კულტურა

BAZA - ხელოვნების, მეცნიერებისა და კვლევისთვის

BAZA

ნოემბერი 11, 2019


“ხელოვნება მეცნიერებაა და ხელოვნების გარეშე ვერც ერთი მეცნიერება ვერ იარსებებს”

“არსებობს კავშირი გენიოსობას და ფსიქიკურ აშლილობას შორის?”

“ქართველი ჩეკისტი არ არსებობს” 

“თვალი საკმაოდ უხარისხო ოპტიკური ხელსაწყოა.”

“რა არის ხელოვნური ინტელექტი?”



სანდრო ასათიანი - ადამიანი და ჭკვიანი მანქანები


“სტანდარტულად ადამიანი მხოლოს სამ ფერს ხედავს, უფრო სწორად ორნახევარს; ბუნებაში კი არავითარი ფერი არ არსებობს, ეს ჩვენი ტვინი აღიქვამს ფოტონების ენერგიას ფერებში.”  



“დავით კაკაბაძის და მისი ძმის ჟურნალი, რომელიც იყო მხატვრობაზე, საბანკო საქმეზე, ეკონომიკაზე, ისტორიაზე, აგრარულ რეფორმებზე, იყო იმ პერიოდის ერთ-ერთი პირველი ინტერდისციპლინური ჟურნალი და შეიძლება იმ წლებში (1918 წ. ) ერთადერთიც კი , რომელიც გამოდიოდა ევროპაში.”



ეს და მსგავსი საინტერესო, დასამახსოვრებელი და ერთი შეხედვით ერთმანეთთან არაფერ კავშირში მყოფი ფრაზები ისმოდა ორი დღის განმავლობაში ინტერდისციპლინარულ სიმპოზიუმზე - “ხელოვნება, მეცნიერება, კვლევა”, რომელსაც დავით კაკაბაძის ფონდი და ახალი ინტერდისციპლინარული პლატფორმა - BAZA მასპინძლობდა რუსთაველის 18 ნომერში, სახელოვნებო სივრცში, სადაც პარალელურად დავით კაკაბაძის საარქივო მასალების მიხედვით აგებული გამოფენა მიმდინარეობდა. სიმპოზიუმის ფარგლებში გაზეთ „დანართის“ ახალი ნომრის პრეზენტაციაც შედგა, რომელიც მისმა ავტორებმა ქართველ მხატვარსა და გამომგონებელს მიუძღვნეს. 

გაზეთ "დანართის" ახალი ნომრის პრეზენტაცია


ახალი ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პლატფორმა - BAZA თიბისის ინიციატივით, დავით კაკაბაძის 130 წლის საიუბილეო პროექტის ფარგლებში შეიქმნა. ცოდნის გაზიარება პლატფორმის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი იყო. თავის თავში ის თანამედროვე ხელოვნებას, მეცნიერებისა და კვლევის მიმართულებებს აერთიანებს. BAZA ცდილობს თავი მოუყაროს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე სახელოვნებო და სამეცნიერო პროცესებს, არამედ თავად შექმნას ახალი კონტექსტები.


ვატო წერეთელი - შემოქმედებითი მედიაცია


ორდღიანი სიმპოზიუმი სამეცნიერო კონფერენციებისა და ღია საჯარო ლექციების ჰიბრიდი იყო, სადაც სხვადასხვა ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს თავიანთი დასრულებული ან მიმდინარე პროექტები და კვლევები გააცნონ, არსებულ სირთულეებზე ელაპარაკონ, მომავლის კონტურები მოხაზონ, გადაკვეთის წერტილები იპოვონ და გააფართოვონ სამუშაო თუ ინტერესების არეალი.



დავით კაკაბაძის უნიკალური არქივის გამოფენა


სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავდა როგორც ვიზუალურ ხელოვნებას, ასე კულტურის კვლევებს, სოცალური და კულტურულ ანთროპოლოგიას, კულტურის ფსიქოლოგიას და ფსიქიკურ ჯანმრთლეობას, ფიზიკას, ისტორიას, სიცოცხლის მეცნიერებებს, მეხსიერების პოლიტიკას, ტექნოლოგიებს და საკურატორო ოსტატობას. ახალი პლატფორმა აღმოჩნდა ცოდნის გაზიარების, შთაგონების და ახალი იდეების გენერირების სივრცე, რომელიც თანაბრად სჭირდება ყველა ჩამოთვლილ სფეროში მომუშავე სპეციალისტს თუ დაინტერესებულ პირს. 


