სექტემბერი 06, 2024
Ad Black Sea 2024 სულ უფრო და უფრო ახლოვდება და ვნებათაღელვა იმატებს. შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ძირითადად იმის მცდელობაშია, რომ 12 სექტემბრამდე არსებული ყველა დედლაინი წარმატებით ჩახუროს, საქმე ბათუმში არ გაიყოლოს და თავდავიწყებით გადაეშვას 3 დღიან სილაღის ზეიმში.
მანამდე კი, ვისაც უკვე გადაწყვეტილი გაქვთ წამოსვლა და ვინც ჯერ კიდევ ფიქრობთ, (ანუ ყველას) გთავაზობთ რამდენიმე ბლიც-ინტერვიუს შემოქმედებით გამორჩეულ ადამიანებთან.
ბლიცი იმას ემსახურება, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმაროს (ფესტივალამდე და ფესტივალის განმავლობაში) და გაგიმარტივოს ნავიგაცია (ფესტივალზე და ცხოვრებაში).
პირველ რიგში, Many Forms-ის ახლად შეღებილ კარზე დავაკაკუნოთ ფრთხილად და მის მთავარ shapeshifter-ს რეზო შელიას დავუსვათ კიდევ რამდენიმე შეკითხვა. სანამ თავის უკანასკნელ ფორმას იპოვიდა, ის ბევრი წლის განმავლობაში იყო Redberry-ის შემოქმედებითი გუნდის ხელმძღვანელი (თოკარეშკასთან ერთად). სწორედ მათ პერიოდში მიაღწია რედბერიმ თავის შემოქმედებით ჯომოლუნგმებს, მოიგო რა უამრავი საერთაშორისო ჯილდო და 2018 წელს Ad Black Sea-სა და სრულიად საქართველოს საუკეთესო სააგენტო გახდა.
ვინ ხარ?
ვარ რეზო, მოწოდებით/პროფესიით შემოქმედებითი ხელმძღვანელი და ძალიან პატარა და ახალგაზრდა სააგენტოს დამფუძნებელი.
რას აკეთებ?
ვიღებ ფოტოებს, ვწერ მუსიკას, სინთებსა და პედლებზე ცდებს ვატარებ, ვკითხულობ, ვღებავ სამაგიდო თამაშების მინიატიურებს და არანაკლებ საინტერესო რამეს ვაკეთებ სამუშაო დროს - ვცდილობ საკომუნიკაციო ამოცანები ამოვხსნა კონკრეტული ბრიფის ფარგლებში.
ამ ინდუსტრიაში როგორ მოხვდი?
საკმაოდ შემთხვევით, არადა ბავშვობიდან მინდოდა.
მოწვეული ლექტორი, პირველი ბრიფი, გამბედაობა, ინიციატივა, გასაუბრება, პირველი სამსახური ლივინგსტონში.
შენი მერამდენე Ad Black Sea?
თუ სწორად მახსოვს მეცხრე ედ ბლექ სია, ჩემთვისაც და ზოგადადაც. პირველი ედ ბლექ სის დროს დავიწყე მუშაობა. ფესტივალიც და ინდუსტრიაც სამუდამოდ შემიყვარდა. არც მომავალში ვაპირებ რომელიმეს გამოტოვებას.
ერთი სიტყვით, როგორ თარგმნიდი ქართულად წლევანდელი Ad Black Sea-ს მთავარ თემას DEVOTED?
ალბათ უფრო სწორი თარგმანი სადღაც “თავდადებულსა” და “მიძღვნილს” შორისაა, მაგრამ ჩემთვის ამ სიტყვა-ელფერის შესაბამის მუხტს ქართულად “გულანთებული” უფრო იწვევს. ფესტივალის წლევანდელი key-visual-იც სავარაუდოდ მეთანხმება.
ვის გამოსვლას ელოდები ყველაზე ძალიან ედ ბლექ სი 2024-ზე? რატომ?
