ბიზნესი

Askaneli "Winery & Distillery" - როცა ნიადაგი განსაზღვრავს ნაყოფს!

აქ.ახლა - თიბისი ბიზნესისთვის

აგვისტო 26, 2020

ბევრი იზიარებს მოსაზრებას, რომ ადამიანის ცხოვრებას მისი დაბადების ადგილი და ის სივრცე განსაზღვრავს, რომელშიც ის იზრდება და ვითარდება. ადამიანები და გარემო ჩვენზე ყოველდღიურად ზემოქმედებენ და ჩვენს შემდგომ პირად და პროფესიულ წარმატებასა თუ მარცხს განაპირობებენ. აქ, ახლა ითესება ის მარცვალი, რომელმაც მომავალში სასურველი ნაყოფი უნდა მოგვცეს. 

დაარსების დღიდან თიბისის პარტნიორის, კომპანია „ასკანელის" დამფუძნებლის, გოჩა ჩხაიძის შემთხვევა სწორედ ამის მაგალითია. დღეს უკვე ბრენდად ქცეულ სახელწოდება წარსულში და იმ ადგილას გვამოგზაურებს, სადაც კომპანიის ისტორია დაიწყო და რომელშიც გოჩა ჩხაიძის მომავალი საქმის პირველი მარცვლები ჩაიყარა.

სოფელ ასკანაში მცხოვრები დიდი ბაბუა - ანთიმოზ ჩხაიძიდან დაწყებული, ჩხაიძეების ყველა წინაპარი მეღვინეობას მისდევდა და საოჯახო ღვინოს აწარმოებდა. გოჩა ჩხაიძის ღვინის მიმართ სიყვარული და მომავალი საქმიანობა სწორედ მისი ბავშვობის წლებში, გურიასა და კახეთში განისაზღვრა, სადაც ოჯახის ყველა წევრი ვენახთან, რთველთან, ქვევრთან იყო დაკავშირებული. სწორედ გურული ანთიმოზ ბაბუის დატოვებული, 1880 წლით დათარიღებული ქვევრის ღვინით დაიწყო გოჩა ჩხაიძის, როგორც მეღვინის ისტორია.

1998 წელს კომპანია „ასკანელი“ ოფიციალურად გაფორმდა. 2004 წელს ასკანელებმა ღვინის ჩამოსხმა ლილოში, საკუთარ საწარმოში განაგრძეს. 2014 წლიდან კი წინაპრის ქვევრის დამზადების თარიღი, 1880 წელი, უკვე განახლებულ ლოგოზეც დაიტანეს, როგორც ღვინისა და კონიაკის ერთ-ერთი მთავარი ღირსების, სიძველის ნიშანი.


კრიზისული წლების დაძლევისა და თიბისის მხარდაჭერით მუდმივი განვითარების ფონზე, მალე „ასკანელი“ ღვინის, ჭაჭისა და ბრენდის მწარმოებელ ერთ-ერთ პირველ ქართულ კომპანიდ იქცა, რომლის ეტიკეტიც უკვე გულისხმობს უმაღლეს ხარისხს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ჰოლანდია, კვიპროსი, ჩეხეთი, ფინეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ჩინეთი, აშშ, კანადა, ინდოეთი, ისრაელი, რუსეთი, ბელორუსია და სხვა.

გურიასა და კახეთში 422 ჰექტარ მიწაზე გაშენებული კახური და დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებიდან მოწეული მოსავლით დღეს კომპანია 160 სხვადასხვა ეტიკეტის, 36-ზე მეტი სახეობის პროდუქტს ქმნის.

ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს „ასკანელის“ ბრენდი, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში მუხის კასრებში შენახული ძველი საბრენდე სპირტებისგან მზადდება. ტრადიციულ მეთოდზე დაფუძნებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ ბრენდს სხვა მსგავსი სასმელისგან ინტენსიური ფერები, სასიამოვნო და მსუბუქი, დასამახსოვრებელი გემო გამოარჩევს.


