ლიტერატურა

მწერალი ქალი უცნაური ქუდებითა და პოპულარული რომანებით

„საბა“

აგვისტო 12, 2020

მასზე ბევრს წერენ, უფრო მეტს ლაპარაკობენ, უცნაურია, ლამაზი, თვალისმომჭრელი, ბევრს წერს, თითქმის არაფერს ჭამს, დილაადრიანად იღვიძებს და წერს, წელიწადში რამდენიმე რომანს, მათგან აქვეყნებს მხოლოდ ერთს. 

რაღაცნაირი, ფაიფურის თოჯინის გარეგნობის, შლაპებისა და წითელი პომადის მიღმა თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწერალი - პერსონაჟი იმალება. ყველაზე ექსცენტრული ავტორი. ანორექსიული და იდუმალი, მეამბოხე და უცნაური, ბავშვური და გენიალური, გადარეული ბელგიელი გოგო, რომელიც იაპონიაში გაიზარდა. დიახ... თვით ამელი ნოტომი! თავისი ძალიან საინტერესო წიგნებით, ფსიქოლოგიური ლაბირინთებით, წარმოუდგენელი სიუჟეტებით, შოკის მომგვრელი ფინალით..



„კრძალვით და ცახცახით“, „მკვლელის ჰიგიენა, „ლურჯწვერა“, „მოკალი მამა“, „არც ევა, არც ადამი“, „ანტიქრისტა“...



ის, ვინც ამელი ნოტომს არ იცნობს, არ იცნობს თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის ახალ ფრანსუაზა საგანს, მას ჯერ არ აღმოუჩენია ის სიგიჟე და აღმაფრენა, მოულოდნელი და შთამბეჭდავი სამყარო, რაც ამ წიგნებში მის ავტორთან ერთად არსებობს. 


არსებობს აზრი, რომ ყველა ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია, რომ მწერალი ისევე ვერ მოიკვეთს თავს წერის დროს, როგორც ადამიანი ვერ გათავისუფლდება საკუთარი ჩრდილისგან. ამელი ნოტომის რომანები კი განსაკუთრებით ბევრ ავტობიოგრაფიულ დეტალს მოიცავს, ბიოგრაფია, დამოკიდებულება, იმედგაცრუება, შიში, სისასტიკე - მხატვრულ ფორმას იძენს მის ნაწარმოებებში, საინტერესო სიუჟეტი და ფინალის მოულოდნელი შემოტრიალება კი განსაკუთრებით მოსწონთ მის მკითხველებს.


მკითხველი ბევრი ჰყავს, მისი წიგნები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიცემა და მალევე იყიდება, ლიტერატურული ხარისხის გარდა, თავად ისიც უყვართ - საინტერესო, ამოუცნობი, იდუმალი, მოულოდნელი და ძალიან უცნაური.

თავის პოპულარულობას იმითაც ხსნის, რომ მის ტექსტებში მკითხველი საკუთარ თავს, საკუთარ იდუმალ სურვილებს პოულობს, რომ მისი წიგნები ყველასთვისაა.


რას იპოვით მის წიგნებში? ყველაზე ნამდვილ ამბებს, პერსონაჟებს, ჩაკირკიტებულ დეტალებს, ორიგინალურ სიუჟეტებს, სილამაზეს, სიმახინჯეს, ტკივილს, კითხვებს, ზოგჯერ პასუხებს, ზიზღს, გულისრევას, მოულოდნელობას.


მაგალითად, როგორ გგონიათ, რატომ წერს ავტორი? რამე ზეაღმატებულის შესაქმნელად, განცდების გადმოსაცემად? აღმაფრენისთვის? იქნებ სულაც ისე, როგორც მის რომანში, „მკვლელის ჰიგიენა“ ამბობს ერთი პერსონაჟი თავადაც ავტორი?

„აბა, რატომ წერთ? რატომ ესწრაფვით ურთიერთობას?


ფრთხილად, ნუ ურევთ: წერა არ არის ურთიერთობისკენ სწრაფვა. მეკითხებით, რატომ უნდა ვწეროო, გპასუხობთ პირდაპირ და გამონაკლისის სახით: სიამოვნებისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვა, თუ სიამოვნებას არ განიცდი, აუცილებლად უნდა შეწყვიტო. აღმოჩნდა, რომ წერა სიამოვნებას მანიჭებს. ისე მართობდა, სიცილით ვკვდებოდი. არ მკითხოთ, რატომ – აზრზეც არა ვარ. ხელი არის წერის დროს განცდილი სიამოვნების ცენტრი. ის ერთადერთი არ არის: წერა სიამოვნებას ანიჭებს აგრეთვე მუცელს, სასქესო ორგანოებს, შუბლს და ყბებს. მაგრამ ყველაზე სპეციფიკურ სიამოვნებას გრძნობს ხელი, რომელიც წერს. ეს რთული ასახსნელია: როდესაც ქმნის იმას, რისი შექმნაც სჭირდება, ხელი სიამოვნებისგან თრთის, გენიალურ ორგანოდ იქცევა. რამდენჯერ განმიცდია წერის დროს უცნაური შეგრძნება, თითქოს სწორედ ჩემი ხელი მართავდა, რომ თვითონვე დასრიალებდა ფურცელზე და ტვინს აზრს არ ეკითხებოდა?! „

დიდი ხანია, მოულოდნელი ლიტერატურული თავგადასავალი არ გადაგხდენიათ? ჰოდა, დროა, ამელი ნოტომის წიგნებს ჩახედოთ. ვინ იცის, აქ რა მოხდება? ვინ იცის, ამ უცნაურქუდიან და წითელქუდიან მწერალს თქვენთვის რა ამბის მოყოლა გადაუწყვეტია?


ავტორი: saba.com.ge