კულტურა

დოგმებს მიღმა: ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა

სექტემბერი 25, 2025

ლადო ალექსი-მესხიშვილის არქიტექტურა საბჭოთა პერიოდის საქართველოში შექმნილი ნაშრომებისგან ძალიან გამოირჩევა. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მის მიდგომაშია.

ლადო ალექსი-მესხიშვილს აქვს უნიკალური არქიტექტურული ენა, რომელიც საბჭოთა სისტემის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ტრანსფორმაციებთან ერთად ვითარდება და ხშირად მათთან კონფლიქტშიც კი მოდის.

© საქართველოს ეროვნული არქივი

ლადოს შემოქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი მუდმივი ძიებაა – დოგმებს და წესებს მიღმა ფიქრი, ტრანსფორმაციის უნარი.

გარდამავალი პერიოდის პროექტებში აშკარად ჩანს ორი, ერთმანეთისგან ესთეტიკურად და იდეოლოგიურად განსხვავებული ფორმის ერთიანობაში მოყვანის მცდელობა, რაც ნათლად გამოჩნდა სპორტის სასახლეზე მუშაობის პროცესში. საბოლოო ჩანახატებში, რომელთა საფუძველზეც პროექტი განხორციელდა, მოდერნისტული მიდგომების და ეროვნული ელემენტების სინთეზი იკვეთება.

© ლადო ალექსი-მესხიშვილის საოჯახო არქივი 

“მე უკვე საკმაოდ ბევრი ავაშენე,გამოცდილებაც მეტია, ცოდნაც დაგროვდა, მაგრამ ეს არ ამცირებს შემოქმედებით სირთულეებს, რადგან საკუთარ თავთან მოთხოვნები მუდმივად იზრდება. ”

“ყოველთვის მსურს, თითოეული შენობა უკეთ იყოს დაკავშირებული რელიეფთან, ლანდშაფტთან. მსურს, ვიპოვო უფრო მკაფიო პროპორციები, ზუსტი გამოსახულება."

ნებისმიერი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებს, მაგრამ ამავდროულად, მკაფიოდ უნდა ასახავდეს იმ გარემოსთან კავშირს, რომელშიც შენდება.”


ლადო ალექსი-მესხიშვილი


გარემოსადმი მგრძნობელობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებაში. სტილისტიკურ განსხვავებებს მიღმა, მისი მთავარი საფიქრალი არქიტექტურული ობიექტების ლანდშაფტში განთავსება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი საკვანძო პროექტების უმეტესობა ურბანული გარემოსთვის იყო შექმნილი, არქიტექტორი მათთვისაც ქმნიდა ხელოვნურ ლანდშაფტს.

© საქართველოს ეროვნული არქივი

შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელ ჰორიზონტალურობას შენობების, როგორც რელიეფის გაგრძელების წარმოჩენა განაპირობებს. ამ დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითებია ესკიზები, რომელშიც არქიტექტურა გარემოდან ამოიზრდება და ჰარმონიულად ერწყმის მას. ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტის სინთეზის კულმინაცია - ხელოვნური გეოფორმაციებია, რომელშიც არქიტექტურა პრაქტიკულად ლანდშაფტად იქცევა.

© ლადო ალექსი-მესხიშვილის საოჯახო არქივი 

“ბატონი ლადოს ამაღლებული შემოქმედებითი პოტენციალი და ზომიერება, რომელსაც ქვეყნის არქიტექტურულ და ინტელექტუალურ წარსულთან ჰქონდა კავშირი, საინტერესო მაგალითია იმათთვის, ვისაც თავი მარტო წარმოუდგენია, ქალაქი კი მისი დანამატი ჰგონია."

Giorgi Chanturia

"მართალია, თბილისი შედევრების გამოფენა არ არის, მაგრამ როდესაც ბატონი ლადოს მადლდასმულ შენობებს ჩაუვლი, არ შეიძლება ქალაქის ან არქიტექტურის მოყვარულ ადამიანს, შენობებისადმი სიახლით, სითბოთი და ქალაქის სიყვარულით დაჯილდოებული კაცის ნამოღვაწარის შთაბეჭდილება არ შეგექმნას."

Giorgi Chanturia

"მგონი, ლადო დღევანდელი დღისათვის მოღვაწეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნამუშევრები კი არ ბერდება (როგორც ზოგიერთ ნაწარმოებს ემართება ხოლმე), არამედ ისინი დღეს აშენებულებივით დგანან და როგორც ჩანს, ასე დიდხანს იქნებიან იმ ახალგაზრდული ენერგიით გაჟღენთილები, რომელიც ლადო ალექსი-მესხიშვილის განსაკუთრებულ არქიტექტურულ ალღოზე მეტყველებს.”

ნოდარ ქვათელაძე, ლადო მესხიშვილის მოსწავლე

© ლადო ალექსი-მესხიშვილის საოჯახო არქივი 

არ არის გასაკვირი, რომ არქიტექტორის ყველაზე რადიკალური იდეები, ჩანახატების სახით გვხვდება.

