განათლება

არის ერთი ნიუანსი

ნიუანსის გარეშე მოსაწყენია?

ნოემბერი 05, 2025

შეხვედრაზე ვიჯექი და უცებ დავაფიქსირე, რომ მკლავები მკერდზე მქონდა გადაჯვარედინებული.


ვიფიქრე, ვახ, ნეტავ რატომ ვარ თავდაცვით პოზაში? თავს არავინ მესხმის. საქმიანი საუბარი გვაქვს, რომელიც მე მაინცდამაინც არც კი მეხება. ისედაც, თითქოს არც ვგრძნობ თავს დაძაბულად. ნეტავ რაშია საქმე?

ჰოდა, უცებ დამარტყა თავში. საერთოდაც ვინ დაადგინა, რომ ეს გადაჯვარედინებული ხელები აუცილებლად თავდაცვას ნიშნავს? ალბათ კვლევები იქნება მაგაზე ჩატარებული მეთქი, ვიფიქრე. ცხადია, იყო მაგაზე კვლევები ჩატარებული. მთელი დღე მაგეებს ვკითხულობდი.

ხშირად მემართება ხოლმე ეგრე. ან „ტიკ-ტოკს“ ვნახავ, სადაც „იცით-თუ-არა-რომ“ ფაქტებს ყვებიან და მერე შეიძლება ერთი კვირა ვიკვლიო, სიმართლეა იქ მოყვანილი ამბავი, ტყუილია, თუ - გააჩნია.

როგორც წესი, გააჩნია ხოლმე. აი, ის მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები თურმე მართლა შეიძლება ნიშნავდეს თავდაცვის პოზაში ყოფნას. ამავე დროს, შეიძლება არც ნიშნავდეს. კონტექსტს გააჩნია. შეიძლება ცივა ადამიანს. ზოგი ეგრე გრძნობს თავს უფრო კომფორტულად. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

ჩვენი ვიდეოების ამ ახალი სერიის - „არის ერთი ნიუანსი“ - არსი სწორედ მსგავსი ცნობისმოყვარეობით არის შთაგონებული.

ვიღებ ხოლმე თითქოს მარტივ შეკითხვას (ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები მართლა განსაზღვრავს, ვინაა ლოგიკური და ვინ - ხელოვნებისაკენ მიდრეკილი? თუ აგრესიულ მუსიკას ვუსმენ, ხასიათში გადამივა? რა სიხშირით იტყუება სიცრუის დეტექტორი?) და შემდეგ პატარა კვლევას ვატარებ.

ორი რამე მაინტერესებს ხოლმე. ერთი, რას გვეუბნება მეცნიერება: რა კვლევები ჩატარდა, რამდენი, რა შედეგები მოგვცა და მეორე - როგორია ამ ყველაფრის კონტექსტი და რა ნიუანსები ახლავს თან.

„ტოპ 5 მოულოდნელი ფაქტი რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე“ კარგი წასაკითხი ან მოსასმენია. შეიძლება რამე ახალი და მოულოდნელი გაიგო. მაგრამ, იმის შანსიც დიდია, რომ ის ფაქტი სულაც არ იყოს ფაქტი.


ამ ჩვენს ვიდეოებში "სწრაფი პასუხები" სწორედაც რომ არ გვაინტერესებს. ჭეშმარიტება იშვიათად არის შავ-თეთრი. ყოველთვის არის ნიუანსი. ყოველთვის არის კონტექსტი. სწორედ ეგაა ხოლმე საინტერესო.

ზოგ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი არც გვაქვს ხოლმე. არა, ხანდახან პასუხი ცალსახაა, მაგრამ სხვა შემთხვევებში არაერთგვაროვან მტკიცებულებებს ვიღებთ. ზოგჯერ შეიძლება ბოლოს კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდეს. მგონია, რომ ეს უფრო სანდო გზაა, ვიდრე ზედაპირული სიცხადე.

ჩვენი ამოცანა არაა, რომ ვინმეს ვუთხრათ რა როგორ იფიქროს. ჩვენ გვინდა ვთქვათ: "აი რა აქვს ნათქვამი მეცნიერებას, აი როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე, აი რა კითხვები რჩება ჯერ კიდევ უპასუხოდ" და “აი, ასეთი ნიუანსი არსებობს.”

ნიუანსის გარეშე, აბა რა აზრი აქვს რამეს.

უყურე პირველ ეპიზოდს 👇🏻

ავტორი: ნიკო ნერგაძე

ფოტო: George Van de Kamp