წიგნები, რომლებიც სკოლის დაწყებას გაგიხალისებს

ზაფხულის არდადაგები დასრულდა, მალე სკოლა დაიწყება. ზოგს ეს ამბავი ძალიან ახარებს, მეგობრები, მასწავლებლები და საკლასო ოთახებიც კი მოენატრა, ზოგისთვის კი ზაფხული, თავისუფლება, დასვენება და ნაკლები პასუხისმგებლობები უფრო კომფორტული იყო.


მთელს მსოფლიოში უამრავი თინეიჯერისთვის სკოლა სწავლასთან ერთად თავგადასავლებთან, მეგობრებთან, მხიარულებასთან, ზოგჯერ კი პრობლემებთანაც ასოცირდება. გამონაკლისი ალბათ არც შენ ხარ.


სკოლაზე და სკოლის მეგობრებზე არაერთი ცნობილი წიგნი დაწერილა, ეს მცირე ჩამონათვალი, სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეებმა შეადგინეს, ზოგიერთი მათგანი შენი ტოლია, ასე რომ ამ ბლოგში აუცილებლად იპოვი შენთვის საინტერესო წიგნს. 

ჯულიან ბარნსი -„დასასრულის განცდა“

„დასასრულის განცდა“ ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯულიან ბარნსის 2011 წელს გამოცემული რომანია. ამავე წელს ბარნსს წიგნისთვის ბუკერის პრემია მიენიჭა.


ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ამბის მთხრობელი, ტონი უებსტერი და მისი ორი მეგობარი სწავლობენ, ახალი მოსწავლე გადმოდის. ბიჭები მალევე უმეგობრდებიან ედრიენ ფინს, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. სკოლის დამთავრერბის შემდეგ ოთხივე საუკუნო მეგობრობის ფიცს დებს და თავის გზას ადგება. წლების შემდეგ უკვე ხანში შესული ტონი უებსტერი მოულოდნელ წერილს იღებს. წარსული, რომელშიც თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, ბევრ უცნაურობას მალავს.

კარენ მაკმანუსი -„ერთი ჩვენგანი ტყუის“

ბეივიუს სკოლის სადამსჯელო ოთახში უჩვეულო ხუთეული იყრის თავს: ბრონუინი „ტვინიკოსაა“ – საუკეთესო მოსწავლე, რომელიც არასდროს არღვევს წესებს; ედი – სკოლის დედოფალი და ქარაფშუტად მიჩნეული ლამაზმანი; ნეითი – „კრიმინალი“ – საეჭვო საქმეებში შემჩნეული პრობაციონერი, კუპერი კი ბეისბოლის ამომავალი ვარსკვლავი და სკოლის საამაყო სპორტსმენი; ხოლო საიმონი „ყოვლისმცოდნე“, რომელმაც საგანგებო აპლიკაციაც კი შექმნა, ადგილობრივი ჭორები რომ გაევრცელებინა.

ანა გავალდა -„35 კილო იმედი“

რა უნდა ქნა, როცა პატარა ბიჭი ხარ, სკოლაში სულ ვერაფერს სწავლობ, დღიური ცუდი ნიშნებით გაქვს სავსე, მშობლები კი გამუდმებით გეჩხუბებიან, ხან ერთმანეთს ეჩხუბებიან?! მოკლედ, ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდადაა. თუმცა, ასეთ სიტუაციებშიც კი აუცილებლად იარსებებს ადამიანი, ვისაც ყოველთვის ექნება შენი რწმენა, ყოველთვის ეცოდინება, რომ შენგანაც გამოვა რაღაც, მუდამ გადაგისვამს თავზე ხელს და ყველაზე რთულ მომენტებში თავიდან ფეხებამდე იმედით აგავსებს.

დანიელ პენაკი - „სკოლის სევდა“

ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის ეს წიგნი ავტობიოგრაფიულია და მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ - როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა.

 

”სკოლის სევდა” აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში. და ეს ყველაფერი მოთხრობილია უშუალოდ, მსუბუქი იუმორით, რაც, ყველაფერთან ერთად, წიგნს საოცრად სასიამოვნო წასაკითხს ხდის.

ჯერომ სელინჯერი -„თამაში ჭვავის ყანაში“

სელინჯერი ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ ამ „წიგნის მთელი ღირსება მთხრობელის ხმაშია“. მთხრობელი კი ერთი აყლაყუდა თინეიჯერია, მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი, რომელიც თმას ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ - ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. აბდაუბდა, ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად გადახვევა და უმნიშვნელო დეტალების სიყვარული ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს.


ავტორი: saba.com.ge