© ლადო ალექსი-მესხიშვილის საოჯახო არქივი 

ლადო ალექსი-მესხიშვილისთვის ხატვა ფიქრის და გამორკვევის ინსტრუმენტია. მაგალითად ავიღოთ მასშტაბის და დეტალიზაციის საკითხი. ალექსი-მესხიშვილის პირად არქივში აღმოჩენილი ბევრი ნახატი იმდენად მცირე ზომისაა, რომ ხელისგულზე ეტევა. ამ მცირე მასშტაბის მხოლოდ ჟესტების თუ კომუნიკაციის ეკონომიით ახსნა, მცდარი იქნება. ჩანახატის მცირე ზომით დაწყება და მისი მასშტაბის თანდათან, გადაწყვეტილების მიღებასთან ან დაზუსტებასთან ერთად გაზრდა, კანონზომიერება არ არის. მასშტაბის შეცვლა, პატარიდან დიდამდე და პირიქით, ერთგვარი კალიბრაციის ხერხია და პროექტირების სხვადასხვა ეტაპზე გვხვდება. ეს მეთოდი გამოიყენება ინფორმაციის დამატების ან კორექტირების მიზნით, რაც ფორმის მთლიანობის და არქიტეტურული დეტალების თანხვედრაში მოყვანის საშუალებას იძლევა.

© თემურ მიქაშავიძის საოჯახო არქივი

ლადო ალექსი-მესხიშვილის პროექტებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შიდა სივრცეს და გარე ფორმას შორის ურთიერთობას. მათი განგრძობითი ხასიათი მიღწეულია სივრცული შრეების გადანაწილებით/აკინძვით, სადაც შენობის შუაგული მასში გადაადგილებით თანდათან ჩნდება.

 © თემურ მიქაშავიძის საოჯახო არქივი

გავიხსენოთ ცენტრალური ტელეგრაფის შენობა, რომლის ფასადის უკან ორი ატრიუმი იმალება. ქვით მოპორკეთებული მონუმენტური ფასადი, მასიური კოლონადით და მკაცრი გეომეტრიით, ძალიან განსხვავდება ტექნიკური დანიშნულების შიდა სივრცეებისგან.

 © თემურ მიქაშავიძის საოჯახო არქივი

ატრიუმი მხოლოდ თანამშრომლებისთვის იყო ხელმისაწვდომი და სრულად გამიჯნულია საზოგადოებისთვის განკუთვნილი სივრცეებისგან. ამგვარად, შენობის შიდა და გარე იერსახე საკმაოდ კონტრასტულია.

 © თემურ მიქაშავიძის საოჯახო არქივი

ჭადრაკის სასახლეში და ალპურ კლუბში ასევე გვხვდება ინტერიერის და ექსტერიერის კომპლექსური ურთიერთობა. ფასადის ჰორიზონტალური განლაგება მთავარი დარბაზის ვერტიკალური მოცულობით იკვეთება, რისი აღქმაც მხოლოდ შიგნიდანაა შესაძლებელი.

Giorgi Chanturia

© გერმანე ღუდუშაურის არქივი 

დარბაზის მომრგვალებული კედლები არღვევს შენობის სწორხაზოვან მოხაზულობას და განსაზღვრავს მის გარშემო მოწყობილ სივრცეებს როგორც გეგმით, ისე ზედაპირის დამუშავებით.

© საქართველოს ეროვნული არქივი

სპორტის სასახლის შემთხვევაში, სივრცითი გამოცდილება სტრუქტურირებულია პატარა სივრცეებიდან გრანდიოზულ დარბაზამდე პროგრესიით. აქ შიდა და გარე სივრცეების ურთიერთობის მთავარი მექანიზმი მასშტაბების კონტრასტია.

© საქართველოს ეროვნული არქივი

ლადო ალექსი-მესხიშვილისთვის სინათლის გამოყენება და მისი ეფექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამას როგორც მის მიერ აშენებული ობიექტები, ისე სასწავლო ჩანახატები ადასტურებს. ჩრდილი აღქმულია როგორც ცვალებადობის გამომხატველი ფენომენი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს შენობის მატერიალურობა და მისი აღქმა.

 

სინათლეს შეუძლია სივრცეები ერთმანეთისგან გამოჰყოს და მათ შორის გარკვეული იერარქია შექმნას, რაც სპორტის სასახლის შემთხვევაში, ზედა დერეფნის სახით ვლინდება, რომელიც ამავდროულად განათებული სარტყელია.


განათება პოტენციურად სივრცის გამოყენებასაც ცვლის - მაგალითად, არქიტექტორს გამოყენებული აქვს მოძრავი პანელები, რომელიც ჭადრაკის სასახლის დარბაზს დღის განათებით ავსებს.

© გერმანე ღუდუშაურის არქივი 

ენა, სივრცითი კონცეფციები და მუშაობის მეთოდი კონკრეტულ ეპოქას და გარემოს მიეკუთვნება, თუმცა კითხვები, რომელიც არქიტექტურული ნამუშევრების შემეცნებისას იბადება, არ შეიძლება უგულვებელვყოთ. დღემდე აქტუალურია ის პრობლემები, რომლებზეც ლადო ალექსი-მესხიშვილს ფიქრი უწევდა და მისი მემკვიდრეობა, პირველ რიგში, თანამედროვე გამოწვევებზე მოხერხებული პასუხია.


ავტორი: დიმიტრი ერისთავი