ცისფერი მთები

შემოდგომა აჭარის მთებში

ცისფერი მთები

დეკემბერი 08, 2020

აჭარის მთებში გატარებული შემოდგომის ეს რამდენიმე დღე წარუშლელ და ფერად მოგონებად დარჩება ჩემს მეხსირებაში.

ოქტომბერში უკვე დაცლილი იაილები - აჭარელ მეჯოგეთა საზაფხულო სადგომები და იქ შემორჩენილი რამდენიმე ადამიანი, რომელთა ლანდიც მორცხვად გაკრთებოდა ხოლმე ხის სახლებს შორის. თავად იაილებამდე მიმავალი გზებიც, რომელიც დაბლობში ჯერ თითქმის სულ მწვანე იყო და მაღლა და მაღლა ჩემს თვალწინ ფერადდებოდა. 

ჩვენი გზა ქედის რაიონის სოფელ გოგიაშვილებში იწყება, სადაც ნატურალისტი ჯიმშერ მამუჭაძე ცხოვრობს მშობლებთან ერთად. აჭარული დაუძალებელი სტუმართმოყვარეობა - „შეგერგოთ“, ჩემი მასპინძლების პატარა თამბაქოს პლანტაცია და ჯიმშერის დედასთან დასახმარებლად მოსული მეზობელი ქალები, ერთად ღეროებს რომ აცლიან თამბაქოს ფოთოლს. თითქოს სხვა ქვეყანაში ვარ, აქაური საჭმელიც სხვანაირად გემრიელია. თამბაქოს ფოთლებით დატენილი ტომრები საჭრელში მიგვაქვს, ვწონით და დასაჭრელად ვუტოვებთ. კახეთში იტყვიან: წლის მოსავალიო... იმერეთში სიმინდის მარცვლით სავსე ტომრების წისქვილში წაღებაც მომაგონა, წისქვილის სუნი და იქ შეკრებილი კაცებიც გამახსენდა, ოღონდ თამბაქოს საჭრელში სულ სხვა სურნელი დგას. ცოტა მეტი ხნით მინდება იქ დარჩენა... 

გარშემო სუბტროპიკული ბუნება, მთებს გამოდებული ნისლის ნაგლეჯები და წუხანდელი წვიმით დაჟივებული ჰაერი. ჩვენ მანქანაში ვლაგდებით უკეთესი ამინდის იმედად და ჩირუხის ხეობას მაღლა მივყვებით.

ჯიმშერი მანქანას აჩერებს და კლდეზე დამაგრებულ ცილინდრის ფორმის რამდენიმე ხის ნაკეთობას მაჩვენებს. ეს ჯარაა, გარეული ფუტკრის მოსაზიდად გაკეთებული სკა, რომელსაც პირველად ვხედავ. ასეთ მეფუტკრეობას მხოლოდ აქ მისდევენ და მთელ აჭარაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი ვინც მამა-პაპურად მოიპოვებს თაფლს. ჩემს მიერ ნანახი ჯარაც უკვე მიტოვებულია. 

ჩირუხის წყლის ხეობის სილამაზეები, მთიანი აჭარის სოფლები, გაყვითელებული ხეები და სახლებიდან ამოსული კვამლი და აი, სოფელ წელათის მერე ფოთლოვანი ტყე ნელ-ნელა ადგილს უთმობს ნაძვს, სერპანტინზე ავდივართ და ვხვდებით მეჯოგეთა საზაფხულო დასახლება ჩირუხში, რომელიც ჩემს მიერ ნანახ იაილებს შორის ყველაზე ლამაზია. აქედან თურქეთი ერთი ხელის გაწვდენაზეა. აჭარის ყველაზე მაღალ წერტილს კენჭიანის მთას ნისლის გამო ვერ ვხედავთ. მეორე დღეს ისე დავტოვებთ ჩირუხს, რომ ვერ დავინახავთ, მიუხედავად რამდენიმე თვის წინ გაკეთებული ნებართვისა, სასაზღვრო მთაზე მესაზღვრეები არ გვიშვებენ, ან არადა სწორედ კენჭიანის ფერდობებზე არის ყველაზე დიდი შანსი ვნახოთ და გადავიღოთ მურა დათვი, რომელიც ჯიმშერს ბევრჯერ უნახავს, სხვა ნატურალისტებს, ფოტოგრაფებს და კინოდოკუმენტალისტებს მოხმარებია მის ნახვაში, მაგრამ მე არ მიმართლებს. 

