აღდგომის სუფრის კომპოზიცია ზურა შევარდნაძისგან

მაისი 02, 2024

გაზაფხულის მთავარი დღესასწაული - აღდგომა ახლოვდება, ქრისტიანული სამყაროს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სიმბოლურად ახალი სიცოცხლის დასაწყისს, იმედს და ამ იმედით მოგვრილ სიხარულს გამოხატავს.

ყველა ეს სიმბოლო მისი აღნიშვნის ტრადიციის ყველა დეტალში ვლინდება, მათ შორის სადღესასწაულო სუფრის დეკორაციებში, სადაც მცენარეები და ამ სეზონის ყვავილები მთავარ როლს ასრულებს.

© ზაქარია ჭელიძე

აქ მისულ სტუმრებს ზურა შევარდნაძემ ბაღის იმ სივრცეებში უმასპინძლა, სადაც როგორც წესი, სტუმრები იშვიათად ხვდებიან. „გარდენიას“ სათბურში დაწყებული მეგზურობა სახელოსნოში, სუკულენტების კომპოზიციებზე მუშაობით გაგრძელდა, რომლებიც სტუმრებმა ინდივიდუალურად საკუთარი გემოვნებით და ზურა შევარდნაძის დახმარებით შექმნეს.


მასტერკლასის დასასრულს სტუმრები იასამნებით გაწყობილ სადილზე მიიპატიჟა და სუფრის ამ ყვავილებით გაწყობისათვის რამდენიმე რჩევაც გაუზიარა.

აპრილის ბოლო კვირას გამართული ეს მასტერკლასი სიმბოლურად აღდგომის დადგომას უკავშირდება, როგორც თავად ამბობს, აღდგომა მისთვის ერთმანეთთან შეხამებული ღია და მუქი ფერის იასამნებია, იმ მოლოდინის და სიახლის განცდასთან ერთად, რომელიც ამ დღეებს ყოველთვის ახლავს თან.

 თქვენ როგორ აღნიშნავთ?

აღდგომა ყველა ადამიანისთვის სიხარულის, იმედის, ახალი სურვილებისა და მოლოდინის დღესასწაულია. პირადად ჩემთვის ყველა სხვა დღესასწაულზე უფრო დიდი დღეა, რომელიც ოჯახში, შინაურებში ყოფნასთან და ემოციების გაზიარებასთან არის დაკავშირებული. ჩემს ოჯახში ყოველთვის ერთად ყოფნის დღე იყო აღდგომა, ნათესავებთან, გარდაცვლილებთან და მათ მოგონებასთან დაკავშირებული.

აღდგომის წინა ერთი კვირა და აღდგომის შემდეგი ერთი კვირა საუკეთესო პერიოდია მებაღისთვისაც, ყველაზე უფრო ნაყოფიერი, ლამაზი და იმედიანი დღეებით.

ამ დღეს უხვი სუფრის გაშლა მიყვარს, იმაზე უფრო მეტს დავალაგებ, იმაზე უფრო ლამაზად მოვრთავ, ვიდრე შესაძლოა ეს ადამიანს სჭირდებოდეს. მიყვარს ამ დღის აღნიშვნაც, სტუმრების დაპატიჟებაც, ჩემი ბაღიც ამ დროს, ჩემი საქმეც და ჩემი თავიც - ყველაფერი მიყვარს, რაც აღდგომის დღეებთან არის დაკავშირებული.

მოგონება გურიაში გატარებული აღდგომის დღეებიდან…

იმ პერიოდში ამ დღესასწაულს დიდად არ აღნიშნავდნენ, იყო მხოლოდ საფლავებზე გასვლა, წინაპრებისადმი პატივის მიგება, მათდამი პატივისცემა და მოგონება, არაფერი განსაკუთრებული. ყველაზე ნათლად უძლეველობის განცდა მახსენდება, იმიტომ რომ ყველა ერთად ვიყავით, ასე ერთად სხვა დროს არასდროს არ ვყოფილვართ, ყველაზე ემოციურად ეს შეკრებები და ერთად ყოფნის სიხარული მახსენდება.

