კულტურა

აკაკი წერეთელი

"საბა"

ივნისი 21, 2020


მაინც ვინ იყო ის? საქართველოს ბულბული, ვისაც პოეზია მუსიკის მსუბუქ ჰანგებად დაუდიოდა ძარღვებში? მხიარული ადამიანი საოცარი იუმორით თუ მძიმეზე მძიმე ხასიათის შემოქმედი? ბასრი და ზოგჯერ სასტიკიც კი? ის, ვისაც ბედმა ყველაფერი მისცა, რაც შეეძლო - ხალხის უსაზღვრო სიყვარული თუ უბედური ადამიანი ცხოვრებისეული პრობლემებით? მაინც ვინ იყო ის? მოთამაშე, მექალთანე თუ ის, ვინც გულში ერთ სიყვარულს სამუდამოდ ატარებდა?


მაინც ვინ იყო აკაკი წერეთელი? პოეტი, რომელმაც ქართული პოეზიის ხაზი განსაზღვრა, ვინც სიტყვა შეამსუბუქა, ვისთან მსგავსებასაც დიდი სიამაყით აღნიშნავდა მეოცე საუკუნის გენიოსი


- გალაკტიონ ტაბიძე




როგორი იყო აკაკი თანამედროვეთა თვალით?


გადავხედოთ რამდენიმე მოგონებას:



ანა ხახუტაშვილი ( ცქვიტი)



ერთ დღეს ვიჯექ ჩემს სახლში და გატაცებით ვკითხულობდი იბსენის ერთ საუკეთესო ნაწარმოებს, სახელდობრ „ბრანდს“. ამ დროს კარი გაიღო და ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორი, დაუდეგარი საზოგადო მოღვაწე მარიამ დემურია შემოვიდა.


ცოტა რომ დაისვენა, ჯერ მოთხრობის დაწერა მთხოვა და მერე სიცილით მომმართა:


- ჩემო ცქვიტო, გუშინ აკაკი წერეთელი იყო რედაქციაში და შენ გკითხულობდა. მე დამავალა, რომ უსათუოდ მის ბინაზე მიგიყვანო და გაგაცნო.


რასაკვირველია, ამ ამბავმა ფრთები შემასხა, ძლიერ გამიხარდა, რომ დიდ პოეტს ჩემი გაცნობა მოესურვებია.


მეორე დღესვე გულისფანცქალით ვეახელ მარიამ დემურიას რედაქციაში და ცოტა ხნის შემდეგ აკაკის ბინისაკენ გავემგზავრეთ.


აკაკი იმჟამად სასტუმრო „ფრანციაში“ ცხოვრობდა, ერთი ოთახი ეჭირა, რომლის ფანჯრებიც ძველ სასულიერო სემინარიას და მის პირდაპირ გაშენებულ პუშკინის ბაღს დასცქეროდა.გული ისე მიძგერდა, თითქოს ყურებში დოლს უკრავენო, როდესაც მის კარზე დავაკაკუნეთ. კარი სწრაფად გაიღო და სახეგაშუქებულმა, დიდთავიანმა ჭაღარა პოეტმა ტკბილი ღიმილი კარებშივე მოგვაგება.


- ააა... ეს მართლა ცქვიტი გოგონა ყოფილა, - მომმართა აკაკიმ, ხელი ჩამომართვა და თავის სკამზე დამსვა მაგიდასთან.


აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში


ექვთიმე თაყაიშვილი



აკაკის ზოგჯერ ვხვდებოდი ქუთაისის ინტელიგენტთა საღამოებზე, რომლებიც კერძო ოჯახებში იმართებოდა, უფრო ხშირად ეფემია კლდიაშვილის ოჯახში; იქ ვისმენდით ხოლმე აკაკის ჩვეულებრივ ხუმრობას. ზოგჯერ ჩვენის თხოვნით თავის ლექსებს გვიკიხავდა.


როდესაც უნივერსიტეტი გავათავე და თბილისში ჩამოვედი, მაშინ კი ხშირად ვხვდებოდი აკაკის კერძო ოჯახებში და ნამეტნავად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმში, რომელიც იმ ხანად ერთ მოზრდილ ოთახს წარმოადგენდა, წიგნების მაღაზიის უკან საადგილმამულო ბანკის ქარვასლაში, სასახლის ქუჩაზე. აქ იკრიფებოდნენ ქართველი ინტელიგენტები და ამ კრებაზე აკაკი ხშირად მოდიოდა და თავის მოთხრობებითა და ამბებით გვართობდა.


როგორც ქუთაისში, ისე აქაც აკაკი ცოლ-შვილით არა ყოფილა, არც მუდმივი ბინა ჰქონდა: ხან ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, ხან მეორეში. სამსახური თავის დღეში არა ჰქონია, მაშასადამე, მისთვის არც ჯამაგირი არსებობდა. ცოტა შემოსავალს იღებდა თავისი მამულიდან და ყოველთვის უფულოდ იყო. მაგრამ როგორც დამსახურებული და უებრო პოეტი, ის ყველასათვის საყვარელი კაცი იყო და შეძლებისამებრ ყველა ეხმარებოდა. ხშირად მას სასტუმროს მეპატრონენი, ნამეტნავად იმერლები და გურულები, არც ბინაში, არც საჭმელ-სასმელში ფულს არა თხოვდნენ, თვის ბოლოს მხოლოდ ანგარიშს წარუდგენდნენ თავიანთი ხელმოწერით, რომ ფული მიღებულიაო.


აკაკი წერეთელი ქუთაისში


არტურ ლაისტი



ყოველ ხუთ წამში ჩაგვივლიდა აკაკის რომელიმე ნაცნობი ტურფა ასული და ჯადოსნური ღიმილით აძლევდა სალამს პოეტს.


 – ბედნიერი კაცი ხარ! – ვუთხარი მე


 – ისინი მგოსანს აძლევენ სალამს და არა მე, – ღიმილით შენიშნა აკაკიმ.


აკაკი წერეთელი ნიკორწმინდაში


ავტორი: saba.com.ge

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთება