ბიზნესი სიახლეები

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის გამარჯვებულები

დეკემბერი 22, 2020

ბიზნესდაჯილდოება უკვე მეხუთე წელია თიბისის ორგანიზებით წარმატებით იმართება. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივოვებებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც საუკეთესო მაგალითი აჩვენა ადაპტაციისა.


 გარდა ამისა, წელს სხვა სიახლეებიცაა ბიზნესდაჯილდოებაში. ნომინაციის „საუკეთესო სტარტაპისთვის“ მხარდამჭერი ჟურნალი FORBES GEORGIA გახდა, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.

 

პროექტის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია! თითოეული გამარჯვებული თიბისისგან განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს, ისინი ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს ამ სამიდან აირჩევენ: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყოფა.

გამარჯვებული კომპანიები 5 ნომინაციაში ასე გადანაწილდნენ:


ალტერსოქსი

„ალტერსოქსის“ წინდების ერთი წყვილი ალბათ ყველა ჩვენგანს აქვს. რამდენიმე წელიწადში სტარტაპმა, რომელიც ახალგაზრდა წყვილმა დაარსა, საკმაოდ ორიგინალური მარკეტინგული კამპანიებით და ბიზნესმოდელით საქართველოში პოპულარობაც მოიპოვა და გაყიდვებიც გაზარდა, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, ამჟამად „ალერსოქსის“ ფერადი წინდები მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

„ალტერსოქსის“ დამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი ფიქრობს, რომ მათ წარმატებას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთ კი ისაა, რომ ახლა წინდები უბრალოდ საჭირო აქსესუარი კი არა, არამედ სასიამოვნო და სახალისო საჩუქარიცაა.

„ეს განაპირობა ჩვენმა ახლებურმა მიდგომამ, რომ წინდებისთვის უფრო მეტი დატვირთვა მიგვენიჭებინა, ვიდრე ტრადიციულად იყო მიღებული. ჩვენ წინდებზე ქართული თემატიკა დავიტანეთ, ღვინო, სამზარეულო, ანბანი, და ა.შ. ამით ხელს ვუწყობთ ქართული იდენტობის გავრცელებას და პოპულარიზაციას,“ - ამბობს რეზი. 


„ალტერსოქსი“ მუდმივად ცდილობს სიახლეების დანერვას, მაგალითად, სწორედ მათ ეკუთვნით საქართველოში წინდების ვენდინგ მანქანით გაყიდვის წარმატებული პრაქტიკა. „ალტერსოქსის“ ფერადი წინდები ასეთივე წარმატებით იყიდება ამაზონზეც.


სულ მალე კომპანია მომხმარებელს წინდებივით ფერად და საინტერესო პირბადეებს შესთავაზებს.

ბილიკი

„ბილიკი“ 2019 წელს შექმნილი ტურისტული აპლიკაციაა, რომელიც სალაშქროდ წასულებს მოგზაურობას უადვილებს და ლაშქრობას სასიამოვნოს ხდის.


პლატფორმა ერთმანეთან აკავშირებს ერთის მხრივ მოგზაურებს და მეორე მხრივ ტურისტულ კომპანიებს, რომელთაც სურთ, რომ თავიანთი ტურები შესთავაზონ მომხმარებლებს. ჯერჯერობით აპლიკაცია მხოლოდ საქართველოს შიგნით მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ, მაგრამ სამომავლოდ „ბილიკი“ ევროპის მარშრუტების ათვისებასაც გეგმავს.

„ბილიკის“ დამფუძნებელი თორნიკე ცირამუა გვიყვება, რომ აპლიკაციას უკვე 4000 აქტიური მოგზაური ჰყავს და 20-მდე კომპანია, რომელთანაც თანამშრომლობენ, მათ შორის ისეთი მაღაზიებიც, სადაც მოგზაურებს სალაშქრო ინვენტარსა და ტანსაცმელზე ფასდაკლებას სთავაზობენ აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში.


ერთი სიტყვით, „ბილიკში“ დაგხვდებათ ყველაფერი მოგზაურობის შესახებ, მათ შორის, აპლიკაციის მომხმარებელთა შეფასებები მოგზაურობის დროს ნანახ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებზე, სასტუმროებსა თუ კვების ობიექტებზე. 

ბაიოქიური

კომპანია „ბაიოქიურს“ ინოვაციური იდეა საკუთარი დაპატენტებული საშუალება — ნავთობ ნახშიროწყალბადების რემედიაციის ბიოტექნოლოგია აქვს. როდესაც ნავთობი იღვრება, მას ჯერ მექანიკურად წმენდენ, თუმცა, ბოლომდე გაწმენდა შეუძლებელია, რის გამოც ნავთობი ნიადაგში შეიწოვება და წყალშიც ჟონავს. ამ პირველი ეტაპის, ანუ სწრაფი გამწენდის შემდეგ, იწყება რემედიაციის სტადია, როდესაც ნავთობი არამექანიკური ტექნოლოგიით იშლება, რათა ბუნებაში აღარ იყოს და არ ჰქონდეს მომწავლელი ეფექტი.