სიმპოზიუმის მონაწილეებისგან პერიოდულად სხვადასხვა თემაზე საუბრისას ისმოდა დავით კაკაბაძის სახელი, რაც სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური იყო. გარდა სივრცისა, სადაც პარალელურად მისი ნახაზების, ტექსტების, ჩანახატების, ესკიზების გამოფენა მიმდინარეობდა, დავით კაკაბაძის სახელის ხშირი ხსენება გამოწვეული იყო მისი, როგორც მეცნიერებით და ხელოვნებით ერთნაირად დაინტერესებული მხატვრით, რომლის მემკვიდრეობაშიც ჯერ კიდევ ბევრი რამ არის საკვლევი და აღმოსაჩენი და ის, რაც მან შექმნა, ამ დრომდე აქტუალურია. 



დავით კაკაბაძისთვის ხელოვნება არა ესთეტიური ტკბობის საგანს, არამედ სამყაროს შემეცნების საშუალებას წარმოადგენდა. ის შემეცნებისთვის ფერწერის გარდა იყენებდა ფიზიკას, ფილოსოფიას, აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს და თვლიდა, რომ თანამედროვე სამყაროში ხელოვნება და მეცნიერება ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია, უსიცოცხლოა. სწორედ ეს მიდგომა, რომელიც დღეს უკვე ფართოდ არის მიღებული სახელოვნებო, სამეცნიერო და ზოგადად სააზროვნო სფეროებში, სიმპოზიუმის ამოსავალი წერტილი იყო. 


დავით კაკაბაძე და შალვა ქიქოძე, პარისი 1920 წ.


სიმპოზიუმი არსებული ცოდნების გაზიარების გარდა ახალი საკვლევი სფეროების მონიშვნასაც ემსახურებოდა, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი რესურსის მობილიზება, პოლიტიკური ნება და მკვლევარებისთვის ხელშეწყობა სჭირდება. როგორც ნანა ყიფიანმა აღნიშნა ქართულ ავანგარდზე საუბრისას, ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ დავით კაკაბაძეზე, თუმცა ეს ლაპარაკი ძირითადად მის ერთსა და იმავე ნამუშევრებსა და გამოგონებებზე საუბარია და ჩვენ ჯერაც არ ვიცით მაგალითად ის, თუ რა ნამუშევრები გამოიფინებოდა საფრანგეთში მას შემდეგ, რაც დავით კაკაბაძე სამშობლოში დაბრუნდა და მისი გვარი კვლავ ჩნდებოდა ევროპული გამოფენების აფიშებსა თუ ჟურნალებში. სად არის ახლა ეს ნამუშევრები, რა დარჩა მისი მემკვიდრეობიდან. ამ გამოფენების შესახებ სავარაუდოდ უკვე საბჭოთა კავშირში მცხოვრებმა დავით კაკაბაძემაც არ იცოდა არაფერი და იმისათვის, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს, სხვადასხვა არქივებში მუშაობაა საჭირო. 



არქივებთან მუშაობის თემების პრობლემურობას ცალკე მოხსენებაც დაეთმო. ირაკლი ხვადაგიანმა საბჭოთა კვლევის ლაბორატორიიდან ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, როგორ გადაულახავ ბარიერებთან უწევთ უახლესი ისტორიის მკვლევრებს ბრძოლა საარქივო მასალებზე წვდომის მოპოვებისას. დახურული ბაზები, პერსონალური მონაცემების დაცვის არგუმენტით ყველა საინტერესო ინფორმაციაზე დაშტრიხული დოკუმენტები და მაღალი ფასები, რომელიც განსხვავებულია არქივების ტიპის მიხედვით, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ქვეყნის შიგნით და არქივების კედლებში გამოკეტილ ამბებთან წვდომას. ის, რაც თანამედროვე ქართველი მკვლევარისთვის პრობლემაა, მარტივად მოაგვარეს საქართველოს მსგავსი ისტორიის მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა აღმოსავლეთ ევროპიდან, როდესაც ტერორისა და რესპრესიების შესასწავლად არქივები გახსნეს და უახლესი ისტორიის კვლევა წახალისებულიც კია როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო ფონდების, უნივერსიტეტების და ინსტიტუტების მხრიდან. 



