ცისფერი მთები

Biliki App - მოგზაურობის თანამედროვე გზამკვლევი

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, წითლად და ლურჯად გახაზული რუკები მოგზაურობის მთავარი მახასიათებელი იყო. თუმცა თანამედროვე სამყაროში, სადაც დრო ყველაზე ძვირი ღირს, სიტყვა „სწრაფი“ სასურველს აღნიშნავს, მობილური ტელეფონი ცხოვრების მთავარი მოწყობილობაა და ფურცლის შრიალის ხმა მხოლოდ ბავშობის მოგონებებს უკავშირდება. მოგზაურობასაც ახალი გზამკვლევი სჭირდება.


წარმოიდგინეთ პერსონალიზებულ, ინტერაქციულ, სანდო და უფასო აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც მოგზაურობა ხდება უფრო მარტივი, უფრო მრავლისმომცველი და უფრო ხელმისაწვდომი. ასეთი მობილური აპლიკაცია უკვე შექმნილია და მისი სახელია - ბილიკი. 

რა არის Biliki App და როგორ მუშაობს ის?

Biliki App საქართველოს ტურისტული მარშუტების აპლიკაციაა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მოგზაურობა გახდეს დაუვიწყარი.


აპლიკაციის გამოსაყენებლად, პირველ რიგში, საჭიროა ანგარიშის შექმნა ან ფეისბუქით ავტორიზაცია. ამის შემდეგ, შესაძლებელია პერსონალური ინტერესების მონიშვნა - იქნება ეს ქალაქის ტური, კულტურული, შოპინგ, OFF-ROAD, რელიგიური, ველო ტური, ღვინის ტური, ღამის ცხოვრებისა თუ საფეხმავლო ტურები.


აპლიკაცია იძლევა პირადი ანგარიშის გარეშე გამოყენების შესაძლებლობასაც, თუმცა ამ შემთხვევაში, ბილიკი ვერ გაძლევთ რჩევებს, რითაც Biliki App-ის მთელი იდეა იკარგება.

თუ ადამიანს ცალსახად არ აქვს გადაწყვეტილი, რა სახის ტურითაა დაინტერესებული, აპლიკაცია თავად სთავაზობს ალტერნატივების ჩამონათვალს. სასურველი ტურის არჩევის შემდეგ, შესაძლებელი ხდება ყველა ინფორმაციის ნახვა - მარშუტის რუკა, ამინდი, საჭირო დრო და მანძილი, ინფორმაცია ადგილის შესახებ, მანქანის დაქირავების შესაძლებლობა, ბანკომატები, გაზგასამართი სადგურები და ყველა საჭირო დანიშნულების წერტილი. გარდა ამისა, ყველაზე მთავარი - რჩევები იმის შესახებ, თუ რისი წაღებაა სასურველი კონკრეტულ ტურზე.

ასე რომ, დაივიწყეთ სტატიებისა თუ ბლოგების დაუსრულებელი კითხვა, სხვადასხვა აზრებისა თუ რჩევების მოსმენა. ყველაფერი ის, რაც საჭიროა კარგი მოგზაურობისთვის, უკვე თავმოყრილია ამ აპლიკაციაში.


თანაც, Biliki App-ის გამოყენება Offline რეჟიმშიც შესაძლებელია. ამისთვის საკმარისია ჩამოტვირთოთ კონკრეტული ტური და ის თქვენი შეუცვლელი გიდი გახდება.

გარდა ამისა, აპლიკაციაში შესაძლებელია პირადი პროფილისა და ისტორიის შექმნა - სად იყავი, რა ნახე და ამ ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის.


მოკლედ, იდეალურია მოგზაურობისთვის.


Biliki App - სექტემბრიდან გაეშვა Play Store-ში. დეკემბრიდან მისი ხილვა App Store-შიც იქნება შესაძლებელი.

ომალო

გიორგი ცირამუა (CEO):

რა არის ამ პროექტის მიზანი?

