძის გამომცემლობას“ ისევ დიდ ქართველ მწერალთან, ჯემალ ქარჩხაძესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლე აქვს, „უცნობი ქარჩხაძე“ ჰქვია წიგნს, სადაც კლასიკოსი მწერლის ჩვენთვის უცნობ ნააზრევს გავეცნობით.


დასრულებული თუ დაუსრულებელი ტექსტები, მონახაზები, მოსაზრებები - საყვარელ მწერალს სრულიად ახლებური სახით წაროგვადგენინებს.

„დიოგენეს“ წიგნებიდან ალბათ არა ერთსა და ორ გამოცემას წამოიყოლებთ, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო ცნობილი ინგლისელი პაციენტის ავტორის, მაიკლ ოდააჩის ახალი რომანი, „ომის წილი სინათლეა“. წიგნის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წელს, ლონდონში იწყება. ორი მოზარდი, ნათანიელი და რეიჩელი, მარტო რჩება, როდესაც მათი მშობლები 1 წლით სინგაპურში გაემგზავრებიან. „ახლა, წლების შემდეგ, როცა ეს ყველაფერი ფურცელზე გადმომაქვს, ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს სანთლის შუქზე ვწერ, თითქოს ქაღალდისა და ფანქრიანი ხელის გარდა, სხვა ყველაფერი ბნელშია დარჩენილი და საერთოდ ვერც ვხედავ.“ - წერს ავტორი.


მთარგმნელები ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე


„ინტელექტს“ როგორც ყოველთვის, სხვა ჟანრებთან ერთად, განსაკუთრებული პოეზია აქვს წარმოდგენილი, თუ ახლახანს გარდაცვლილი პოეზიის კლასიკოსის, დავით წერედიანის „პარაპეტი“ უკვე იყიდეთ, მაშინ იქნებ სპარსული პოეზიის ახალი თარგმანი გაიყოლოთ, რომელიც ახალგაზრდა მთარგმნელის, გიორგი ხულორდავას ხანგრძლივი შრომის შედეგია. დიდი მწერლის წიგნი გინდათ? წარმოუდგენელი მასშტაბის ლიტერატურა?


მაშინ არტანუჯის სტენდთან თომას ვულფი უნდა მოიკითხოთ, შინ ვეღარასდროს დაბრუნდები“ ვულფის ერთ-ერთი შედევრია, რა ბედნიერება, რომ ამ დიდი მწერლის ქართულად წაკითხვის საშუალება გვაქვს.


მთარგმნელი - თაკო ჭილაძე


დიდ მწერალზე გამახსენდა, „წიგნები ბათუმში“ წელს ფანტასტიკურ სიახლეს გვთავაზობს, ელფრიდე იელინეკის სკანდალურ რომანს, თუმცა, ამ გამომცემლობის სტენდთან დიდი ამერიკელი მწერალის, ნათანიელ უესტის ორი რომანიც უნდა მოიკითხოთ „კალიის დღემ“ და „მის მარტოსულმა“ უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომი წლების ამერიკულ და მსოფლიო კულტურაზე და ხელი შეუწყო დისკუსიებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა მენტალური აშლილობები, სოციალური უთანასწორობა, ძალადობრივი გარემო და ა.შ. წიგნი ქართულად ნათია ჩუბინიძემ თარგმნა.

„არეტეს“სტენდიდან სლავოი ჟიჟეკის წიგნი პანდემიის შესახებ დაგაინტერესებთ, ხოლო „აკადემიური წიგნიდან“ მაქს ფრიშის, მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ავტორის წიგნს „დონ ჟუანი ანუ გეომეტრიის სიყვარული“ გამოვიყოლებდი.


აუცილებელი და საჭირო წიგნების სერიიდან „პალიტრა L” -ს გამოცემულ წიგნს „პოეტიკური ჩანაწერები“ არ გამოგრჩეთ, რომლის ავტორიც რამაზ ჭილაიაა, ცნობილი ლიტერატორი და ფილოლოგთა არაერთი თაობისთვის საყვარელი ლექტორი.


მოკლედ, არჩევანი დიდია, კიდევ ბევრი წიგნია, რომელიც ამ ჩამონათვალში მხოლოდ იმიტომ არ მოხვდა, რომ მისი პოვნის ბედნიერება თქვენ გქონოდათ, მის უდიდებულესობა მკითხველს, რომელსაც ეძღვნება ყველა წიგნი და ყველა ფესტივალი, რაც კი დედამიწაზე ტარდება.



ავტორი: saba.com.ge