 აღდგომის სუფრის ყვავილები...

აღდგომის სუფრის მთავარი ყვავილი, რა თქმა უნდა, იასამანია, მისი ყვავილობა რატომღაც ყოველთვის აღდგომის დღეებს ემთხვევა, თუ აღდგომა ადრეა, იასამანიც ადრე აყვავდება, იცით, რომ ეს ყვავილი სიმბოლურად ღვთისმშობელთანაც არის დაკავშირებული, ჩემთვის აღდგომა იასამანია, ძალიან ბევრი იასამანი...

იასამანს ძალიან უხდება ვაშლის ყვავილი - თითქოს ხომ არაფერ შუაში არ არის ერთმანეთთან, მაგრამ, ვაშლის ყვავილს ცოტა იასამნისფერი და ვარდისფერი დაჰკრავს და ერთად ძალიან ლამაზად და მდიდრულად გამოიყურება.

ამ დროს ყვავის ზამბახიც. ეს ყვავილი წელიწადის სხვა დროს შეიძლება ცოტა შეუხედავად მოგეჩვენოს, მაგრამ აღდგომის დროს, ყვავილობისას, უყურებ და ვერ იჯერებ, რომ ცოცხალია.

მთავარი კერძები?

მიყვარს სააღდგომო სუფრის გაწყობა, თავისი საგაზაფხულო კერძებით - ჩაქაფულზე, ახალ ტყემალზე და ახალ კარტოფილზე უკეთესი რა უნდა მოიგონო?

სად ვიპოვოთ შთაგონება?

 ზოგადად, ჩემთვის სუფრის დეკორაციის შერჩევისას შთაგონება ყოველთვის ის ადამიანია, რომელიც ჩვენს ბაღში მოდის და მისთვის მნიშვნელოვან დღეს აქ აღნიშნავს

ყოველთვის სტუმარი მიკარნახებს, რა ყვავილი მოუხდებოდა, რა მოეწონებოდა და რა გამოდგებოდა მისი სუფრისთვის. აღდგომას რაც შეეხება, აქ ახლის მოგონება საჭირო არ არის, უკვე გამოგონებულია -  ჯეჯილის და კვერცხის კომბინაცია და თუ ამას სხვანაირად, უფრო უხვად და დიდ მასშტაბში გააკეთებ, კიდევ უფრო ლამაზი გამოგივა. მე პირადად მთელ მაგიდაზე ვაკეთებ ჯეჯილის მინდორს, რაზეც შემდეგ ბევრ წითელ კვერცხს დავალაგებ ხოლმე - ამაზე უკეთეს კომპოზიციას მგონია, რომ ვერ მოიფიქრებ.



რას ურჩევთ და რას უსურვებთ განახლებისთვის საკუთარ თავს და სხვებს?

ახალი არაფერი არ მოიგონო, ძველი გააცოცხლე, მაინც არაფერი არ იქნება ახალი, ყველაფერი უკვე ისედაც გამოგონილია, ამიტომ ძველი გააკეთე, ოღონდ კარგად. ძველს შემატე ელფერი. შენი გააკეთე, ქართული და უცხოურს ნუ მისდევ, ამ დალოცვილ მიწაზე იმდენი გვაქვს ჩვენი, სხვისი არ გვჭირდება არაფერი და მესამე, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, რაც შენ მოგწონს, ის აუცილებლად სხვასაც მოეწონება, მთავარია, შენ სცემდე მას პატივს და შენ თვითონ იყო კმაყოფილი.


საკუთარი თავისთვისაც და სხვა ყველასთვისაც ვისურვებდი, რომ მშვიდობით ვიყოთ, ერთმანეთი მეტად გვიყვარდეს და ერთმანეთის მიმართ უფრო დამნდობი ვიყოთ. ყველა ადამიანს მიეცეს საშუალება, რომ იშრომოს, ამ ნაშრომით დატკბეს, ხშირად იღიმოდეს და სიხარულით და იმედით ცხოვრობდეს. 

© ზაქარია ჭელიძე


ავტორი: გვანცა ჩანადირი

ფოტო: გურამ კაპანაძე, ზაქარია ჭელძე