ღამეს ერთ-ერთ ქოხში ვათევთ შუახეველ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებსაც ჩირუხში წყალი გაყავთ. ჩვენ ბლომად გვაქვს სასმელი, იმათ აჭარული ბორანო და საკუთარი ხელით გამომცხვარი პური, სალაპარაკოც არ ილევა, ქოხის კარი იღება და ვიღაც კაცი უხმოდ გვიდებს მაგიდაზე ყაიმაღს - აქაურ არაჟანს. კაცი ქრება, თურმე ყრუ მუნჯია, ბიჭები მოიკითხა, არ დარჩა - თითქოს არც მენახოს, ისე გაქრა...

დილით უამრავ დათვის კვალს ვნახულობთ დაბის გარშემო, განსაკუთრებით იმ ადგილზე, სადაც უზარმაზარი პანტის ხეები იზრდება. დათვის სხვა დანატოვარსაც ვნახულობ და ვრწუმნდები, რომ პანტა მართლა ბევრი უჭამია...


უზარმაზარ ნაძვებს შორის გაყვითლებული გვიმრები, ამაზე ლამაზი იშვიათად მინახავს რამე და თითქოს ეს არ კმაროდა, წინ ხმაურით მიფრინდება ტყის ქათამი, გვიმრების თავზე მიფრინავს და ნისლში უჩინარდება. ახლა ნახატი შეივსო, ამაზე ლამაზი მართლა არაფერი მინახავს.


მერე ისევ გზა... თურქეთის საზღვრის გასწვრივ ვმოძრაობთ. შრატიანი ტბიდან ყარა გიოლის ტბამდე, ფაქტიურად სულ ნისლში ვართ. იშვიათად გადაიყრება ჯანღი და მაშინ კი ვხტებით მანქანიდან და ფოტოებს ვუღებთ ფოთოლგაცვენილ ცირცლის ბუჩქებს, მარადმწვანე დეკებს, მთის ლამაზ შემოდგომას.


შემდეგ ღამეს სხვა იალალში საიჩარში (ახალდაბა) ვათევთ ჯიმშერის ბიძის ქოხში, აქვე სრულ გაპარტახებამდე მისული საბჭოთა დროინდელი მესაზღვრეების პოსტია. ამინდი გამოდის, იწმინდება და შორს ხიხანის ციხე მოჩანს. საღამოთი უკვე ძალიან ცივა, ჩვენ კი ცეცხლი გვინთია და კარგად ვართ. 

მეორე დილით ჯიმშერი ქოხის სახურავზე ადის, საკვამურს გმანავს, ზამთარში თოვლი რომ არ ჩავიდეს. კარს აჭედებს და გზას ვაგრძელებთ. დათვი ვერ ვნახეთ, მაგრამ ჯიმშერმა გადაწყვიტა, რომ მთელი მთიანი აჭარა მოვირბინოთ, რომ ყველა ლამაზი ადგილი ვნახოთ, რაც კი აქამდე არ მინახავს. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მთლიანად ჩემს მასპინძელს ვარ მინდობილი.

ერთმანეთს ენაცვლება ლამაზი სოფლები ლამაზი სახელებით, ბაკი-ბაკო, თხილვანა, ხეობაში ჩავდივართ და ისევ ზევით ვიწევთ. შუამთის იაილებზე ავდივართ. აქ თითქოს ნამყოფი ვარ.

მერე ვხვდები, რომ ამ პატარა ტბების ფოტოები მინახავს და თანაც არაერთი. აქაურობა სულმთლად ცარიელია და ქოხების მახლობლად, ტბის ნაპირებზე სილაში ისევ ვხედავ დათვის ნაკვალევს. 


შუამთის გადაღმა სრულიად ზღაპრულ ადგილს ვპოულობ. დრო მაქვს და ერთი საათი ფეხით ვსეირნობ მრგვალ ბორცვებში, სრულ სიჩუმეში, მსგავსი სილამაზის ადგილი მართლა ცოტა მინახავს.