ეს ტექნოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას ემსახურება — მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მცირე რაოდენობას, თუკი სასმელ წყალში არ მოხვდა, განსაკუთრებული ეფექტი არ აქვს, იგი მაინც საზიანოა გარემოსთვის. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდაა შექმნილი ისეთი ტექნოლოგიური საშუალებები, როგორიც ბიორემედიაციაა — როდესაც პროცესი ბაქტერიების საშუალებით წარიმართება.

„ჩვენ მიერ შექმნილ ტექნოლოგიას უნიაკალური მიდგომა გააჩნია — ყოველ ჯერზე ჩვენ გამოვყოფთ ადგილობრივ ნავთობის მჭამელ ბაქტერიებს, რომელთა მეშვეობითაც ტერიტორიის დასამუშავებელი ბიოსუსტენცია იქმნება. სწორედ ეს ფაქტი განსაკუთრებით ეფექტურს ხდის ამ პროცესს," - ამბობს თემო რუხაია, „ბაიოქიურის“ წარმომადგენელი.

ჩიკატაი

„ჩიკატაი“ 2017 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელი მელოდიებით ქმნის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს. თავად ჩიკატაი კი, წეროა, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური ცხოვრებაში მუსიკით იწყება და ამიტომაც პირველად მოსმენილ ჰანგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „პირველი ჰანგები მნიშველოვანია“ - ამ შთაგონებით იქმნებაში „ჩიკატაის“ სათამაშოები ყველაზე პატარებისთვის.


კომპანიას საქმიანობა არც პანდემიის პერიოდში შეუწყვეტია. მეტიც, მათ სოციალური პასუხისმგებლობის ორი პროექტი წამოიწყეს, რომლებიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ეხმაურება.

„ბუნების მსოფლიო ფონდის მხარდასაჭერად ჩვენ საქველმოქმედო პროდუქტი შევქმენით, ეს არის სათამაში ქურციკი, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხა ამ ცხოველის გადარჩენას და გამრავლებას ხმარდება. მოგეხენებათ საქართველოში ქურციკი გადაშენებული იყო და ბუნების მსოფლიო ფონდმა ის მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოიყვანა. ჩვენ ჩვენი მხრივ მონაწილეობას ვიღებთ ამ კეთილ საქმეში,“ - ამბობს „ჩიკატაის“ დამფუძნებელი თამარ ბუიღლიშვილი.


მაგრამ ეს ყველაფერი არაა, „ჩიკატაი“ გარემოს დაცვაზე სხვა მხრივაც ზრუნავს. მათ შექმნეს სათამაშოები, რომელიც მეგობარი ბრენდის „სპილოუს“ ტანსაცმლიდან მორჩენილი ნაჭრებით იკერება. ამ ერთი შეხედვით პატარა ნაბიჯით, „ჩიკატაი“ წვლილი შეაქვს საწარმოო ნარჩენების მინიმუმადე დაყვანაში და ამართლებს ნათქვამს „პატარა ნაბიჯიც მნიშვნელოვანია“.

ჟუჟუნა

თუკი ერთხელ მაინც ყოფილხართ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილას, აუცილებლად გასინჯული გექნებათ „ჟუჟუნას“ ღვინო, რომელიც თავისი მშვენიერი, მსუბუქი ხილის არომატებით განსაკუთრებით იზიდავს ადამიანებს. მაგრამ ეს ყველაფერი იყო პანდემიამდე, სანამ ქვეყანაში ლოქდაუნი გამოცხადდებოდა და „ჟუჟუნა“ იმ გარემოს გარეშე დარჩებოდა, რომელშიც ბრენდი არსებობდა. 


ამას მოყვა გადარჩენის გზების ძიება, რომ როგორმე „ჟუჟუნას“ ჩამოსასხმელი ღვინო იმ მომხმარებლამდე მიეტანათ, რომელსაც საყვარელი სასმელი განსაკუთრებით ენატრებოდა. პირველ ეტაპზე ვოლტის და გლოვოს სერვისით ისარგებლეს და შეკვეთის შემთხვევაში, თანად ასხამდნენ ღვინოს ბოთლებში და თან კოქტეილების მოსამზადებელ ინგრედიენტებსაც უგზავნიდნენ მომხმარებელს.

www.businessaward.ge