აპლიკაციის მთავარი მიზანი არის ის, რომ ტურისტებს დაეხმაროს, როგორც მოგზაურობის დაგეგმვის ეტაპზე, ასევე უშუალოდ მოგზაურობის დროს. მათ მინიმუალური დრო დახარჯონ გარე ფაქტორებზე და მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება მოგზაურობისგან. გამუდმებით თან ახლდეთ მარტივი გიდი, რომელიც ისტორიასაც მოუყვება, გზასაც აჩვენებს და ადგილმდებარეობასაც ეტყვის თუ სად და როგორ მივიდნენ, ღამე გაათიონ და ა.შ.


აპლიკაცია გაძლევს მზა მარშუტს, რომელიც არის ინტერაქტიული რუკა, სადაც შენს თავსაც ხედავ - მოხმარება ძალიან ადვილია, უბრალოდ უნდა მიჰყვე გზას. აპლიკაცია გეუბნება როგორი ტიპისაა გზა, რა მანძილია გასავლელი, როგორი ამინდია მოსალოდნელი, რა პუნქტების ნახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, აპლიკაციას გააჩნია SOS ღილაკი, რომელიც პირაპირ 112-ში რეკავს. უცხოელი ტურისტებისთვის, 112 არ არის გადაუდებელი დახმარების ჩვეული ნომერი, ამიტომ, საჭირო გახდა ამ ღილაკის ჩაშენება. 

უშგული

როგორ გაჩნდა იდეა?

ეს ყველაფერი დაიწყო მამაჩემის იდეით, რომ ტექნოლოგიები უნდა მოვახმაროთ ტურიზმს, კონკრეტულად კი გეოინფორმაციული ტექნოლოგიები (GIS). რაც გულისხმობს ელექტრონული რუკებსა და ზედ მიმაგრებულ მონაცემთა ბაზებს. როდესაც ეს იდეა გაჩნდა, ჩამოვაყალიბეთ კვლევითი ორგანიზაცია, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი. მაშინ შევქმენით პირველი აპლიკაცია TravelGIS, რომელიც არაკომერციული პროექტია. მოვიარეთ მთელი საქართველო და გავაკეთეთ პროექტი Discover Georgia in your Village. ჩვენ ვეძებდით არა მხოლოდ ტურისტულ ან ისტორიულ ობიექტებს, ან ბუნების ძეგლებს, არამედ ადამიანებს, ვინც საინტერესე შეიძლება იყოს ტურისტისთვის. როდესაც სადღაც სოფელში მიდიხარ ტურისტად, შენ არ იცი ადგილზე რა ხდება - იქ, სადღაც, შეიძლება ბებია ან ბაბუა ხელით ქმნიდეს მნიშვნელოვან და საინტერესო პროდუქტს. ხოლო მან არ იცის, როგორ მოიტანოს შენამდე ეს პროდუქტი. ჩვენ შევაგროვეთ ეს ინფორმაცია და ვუთხარით ტურისტს რომ აი აქ, ამ სოფელში, არსებობს ასეთი ადამიანი. ამგვარად ამოვავსეთ საინფორმაციო ვაკუუმი, რომლითაც, სარგებელს ნახულობდა როგორც ტურისტი, ისე ადგილობრივი მცხოვრები.


დაახლოებით ერთი წლის წინ, მივხვდი, რომ შეგვეძლო გაგვეკეთებინა გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი პროეტი, რაც გამოადგებოდა ბევრ ადამიანს. ასე გაჩნდა ბილიკის იდეა. პროექტი კვლავ საწყის იდეაზე დგას - გეოინფორმაციული სისტემების ტურიზმში გამოყენება. 

ჯუთა

ბილიკის იდეაზე, შინაარსსა და პროდუქტებზე ვმუშაობთ მამა, ჩემი ძმა და მე. ჩვენ ამბიცია გაგვიჩნდა, რომ შეგვიძლია შევქმათ პროდუქტი, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოს მოვახმართ, არამედ სხვა ქვეყნებსაც შევთავაზებთ. ამ ეტაპზე, უკვე გაკეთებული გავქვს ტურები აზერბაიჯანსა და სომხეთში, რომლის განთავსებასაც ბილიკზე მომავალ წელს ვაპირებთ, როდესაც საქართველოს ბაზარზე ადგილს დავიმკვირდრებთ.