კომპანიაში მოწვეული პროფესიონალი მეღვინეები ახერხებენ ძველი, ბაბუების დანატოვარი რეცეპტების თანამედროვე ტექნოლოგიებთან უნიკალურ შეხამებას, რაც „ასკანელის“ პროდუქციას დაუვიწყარ, ხანგრძლივად გამყოლ არომატს ანიჭებს. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გურული ენდემური ჯიშის ყურძენი, როგორიცაა, მაგალითად, ჭეიშვილის მიერ გამოყვანილი „ჭეიშვილი“, ასევე ჩხავერი, ჯანი, საკმიელა - გაგვეშენებინა და ბრენდად გვექცია."

„გურიას დაემატა კახეთი, სადაც 12 ჯიშის ყურძენი გვაქვს ჩაყრილი, როგორც კახური, ასევე დასავლეთ საქართველოს ჯიშები: მუსკატი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი, ალექსანდროული, მუჯურეთული, ჩხავერი, საფერავი, უდეშური საფერავი. ამჟამად ვმუშაობთ როგორც კლასიკურ, ასევე საავტორო ხაზზე, ქვევრის ხაზზე და სუპერპრემიალურ ღვინოებზე, რომლებიც გაერთიანდება „Gochas´s Collection“-ში“ და მალე გავაცნობთ მომხმარებელს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გოჩა ჩხაიძე.

ყველა ღვინო ჯიშის, ხარისხისა და წარმოშობის რეგიონის მიხედვით შერჩეული ყურძნისგან მზადდება. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „რქაწითელი ქვევრი“, რომელიც 6 თვის განმავლობაში ტრადიციული წესით, ქვევრებში, ჭაჭაზეა დაყენებული. ასევე ახალი პროდუქტი - „მუზა“ - ოთხი ღვინის კუპაჟი, რომელსაც მომხმარებელი მალე დააგემოვნებს.

აინტერესოა, რა არის ის, რაც „ასკანელების“ აზრით, მათი პროდუქცია ხარისხის გარანტად აქცია? 

„პირველ რიგში, ვენახი. ყველა ვენახს თავისებური მოვლა სჭირდება, უნდა იცოდე, როგორ მოუარო, თუ გინდა, რომ განსაკუთრებული ყურძენი მიიღო. შემდეგ მოდის მეღვინის ოსტატობა - აქ უკვე მნიშვნელოვანია, რა ტექნოლოგიით მუშაობს მეღვინე, რა ფერმენტატორებს გამოიყენებს, როგორ აწარმოებს დუღილის პროცესებს, როგორ აკონტროლებს მეორად დუღილს. კარგი ღვინო ბევრი რამის კომბინაციაა - დაწყებული ნიადაგიდან, დამთავრებული დაბოთვლამდე, რომ მიაღწიო იმ განსაკუთრებულობას, რომლითაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად გამოვირჩევით“. 

2019 წლის რებრენდინგის შემდეგ, როგორც დამფუძნებელი ამბობს, განახლებული კომპანია მუშაობს ახალ, განსაკუთრებულ პროდუქტზეც, რომელიც მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.

კომპანიის წარმატებისა და ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტი სანდო პარტნიორები არიან, მათ შორის ისეთი ძლიერი ფინანსური მხარდამჭერი, როგორიც „ასკანელისთვის“ თიბისია. არსებული კრიზისის მიუხედავად, კონკურენტული უპირატესობებისა და ძლიერი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, კომპანია არა მხოლოდ წარმატებით ართმევს თავს გამოწვევებს, არამედ გაყიდვებიც გაზარდა.


სახელმწიფო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული რესურსი თიბისის აძლევს საშუალებას „ასკანელ ძებს“ დაფინანსების გაუმჯობესებული და მოქნილი პირობები შესთავაზოს როგორც კაპიტალური დანახარჯებისთვის, ისე ვენახების გასაშნებლად.  

ინტუიცია, ცოდნა, ადამიანებთან კომუნიკაცია - ის მთავარი კომპონენტებია რომლებიც, გოჩა ჩხაიძის აზრით, ბიზნესს წარმატებად აქცევს. მთავარი კი ძალისხმევაა და მუდმივი მზადყოფნა საქმისთვის - „ის, რაც შეგიძლია გააკეთო ხვალ, უნდა გააკეთო გუშინ“ - „ასკანელის“ წარმატების მოკლე და არც ისე მარტივი ფორმულა.


ავტორი: მაია ლიპარტელიანი