სექტემბერი 24, 2025
ბავშვობიდან მესმოდა : „აბაშა სამეგრელოს კარიბჭეა“.
გაგრძელება კიდევ უფრო განსაკუთრებით მომწონს და დღემდე მახსოვს: „თქვენ მეგრელები ღომის ჭამის შემდეგ ხართ. მანამდე ქართულად ლაპარაკობთ და სადილად ღომის მირთმევის შემდეგ - მეგრულად.“ ეს ფრაზა იდეალურად გამოხატავს აბაშის სახეს - გეოგრაფიულად სამეგრელოში შესასვლელს, კულტურულად ღომის სიმბოლოს და იუმორით გაჯერებულ მეგრულ ხასიათს.

ბავშვობაში ხშირად მესმოდა, რომ აქ მთავარი ტრანსპორტი ველოსიპედია. ხშირად ვხუმრობ, რომ ამსტერდამი შორს არ არის, ოღონდ აქ ხალხი გზადაგზა ერთმანეთს მეგრულად ესალმება.
ჩვენთან, აბაშაში თუ ფეხი დაგიდგამთ, ძრავების ხმაზე მეტად, ველოსიპედის ზარს გაიგონებთ.

აბაშის კიდევ ერთი თავისებურება - ეზოებია. დიდი, სუფთა, მწვანე მდელო, პატარა სამოთხეები - ხილითა და ყვავილებით სავსე. აქ თითქოს უხილავი შეჯიბრია გამართული - ვის ექნება უფრო მოვლილი და ლამაზი კარ - მიდამო. მთელი სილამაზე ის არის, რომ სახლამდე მისასვლელად ხშირად გრძელი ეზოა გასავლელი, რომელიც ჭიშკრიდან იწყება. ხალხური იუმორნარევი მოსაზრებაც არსებობს ამის „ასახსნელად“:
„როცა სამეგრელოში დიასახლისი ჭიშკრის ხმას გაიგებს, ღომს ჩაადგამს და სანამ სტუმარი სახლამდე მოვა, სუფრაც გაშლილია.“

და თუ მკითხავთ, რა ხმამ დამამახსოვრა ბავშვობის კვირა დილები - ეს იყო ცხენების ფლოქვების თქარუნი, დილის ექვს საათზე, როცა ბაზრისკენ მიმავალი მხედრები ჩვენს ქუჩას ჩაჰყვებოდნენ. მთელი რაიონი თითქოს ამ რიტმით იღვიძებდა.
ველოსიპედთან ერთად, აბაშა ცხენებითაც დაგამახსოვრებთ თავს.

აბაშა რომ დღემდე ინარჩუნებს ცხენოსნობის ტრადიციას, ბევრს ეცოდინება. თუმცა, აქ დოღი მხოლოდ სპორტული შეჯიბრი კი არა, საზოგადოებრივი და კულტურული მოვლენაა. იყო დრო, აბაშის იპოდრომზე დოღში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან ჩამოდიოდნენ მხედრები. აქ ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცევა ხოლმე - იკრიბებიან ოჯახები, ბავშვები, სტუმრები და საერთო სიჯიუტით და სიხარულით მიმდინარეობს შეჯიბრი. ერთმა აბაშის მემატიანემ მიამბო: „აბაშის იპოდრომი ინფრასტრუქტურით არ გამოირჩევა. სულ მაინტერესებდა, რა იყო ასეთი განსაკუთრებული ამ ადგილში, რომ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ და საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო იპოდრომად ითვლება, თუ ერთადერთად არა. ერთ-ერთი კუთხიდან ჩამოსულმა გამოცდილმა მხედარმა მიპასუხა: თქვენ გაქვთ ბუნებრივად ის ნიადაგი, რომელიც იდეალურია ცხენისთვის.“

აბაშის ცხენოსნობის სიყვარულს კიდევ ერთი ტრადიცია ამტკიცებს: გულეკარში, ივლისის ბოლო შაბათს, აღინიშნება „გულიერობა“ - სოფლის ტაძრის დღესასწაული, მურვან ყრუსგან გადარჩენის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე. წირვის შემდეგ მთელი სოფელი ერთიან ტრაპეზზე იკრიბება, დღესასწაული კი ცხენოსნური თამაშებით სრულდება - მარულითა და ცხენბურთით.
ეს დღეც ადასტურებს, რომ აბაშაში ცხენი მხოლოდ სპორტი კი არა - ისტორია, სულიერი სიმბოლო და ერთიანობის ნიშანია, თუმცა ეს მხოლოდ ერთ სოფელში არ ხდება - მთელ რაიონში ისმის ცხენების ფლოქვების თქარათქური და ხასიათი.

ვინც ერთხელ მაინც გაივლის ამ კარიბჭეს, ხვდება - აბაშა პატარაა, მაგრამ აქედან იწყება დიდი სამეგრელო, თავისი სითბოთი, იუმორით და სიცოცხლის სიყვარულით.
ავტორი: ლილე კვირტია
ფოტო: ანა სვანიძე, თორნიკე ანთიძე