Saulo Rocha-ს ველოდები. გლობალური კამპანიების შიდა სამზარეულოზე მოსმენა ყოველთვის საინტერესოა.
რა თქმა უნდა ველოდები From Idea to Grand Prix-ს. საკმაოდ ლეგენდარული პროექტი და კოლაბორაცია იყო Innocean-სა და Metro Production-ს შორის, რომლის შესახებაც მინდა რაც შეიძლება მეტი გავიგო.
ამასთან ერთად მაინტერესებს How the New Generation Slays.
წელს ქართულ ბაზარზე გაკეთებული კამპანიებიდან/ნამუშევრებიდან რომელი დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
Windfor’s და Midea-ს კამპანია დამამახსოვრდა ყველაზე მეტად. საკმაოდ ბევრი ვიცინე და ბევრჯერ მომინდა ყურება. აუტანელ სიცხეშიც არაერთხელ გამხსენებია რომ “არავის ბრალი არ არის, უბრალოდ ძალიან ცხელა”
ბათუმში არასდროს წამიღია, მაგრამ წელს მომაქვს..
ფოტოაპარატი. ჯერ ახალგაზრდა ჰობია ჩემთვის და ძალიან მაინტერესებს ობიექტივიდან დანახული ბათუმი.
ელექტრო გიტარა თუ ბას-გიტარა?
ორივე, ოღონდ ელექტრო ბევრი და სხვადასხვანაირი, ბასი ერთი და უნივერსალური.
რუტინულობა თუ ქაოტურობა?
სადღაც შუაში, თან ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში ორივე უკიდურესობაში თავდაჯერებით შეძლო ოპერირება.
Რა პროფესიის არ იქნებოდი არაფრით და არასდროს?
აი იმ პროფესიის დილით რომ სამსახურში მისვლა არ უხარიათ ხოლმე.
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა?
ვისაც მსგავსი ბრიფი აქვს და უკეთესად გამოსდის.
ერთი რჩევა, რომელიც მიგიღია ან გაგიცია და მერე ინანე..
Ibanez-ი მირჩიეს ერთხელ.
რეზო მადლობა!
Many Forms-იდან Leavingstone-ში გადავინაცვლოთ, სწორედ იქ, სადაც რეზო შელიამ, სანამ დამოუკიდებლად ფრენას დაიწყებდა, თავისი პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები გადადგა.
აქ, ახლა ემილი ქორიძეა სააგენტოს შემოქმედებით ხელმძღვანელი.
ვინ ხარ?
- ემო
რას აკეთებ?
- ვცდილობ ვიპოვო ბალანსი ბრიფსა და რეალობას შორის.
შენი მერამდენე Ad Black Sea?
- ვერაფრით გავიხსენე, მაგრამ ჯამში სამზე მეტი არ მექნება გამოტოვებული.
Რამდენი ჯილდო აქვს ლივინგსტონს აღებული ad black sea-ზე?
- 57.
ერთი სიტყვით, როგორ თარგმნიდი ქართულად წლევანდელი Ad Black Sea-ს მთავარ თემას DEVOTED?
- შეწირულები.
რა/ვინ არ უნდა გამაზო ედ ბლექ სი 2024-ზე? რატომ?
- არაფერს გავმაზავდი, თუმცა განსაკუთრებით ველოდები Ian Mackinnon-ის გამოსვლას. მე-11 კითხვაზე პასუხით მიხვდებით რატომაც.
მკაცრი ჟიური იქნები?
- კი, თუმცა წარმოვიდგენ ხოლმე თითოეული ენთრის უკან რამხელა შრომაა ჩადებული და ვცდილობ ეგეც გავითვალისწინო.
ბათუმში ყოველთვის ტყუილად მომაქვს..
- ლეპტოპი, იმ იმედით რო “რამე მომენტში წავიმუშავებ”.
იმპროვიზაცია თუ მომზადება?