“ეს არის მიდგომა სახელმწიფოსი, რომელიც გვეუბნება, რომ ჯობია, არ შეხედოთ ამ წყაროებს, დაანებოთ თავი მის კვლევას, დავივიწყოთ ეს ნაწილი. დღეს უკვე შეუძლებელი ხდება სრულფასოვანი კვლევა სახელმწიფო არქივებში. სახელმწიფო ამბობს, შენ უნდა იყიდო ინფორმაცია შენი წარსულის შესახებ და ეს არ არის 5 თეთრი ერთი გვერდისთვის, ზოგან ეს არის 3 ლარი, ზოგან 7,5 ლარი, 14 ლარი, ზოგან სამნიშნაა ეს ციფრები და მოყვება რეგულაციები გამოყენებისთვის - ეს არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ისტორიის ცოდნის უფლება რჩება მას, ვინც ფინანსურად წელგამართულია.” - თქვა ირაკლი ხვადაგიანმა და ფინანსურ ბარიერებთან ერთად პირადი მონაცემების დაცვის ეგიდით დახურულ დოკუმენტაციაზეც ისაუბრა, რასაც მოჰყვა დისკუსია: მზად ვართ თუ არა ლუსტრაციის კანონის მისაღებად? გვინდა თუ არა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ? გამოიწყვევს თუ არა კონკრეტული გვარ-სახელების ცოდნა დისკომფორტს მათი შთამომავლებისთვის? 



პირადი არქივების ორგანიზების და საგამოფენოდ მომზადების პრაქტიკაზე ილაპარაკეს ლალი პერტენავამ და თამარ ჭაბაშვილმა სულ რამდენიმე კვირის წინ გამართული გამოფენის - “კონფლიქტის დერეფნებში” მაგალითზე. გამოფენა 1989-1995 წლების დოკუმენტაციას მოიცავდა, რომელთა უმეტესობაც პაატა ზაქარეიშვილის პირად არქივში იყო დაცული. როგორ შეიძლება დიდი ზომის მშრალი დოკუმენტაციის დახარიხება და მათი საშუალებით ისტორიის მოყოლა, რამდენად შეუძლია ხელოვნების ფორმით მიწოდებულ ისტორიას ემპათიის გამოწვევა საზოგადოებაში და რა ოსტატობა სჭირდება მსგავს ექსპოზიციებზე მუშაობისას კურატორს - ეს იყო ძირითად კითხვები, რომლის გარშემოც ლალი პერტენავა და თამარ ჭაბაშვილი მოხსენებისას ტრიალებდნენ და პასუხებს ეძებდნენ.


© გურამ კაპანაძე


მუზეუმების ფონდებში დაცულ საინტერესო და ნაკლებად ცნობილი არტისტების აღმოჩენისკენ მოწოდებასავით გაისმა ემანსიპაციების საკითხებზე კოტე ბოლქვაძის მოხსენებაში ემა ზარაფიშვილის სახელი. ქალის, რომლის 250-მდე ნამუშევარი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდში ინახება და რომლის შესახებ თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იცის. უზბეკეთის ქალაქ იანგულში დაბადებული ემა, რომელიც ხატვის დაწყებამდე მოდელად მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში, ემოციური ნახატებით, ოდნავ მანერული, სპეციალურად დეფორმირებული პერსონაჟების პორტრეტებით და უტრირებული გამოსახულებებით - შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო საბჭოთა სახელოვნებო სცენაზე, რომლებიც ე.წ. აუთსაიდერ ხელოვნებას ქმნიდნენ. 


© გურამ კაპანაძე

სიმპოზიუმი 14 სხვადასხვა თემით და განსხვავებული გამოცდილების მქონე სპიკერით მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პლატფორმაა დღევანდელ კონტექსტში, სადაც საბაზისო საკითხებზე სალაპარაკო და სამსჯელო სივრცეების სიმწირეა, საკვლევი არეალი კი გაფართოებას საჭიროებს.


რუსთაველის 18 ნომერში, დავით კაკაბაძის საარქივო მასალების გამოფენის დათვალიერება მსურველებს წლის ბოლომდე შეუძლიათ. 


BAZA-ს სამომავლო გეგმა კი ვებ-გვერდის შექმნაა, რომელიც არქივისა და ახალი ცოდნების გენერირების, სტრუქტურირებისა და გაზიარების ფუნქციებით იქნება დატვირთული. ვებ-პლატფორმა გააერთიანებს, როგორც BAZA-ს საგანამანათლებლო პროგრამის ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებების დოკუმენტაციას, ასევე თავს მოუყრის ქვეყნაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე კულტურულ პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.


ავტორი: ნასტასია არაბული

ფოტო: ელენე შენგლია