ამის შემდეგ, ძალიან თავისუფლად შეგვიძლია, რომ სხვა ქვეყნებშიც გავიდეთ და გავაკეთოთ იგივე. ეს იყო მეორე მოტივატორი. პირველი იყო ის, რომ გვინდა ჩვენს ქვეყანას, ისეთი ტექნოლოგიური პროდუქტი შევთავაზოთ, რომლითაც, შეიძლება მსოფლიომ გაიცნოს.

თავად აპლიკაციაზე იმუშავა WANDIO-მ, მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ აპლიკაციის შექმნა. მათ ჩვენი იდეა ხელშესახები, რეალური გახადეს. რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ ვმუშაობთ ყველაფერზე, იქნება ეს ექსპედიციაში წასვლა, ტურის შემუშავება, ფოტოების გადაღება, თუ ქოფირაითინგი. 

რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

პირველ რიგში, გვინდა გავაუმჯობესოთ ავტომობილის ქირაობის მოდული - ამ ეპატზე, დამატებულია ფუნქციონალი, რომლის გამოყენების დროსაც პარტნიორი კომპანიის საიტზე გადადიხარ, სადაც შეგიძლია დაიქირაო ავტომობილი. თუმცა ვგეგმავთ, უფრო ინტეგრირებული ფუნქციონალის ჩამატებას, სადაც უკვე ჩვენთან შეძლებ მიიღო ეს მომსახურება. გარდა ამისა, ვამატებთ ფასდაკლების პრომო კოდებს - პარტნიორ მაღაზიებსა და სხვა სერვისებში, აპლიკაციის შემოთავაზებული პრომო კოდით მიიღებ ფასდაკლებას. რაც დამატებითი სტიმულია მომხარებლისთვის გამოიყენოს ჩვენი აპლიკაცია.


ეს არის ორი ძირითადი მიმართულება, რომლის განვითარებაზეც დღეს ვმუშაობთ. როგორც უკვე ვახსენე, მომავალი წლიდან, სხვა ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და სომხეთში ვგეგმავთ გასვლას. 

ყაზბეგი

ჩვენ ძალიან აქტიურად ვსწავლობთ ბაზარს და გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ წელს საქართველო ხუთ მილიონ ტურისტს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს ამ ნიშნულს, ფაქტობრივად, მივუხალობდით. ძალიან გვინდა, რომ ტურისტული ბაზრის 5%-მდე მოვიცვათ. საკმაოდ დიდი წარმატება იქნება ბილიკისთვის, თუ უცხოელი ტურისტების 5% გადმოიწერს ბილიკს.


რაც შეეხება უფრო შორეულ გეგმებს, ვფიქრობ თავისუფლად შეგვიძლია ავითვისოთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ამ ეტაპზე, უკვე გვაქვს კონრეტული ქვეყნების სია, სადაც ვგეგმავთ პროექტის დანერგვას, თუ რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებიდანაც არ მოხდა დაინტერესება. 

მარტვილის კანიონი

რატომ უნდა გადმოტვირთო ბილიკი?

ჩვენ ვთვლით, რომ ბილიკის მომხმარებელი არის ენერგიული და მაძიებელი ბუნების ადამიანი. ბილიკი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს დამოუკიდებელი მოგზაურობა, ეძებს თავგადასავლებს, უყვარს ექსპერიმენტები და უყვარს სიარული. თუ რეალურად გინდა, რომ საქართველო გაიცნო, თანაც მარტივად, იაფად და ზედმეტი დროითი დანახარჯების გარეშე, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწერო ბილიკი, რათა მოგზაურობისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, ერთ სივრცეში მიიღო.

ავტორი: ნატა კიკნაძე