- იმპროვიზაცია, ნამდვილი კრეატივი სწორედ იმპროვიზაციისას ვლინდება
ცომგამოცლილი თუ ცომგამოუცლელი?
- ცომგამოცლილი (და კვერცხის გარეშეც).
Რომ არა ეს პროფესია, ვინ იქნებოდი?
- ალბათ რეჟისორი ან მხატვარი.
ერთი რჩევა, რომელსაც არასდროს არცერთ შემოქმედებით ადამიანს არ მისცემდი..
- ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი.
ემილის მადლობა სასტიკი გულწრფელობისათვის. ნამდვილად, თუ რამეა და პირდაპირ ასჯერ გაჭრა სჯობს. ასე გაცილებით უფრო მალე ისწავლი სწორად გაჭრასაც და სწორად გაზომვასაც. მთავარია ბევრი არ იდარდო.
რუბრიკის უკანასკნელი სტუმარი გიორგი ავალიანია.
კაცი - 0, Holy Motors-ის სულის ჩამდგმელი, შემოქმედი უამრავი Award Winning და გულში ჩასაკრავი იდეის, საკომუნიკაციო კამპანიის, ბრენდინგის, ნეიმინგის (საკუთარ ძაღლს ‘დრო’ დაარქვა და now he is racing against the time) და ანდაც, ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა?..
გიორგი თუ ავალა?
გიორგი ზაზას ძე ავალიანი
რას აკეთებ?
ჰოლი მოტორსის ფანჯარასთან დაბუდებულ მტრედებს ვუყურებ და უანგაროდ ვტკბები იმ სასწაულით, რასაც სიცოცხლე ჰქვია. შეიძლება გვრიტები არიან. ისე რა განსხვავებაა მტრედს და გვრიტს შორის? სად გადის ეს საკრალური ზღვარი?
შენი მერამდენე Ad Black Sea?
ყველას -1. შარშან საპატიო მიზეზებით მშობლიური სალი კლდეები Forward Festival-ის სპიკერობასა და ბერლინის Haus der Kulturen der Welt-ის სცენაზე გავცვალეთ ჰოლი მოტორსმა.
Რამდენი ჯილდო აქვს ჰოლი მოტორსს აღებული ad black sea-ზე?
ასამდე (3).
ერთი სიტყვით, როგორ თარგმნიდი ქართულად წლევანდელი Ad Black Sea-ს მთავარ თემას DEVOTED?
შეპყრობილი.
რა/ვინ არ უნდა გამოტოვო ედ ბლექ სი 2024-ზე? რატომ?
ანა ჩუბინიძის ვორქშოფი - upcycled stop-motion animation. აუცილებლად!
სად/როგორ იწერ ნოუთებს?
სადაც და როგორც მომიხერხდება.
ბათუმში აუცილებლად დაგჭირდება...
“ბოდიში”
არაფერი თუ ყველაფერი?
თუმცა
Რომ არა ეს პროფესია, ვინ იქნებოდი?
ზღაპრის პერსონაჟი.
ერთი კლასგარეშე რჩევა შემოქმედებით ადამიანს…
მეტი წყალი დალიე!
მადლობა გიორგის რჩევებისათვის.
ამ შესანიშნავი სამეულისა და კიდევ უამრავი შესანიშნავი შემოქმედებითი ადამიანის ნახვას და სურვილის შემთხვევაში დამატებით კიდევ ერთი-ორი კითხვის დასმას სწორედ Ad Black Sea-ზე შეძლებ..
მეც ისღა დამრჩენია გირჩიო, რომ არამც და არამც არ გამოტოვო ეს სრულიად ქართული (და უკვე არამარტო) შემოქმედებითი ინდუსტრიის მოძრავი დღესასწაული, რომელიც უკვე სულ მალე, 12-14 სექტემბერს გაიმართება ბათუმში.
Sea you there!
ავტორი: ბასა მეტრეველი