მუსიკა | ცა სიახლეები

ვის მოუსმენთ შავი ზღვის მე-15 ჯაზ-ფესტივალზე

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება

ივლისი 28, 2022

სულ რამდენიმე კვირის წინ „თბილისის ჯაზფესტივალმა“ ოცდამეხუთედ გაუღო კარი ჯაზის მოყვარულებს და ალბათ აქამდე ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამით, კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ამ ფესტივალის როლი არა მარტო რეგიონულ, არამედ მსოფლიო საფესტივალო რუკაზეც.


რაც შეეხება „შავი ზღვის ჯაზფესტივალს“, ის წელს მეთხუთმეტედ ტარდება. მრავალფეროვანი პროგრამის და უწყვეტი დინამიკის შედეგად მან მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ფესტივალს საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა და მას მერე ბევრი დაუვიწყარი დღე აჩუქა ბათუმის მკვიდრებსა თუ სტუმრებს.

„ბლექ სი ფესტივალი“, როგორც წესი, სცდება ჯაზის ფარგლებს და საკურორტო განწყობის შესაბამის მუსიკას სთავაზობს დამსწრე საზოგადოებას.კონცერტები ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

12 აგვისტო - Boris Band Combintion

წლევანდელ ფესტივალს ჩეხური ფიუჟენ კვინტეტი გახსნის. ეს ბენდი ჩეხეთის ჯაზ-სცენის ერთ-ერთ ლიდერადაა მიჩნეული, ის ბოლო წლების განმავლობაში უამრავ ფესტივალზე მონაწილეობდა და ბევრი თაყვანისმცემელიც მოაგროვა ჯაზის საერთაშორისო არენაზე. ჯგუფი მსმენელის წინაშე წარდგება როგორც ორიგინალური კომპოზიციებით, ასევე ცნობილი სტანდარტების ახლებური ვერსიებით.

ეს კონცერტი ფესტივალის ხალისიანი დასაწყისის და იმ საზეიმო განწყობის მაუწყებელი იქნება, რომელიც თან გასდევს მთელ ფესტივალს.  

The Next Movement:

 

J.J. Flueck - ვოკალი, დრამი, ბენდლიდერი

Sam Siegenthaler - გიტარა, ვოკალი

P Kaeser - ბასი, სინთეზატორი, ვოკალი      

შვეიცარიული გრუვ-ტრიოს შესრულების სტილს შეიძლება ეწოდოს ნეო-ფანკი ან ნეო-სოული. ამ ბენდმა შეძლო კლასიკური ფანკისგან მომავლის მუსიკის შექმნა. ეს რიტმული ტრიო, რომელიც თითქმის ოცი წელია არსებობს, ძალზე გამოცდილი მუსიკოსებისგან შედგება, რომლებმაც ათასზე მეტ შოუში მიიღეს მონაწილეობა. მათი ბოლო ალბომი - „The Next Movement“ (Leopard Records) ოსტატურად იყენებს მაილს დევისის, ჯიმი ჰენდრიქსის თუ პრინცის მუსიკალურ გავლენებს და თანამედროვე და ბენდებისთვის ნაკლებად დამახასიათებელი საუნდისა და არასტანდარტული ორმაგი ფუნქციებით (მაგალითად, დრამერი იმავდროულად მომღერალიცაა) უმაღლესი კლასის ლაივ შოუს და საუკეთესო განწყობას გვთავაზობს.


13 აგვისტო - Al McKay`s Earth, Wind & Fire Experience

ლეგენდარული Earth, Wind & Fire“-ს ასევე ლეგენდარული გიტარისტის, 6 გრემის მფლობელ ელ მაკკეის გარშემო შეკრებილი ბენდი ერთგვარი გარანტიაა, რომ 13 აგვისტოს ბათუმი იმ ფანტასტიკის სამყაროდ გადაიქცევა, რომელსაც ფანკის და R&B ღმერთების ჯგუფი ჯერ კიდევ 70-იან წლებში უმღეროდა.


ფესტივალის მაყურებლის წინაშე, გარდა მაკკეისა, ბენდის ორიგინალურ შემადგენლობაში ჩასაბერ ინსტრუმენტთა სექციაცაა წარმოდგენილი, რაც კიდევ უფრო ზრდის საკულტო ჯგუფის ორიგინალური მუსიკის ავთენტური მიდგომით შესრულების მოლოდინს.

„ფაიას“ ჰიტებით გაჯერებული შოუ არა მხოლოდ ცოცხალი, არამედ მაცოცხლებელი შესრულებაცაა. ბენდის ყველა წევრი ზრუნავს იმ ბრწყინვალე და უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებაზე, რომელმაც თავის დროზე შექმნა „Earth, Wind & Fire“ - უნიკალური საუნდი, რომელიც არასოდეს აგერევათ სხვაში.


14 აგვისტო - Candy Dulfer & Band

შავი ზღვის ჯაზფესტივალს წელს ცნობილი ჰოლანდიელი საქსოფონისტის, ქენდი დალფერის შესანიშნავი ჯგუფი დახურავს.


ქენდი დალფერი მუსიკის მოყვარულთა წინაშე განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს - ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში ქენდი სცენაზე ისეთ ვარსკვლავებთან ერთად იდგა, როგორებიცაა - არეტა ფრანკლინი, პრინცი, პინკ ფლოიდი.


სენსაციური გამოსვლები მსოფლიოს უდიდეს ვარსკვლავებთან ერთად, რამდენიმე ჰიტი მსოფლიო ჩარტების პირველ ადგილზე და დაუვიწყარი ლაივ შოუები იმის მიზეზია, რომ ქენდის ხშირად ფანკის დედოფალს უწოდებენ.


ამ ყველაფრის მიუხედავად, ქენდი ყოველთვის ფოკუსირებული იყო თავის სოლო კარიერაზე და ფანკის, ჯაზის და რაც მთავარია, ცოცხალი შესრულების ერთგული დარჩა.

ქენდი დალფერი თითქმის 35 წელია განუწყვეტლივ მსოფლიო ტურნეშია - მისი გამოსვლები ყოველთვის დაუვიწყარია, ხოლო მისი ბენდები მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული.

შავი ზღვის ჯაზფესტივალზე წელს ისევ ბრუნდება ყველასთვის საყვარელი ჯემ სეშენი, რომელიც წელს „ივერია ბიჩზე“ გაიმართება და ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს თვითონ გადაწყვიტონ, თუ როდის დასრულდება საფესტივალო დღე.



ავტორი: მანანა მუსხელიშვილი / At.ge