ვიზუალური არტისტები - მაია აბაშიძის რეკომენდაცია


მხატვარი მაია აბაშიძე ყველაზე მეტად მისი გამორჩეული ესთეტიკის ილუსტრაციებით არის ცნობილი. პასტელური ფერთა გამა და გასული საუკუნის 50-60-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო და პერსონაჟები მისი ხელწერის განუყოფელი ნაწილია. მის ნამუშევრებში ალტერნატიული რეალობაა ასახული, რომელიც არტისტის მიერ შექმნილ სამყაროში არსებობს. ნებისმიერი დეტალი, ფაქტურა თუ ფორმა სწორედ ძველი, 50-60-იანი წლების ცხოვრებისეული ფოტოებიდან არის გაცოცხლებული. 





Hammock Magazine თიბისი სტატუსთან ერთად გთავაზობთ მხატვარ მაია აბაშიძის რეკომენდაციებს, სადაც ხელოვანისთვის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული არტისტების ნამუშევრებია გაერთიანებული.




გერჰარდ რიხტერი


ელლა, 2007

დედა და შვილი, 1995

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გერმანელი არტისტი 60-იანი წლებიდან ქმნის რეალისტურ ფოტონამუშევრებს ფოტოების მიხედვით, რომლებიც მე ყველაზე ძალიან მომწონს. უყვარს ნამუშევრების გაბუნდოვნება (გაბლარვა). მისი ცნობილი ფრაზაა: მე ვაბუნდოვანებ, რომ ყველაფერი გავხადო თანაბარი, ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანი და თანაბრად არამნიშვნელოვანი.“ 


იოშიტომო ნარა


Pyromaniac, 1999

Smoking Girl, 2005

იაპონელი მხატვარი, მისი ნახატები და სკულპტურები გამოხატავენ უცნაურ, სიზმრისეულ დაძაბულობასა და მელანქოლიას. მისი მთავარი გმირები არიან ბავშვები და ძაღლები. მისი ნამუშევრები იხრებიან ორ საპირისპირო პოლუსს შორის. უყვარს პანკ როკი, მაგრამ არა მხოლოდ როგორც მუსიკა, არამედ როგორც თავისუფლების ნიშანი.


ალისა მონქსი


Morning After II, 2014



ამერიკელი მხატვარი ხატავს მცირე სივრცეებს, სადაც წინა და უკანა პლანი შეტრიალებულია, იყენებს ნახევრად გამჭირვალე ფილტრებს, როგორებიცაა: შუშა, ორთქლი, წყალი, თავის ცნობილ ათწლიან წყლის სერიებში.



ლიუკ ტუიმანსი


ბელგიელი მხატვარი, რომელიც ქმნის ნამუშევრებს სხვა სურათებიდან და ფილმებიდან, თვლის, რომ ერთადერთი ორიგინალურობის ფორმაა ''აუთენტიკური სიყალბე". თავის ნახატებში ქმნის ანემიური ჭუჭყიანი ნაცრისფრისა და ყვითლის პალიტრას, რომლებიც გადარეცხილ ფოტოებს მოგვაგონებენ.

The Architect, 1998


ანსელმ კიფერი


გერმანელი მხატვარი და მოქანდაკე ნამუშევრებში იყენებს სხვადასხვა მასალას: ჩალა, ნაცარი, თიხა, ტყვია და შელაქი.  მის ნამუშევარში Hortus Conclusus (ლათ. “დაცული ბაღი”) გამოსახულია თვითონ მხატვარი იოგას პოზაში Savasana (“ცხედრის პოზა”). დასვენების ამ პოზიციის მიზანი არის დაძაბულობის გაქრობა სხეულიდან და გონებიდან, მოტივტივე სხეულის დაკავშირება დედამიწასა და კოსმოსთან.


ამავე დროს კიფერი მიმართავს მიკროკოსმოსისა (ადამიანი) და მაკროკოსმოსის (სამყარო) შენაცვლების მუდმივ იდეას.

Hortus Conclusus, 2007-2014


რონ მიუეკი


რონ მიუეკი ავსტრალიელი ჰიპერრეალისტი მოქანდაკეა, რომელიც ქმნის უაღრესად დეტალიზებულ ნამუშევრებს. ის იყენებს მასალად სილიკონს, თმას, მინაპლასტიკას ადამიანის ფორმისა და ფაქტურის მისაღებად. ადამიანის ზომის ანგელოზი, რომელიც თითქოს არასრულყოფილად გამოიყურება, არის შუახნის კაცი, რომელიც სკამზე ჩაფიქრებული ზის, შეიძლება დამწუხრებულიცაა. მისი რეალისტური, თმიანი სხეული კონტრასტს ქმნის მის ღვთაებრივად ლამაზ ფრთებთან, რომელიც გაკეთებულია ნამდვილი ბატის ბუმბულისგან. ფიქრობ, ასე გამოიყურებიან ის პატარა ქერუბიმები, როდესაც იზრდებიან? ასევე ჩაგვაფიქრებს იმაზე, რამ გამოიწვია მისი ასე დასევდიანება.


Angel, 1997


ტაკაში მურაკამი


Oval Buddha, 2010

ტაკაში მურაკამი, თანამედროვე იაპონელი პოპ-არტისტი, მუშაობს ისეთ მედიუმებში როგორებიცაა მხატვრობა, სკულპტურა, ასევე კომერციულში: ანიმაცია და ტანსაცმლის დიზაინი. მის ნამუშევრებში ძალიან ბუნდოვნადაა გამიჯნული მაღალი და დაბალი დონის ხელოვნების დარგები. 

ავტორი: Hammock Magazine