ედუფინი

Back to School უსაფრთხო შოპინგი

#დაიცავიშენიფინანსები

სექტემბერი 14, 2023

ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა სკოლის მოსწავლის, სტუდენტისა თუ მშობლისთვის ახალ მოლოდინებთან, იმედთან, შესაძლებლობებთან და არაერთ ემოციურ მომენტთან არის დაკავშირებული. გარდა სხვადასხვა განწყობებისა, როგორც წესი, სექტემბერი ბევრ ახალ შენაძენსაც უკავშირდება.


ამავდროულად, სექტემბერი წლის ის პერიოდია, როდესაც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები მრავალფეროვანი აქციებითა და მომხიბვლელი ფასდაკლებებით ცდილობენ ჩვენი ყურადღების მიქცევას.


სასკოლო, პირადი მოხმარებისა თუ საოჯახო ნივთების შეძენის პროცესის გასამარტივებლად და დროის დაზოგვის მიზნით, რა თქმა უნდა, ხშირად ონლაინ ვაჭრობას მივმართავთ. ეს კარგად იციან კიბერთაღლითებმაც და სხვადასხვა მაცდური შემოთავაზებებით ცდილობენ ჩვენის ფიშინგის მახეში გაბმას.

რა არის ფიშნგი და როგორ დავიცვათ თავი?!

ფიშინგი დღეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული კიბერთაღლითური სქემაა. თაღლითები ქმნიან ყალბ ვებგვერდებს, რის შემდეგაც ელექტრონული ფოსტაზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე ან sms-ით გვიგზავნიან შეტყობინებებს. შეტყობინებით მიღებულ ბმულზე კი ჩვენი პირადი და საბანკო ინფორმაციის შეყვანის სანაცვლოდ ფასდაკლებებს, აქციებს და გათამაშებებს გვთავაზობენ.

რა საფრთხეებს შეიცავს ყალბ ბმულებზე გადასვლა?


  • ყალბ ბმულზე გადასვლით შენს მოწყობილობაში დამაზიანებელი პროგრამები და ვირუსები იტვირთება


  • თაღლითებისთვის ხელმისაწვდომი ხდება შენი პირადი ინფორმაცია


  • თანხის დაკარგვასთან ერთად, შესაძლოა, შანტაჟისა და დაშინების მსხვერპლი გახდე

ყალბ გვერდებზე ჩვენი პირადი და საბანკო ინფორმაციის შეყვანით თაღლითებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ანგარიშიდან ჩვენი თანხის მთლიანად მოპარვა. გარდა თანხის დაკარგვის საფრთხისა, თაღლითების მხრიდან შესაძლოა, შანტაჟისა და დაშინების მსხვერპლიც კი გავხდეთ. თაღლითები ჩვენს პირად მონაცემებს შავ ბაზრებზეც ყიდიან, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი დაზარალების რისკს.

როგორ გავხადოთ შოპინგი უსაფრთხო?

სტატისტიკურად დგინდება, რომ მომხმარებელი ყველაზე ხშირად თაღლითების მახეში სწორედ „საუკეთესო“ შეთავაზების მიღების მიზნით ეხვევა.


თაღლითობა სოციალურ ქსელში, Email ფიშინგი, სარეკლამო და ფასდაკლების შეთავაზებები - ეს ინტერნეტთაღლითობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია. ყოველდღიურად ვიღებთ „საუკეთესო“ შეთავაზებას ან „გრანდიოზულ“ ფასდაკლებას. ასეთი დროს ყოველთვის ყურადღებით დაკვირვებით შეთავაზებას და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:

ამოიცანი მობილურსა და ელფოსტაზე მიღებული ყალბი ბმულები!


გამოიჩინე სიფრთხილე და არ ენდო ელფოსტით, WhatsApp-ით ან Viber-ით მოსულ ბმულს:


  • არ გადახვიდე საეჭვო ბმულებზე
  • დარწმუნდი, რომ სწორად არის მითითებული გამომგზავნი კომპანიის დასახელება და ვებგვერდის მისამართი
  • არ გადახვიდე და არ შეიყვანო შენი საბანკო ინფორმაცია მსგავს ბმულებზე

ამოიცანი ყალბი გვერდები სოციალურ ქსელში!


  • დარწმუნდი, რომ საძიებო ველში სწორადაა მითითებული კომპანიის მისამართი
  • შეადარე აღნიშნული გვერდი მოცემული კომპანიის ოფიციალურ გვერდს - მის ლოგოს, სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტებს, მათ ვიზუალურ მხარეს
  • ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დარეკე კომპანიის ცხელ ხაზზე ან მიწერე შეტყობინება

თუ შენიშნე, რომ შენი საბანკო მონაცემები საეჭვო გვერდზე შეიყვანე, მაშინვე:


  • დაბლოკე ბარათი ციფრული ბანკიდან
  • დაუკავშირდი შენს ბანკს: ცხელ ხაზზე ან მიწერე სოციალურ ქსელში
  • შეცვალე შენი ციფრული ბანკის პაროლი

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ონლაინ ვაჭრობისთვის ცალკე ბარათი ვიქონიოთ რომელიც არ იქნება სახელფასო ან დაგროვებით ანგარიშზე მიბმული. აღნიშნულ ბარათზე ზუსტად ის თანხა დავრიცხოთ ხოლმე, რაც ნივთის შესაძენად გვჭირდება. ასევე, მეტი დაცულობისთვის, კარგია თუ დააზღვევთ საბანკო ბარათს.



ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მინიმუმადე დაიყვან რისკს, რომ ინტერნეტთაღლითობის მსხვერპლი გახდე. მეტი დაცულობისთვის გაუზიარე ეს ბლოგი შენს მეგობრებსა და ახლობლებს.



ავტორი: ანა ვერულაშვილი