ჩემი მასპინძლები მანქანასთან დარჩნენ, მე დრო გამიჩნდა მარტოობისთვის და იმისთვის, რომ ადგილს მოვუსმინო, არსად ვიჩქარო. ფოტოები გადავიღო. შუადღეა და დიდი ვერაფერი განათება, მაგრამ მაინც. ამ მომცრო ნაძვებით და ფერადი ქვეტყით მოფენილ ბორცვებს შორის ხეტიალისას მიჩნდება გრძნობა, რომ ახლა რაღაც უნდა მოხდეს. რაღაც უნდა ვნახო, უნდა დავჯილდოვდე იმისთვის, რომ ასე მომწონს აქაურობა, რომ მორიგი მოსახვევის მერე რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრა მელის იმიტომ, რომ კარგი გულით და თავმდაბლობით ვარ აქ მოსული. შეხვედრა? დათვთან? ალბათ, ვფიქრობ დათვზეც, თუმცა ისიც ვიცი, რომ ასეთი შეხვედრა ასე მარტივად არ ხდება, მაგრამ მოლოდინს მართლა მიჩენს ეს ადგილი მოლოდინს და ცოტა შფოთსაც, მაგრამ სრულიად არაფერი... მხოლოდ ცეროდენა ჩიტი ჭინჭრაქა დაძვრება ბუჩქებში და პატარა ტბაში დაცურავს მარტოხელა ტრიტონი... 

მანქნასთან ვბრუნდები, წინ გრძელი გზა გვაქვს. სხალთის ხეობაში ჩავდივართ და იქიდან სახლში ჯიმშერის მშობლებთან, შხაპთან, სუფთა თეთრეულთან და გემრიელ და ჩემთვის ახალ კერძებთან, ფხა ლობიო, ხაპი შორვა... მერე ტკბილი, უსიზმრო ძილი და დილით ახალი ადგილი, ესეც ბევრჯერ ნანახი ფოტოებზე ხაბელაშვილების ხის ხიდი ჭვანას ხეობაში.


თბილი, მზიანი დილაა, ხიდიდან კი დაბურულ ხეობაში გრილა. ამბობენ, რომ ეს ხიდი სამასი წლისაა ოსტატის შექმნილი იშვიათი ნაკეთობა. რამდენი ხის ლამაზი ძველი ხის ნალია და წისქვილი შეგვხვდა გზაზე და ყველაზე საარჩევნო პლაკატები იყო გაკრული. მადლობა ღმერთს, ხაბელაშვილების ხიდისთვის ვერ მოიცალეს პოლიტიკურმა აქტივისტებმა, აქ ხეობაში სიმშვიდეა და ძველი ხიდიც დგას - მდინარის ერთი ლამაზი ნაპირიდან მეორეზე გადებული.

ბოლოს კი ბათუმისკენ მიმავალ გზაზე ჯიმშერი მაჭახელას ხეობისკენ უხვევს. მისი დაუდგრომელი მამიდაშვილი სულიკო, რომელიც მთელი ხუთი დღე ჩვენთან ერთად იყო, მიყვება, რომ ბავშვობაში საბანაოდ სწორედ მაჭახელაში დადიოდნენ და არა ზღვაზე. ჯერ კიდევ ჩირუხში ყვებოდა, რომ ზღვაზე სიარული უკრაინაში ცხოვრების დროს დაიწყო. ეს ჩემი ცალკე საფიქრალია ზღისპირას მცხოვრები ადამიანების ზღვასთან უცხოობის შესახებ, მაგრამ მაჭახელას ხეობის ჩანჩქერების და სილამაზეების ნახვისას, მიჩნდება ნაცნობი განცდა იმისა, რომ ისევ აქ ვარ, მაგრამ ფიქრებით აღარ ვეკუთვნი აქაურობას. დღეს ბათუმიდან თბილისში მივდივარ და არ მიყვარს ეს გაორებული მდგომარეობა, შეგრძნება იმისა, რომ ეს მოგზაურობაც დამთავრდა.


მე და ჯიმშერი კი ერთმანეთს ვპირდებით, რომ გაზაფხულზე კიდევ ვცდით დათვის გადასაღებად წასვლას. მე ჯიუტი ვარ, ჯიმშერი მომთმენი და, იქნებ, გაზაფხულზე მართლა გაგვიმართლოს. 

ავტორი: არჩილ ქიქოძე