სექტემბერი 24, 2025
აბაშაში იპოდრომისკენ მიმავალ გზას ნებისმიერი გამვლელი მიგასწავლით. აქ თითოეული მაცხოვრებელი დოღის გულანთებული გულშემატკივარია და შეჯიბრის დადგომას განსაკუთრებულად ელოდება.

თუ გაგიმართლათ, მდინარის პატარა ხეობასთან შესაძლოა, გასაგრილებლად გამოყვანილი ცხენებიც შეგხვდეთ, რომელთაც საბა ან ბაჩანა ახლავთ თან.
საბა აბაშის მთავარი და მრავალგზის ჩემპიონი მხედარია, ცხენების განსაკუთრებული სიყვარული კი სულ პატარაობიდან გაუჩნდა.
“ ადრე მამაჩემიც იღებდა მონაწილეობას დოღებში და აქედან გამიჩნდა ინტერესი. ამ იპოდრომზე მუშაობდა და რომ დავყვებოდი ცხენებიც შემიყვარდა. ამის მერე უფრო მომეცა მოტივაცია, მეც ჟოკეი გავმხდარიყავი, მერე ბაჩანამ ბევრი რამე მასწავლა და 11 წლისას დოღზე ცხენიც მაჭენებინა…”
ბაჩანა საბას გამოცდილი მასწავლებელია. თავლაში ყოველდღიურ საქმეებსაც ერთად უძღვებიან და დოღისთვისაც მთელი წელი ერთად ემზადებიან. მთელ დროს თავლაში საყვარელ ცხენებთან ერთად ატარებენ - შაინა, ვეგასი, მანიპულა, ლუციფერი, ამინადიელი, ნატა და ლიზა - დოღის დიდი ვეტერანი და მრავალგზის ჩემპიონი, რომელიც ამ სექტემბრის დოღზე კარიერას ღირსეულად დაასრულებს. საბა და ბაჩანა თითოეულ მათგანზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, მათი ენაც ესმით და საკუთარ სათქმელსაც აგებინებენ.
როგორც საბა ამბობს, ყველა ცხენმა იცის, რომ წელსაც პირველობას აბაშის საცხენოსნო გუნდი დაიმსახურებს.
მასწავებლისგან და მოსწვალისგან, ამ ადგილის შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს მოისმენთ. ყოველ წელს, თურმე დოღთან ერთად ისინდი და ცხენბურთიც იმართება, ბაჩანა სპორტის ამ სახეობებზე დიდი სიყვარულით საუბრობს.
ცხენბურთი და ისინდი
როგორც ბაჩანა გვიამბობს, ცხენბურთი ჯერ კიდევ თამარ მეფის დროიდან მოდის. გამარჯვებისთვის მთავარი მიზანი, კი მეტოქის კარში მხედრის მიერ ჩოგნით ბურთის გატანაა. ისინდიც ასევე, ძველი ქართული თამაშია, რომელში მონაწილეობას ორი გუნდი იღებს. თითოეულ გუნდში 6 მოთამაშეა, მხედრებს ხელში ისინდი- ბამბუკის შუბები უჭირავთ, მსაჯის ნიშანზე ერთ-ერთი მოთამაშე მოწინააღმდეგე გუნდის წინ იჭრება და ცდილობს შუბი ცხენს ან მხედარს მოახვედროს. ცხენისთვის მოხვედრება 1 ქულაა, მხედარისთვის კი 2.
რაც მთავარია, საბასაც და ბაჩანასაც გულით სჯერათ, რომ დაუღალავი შრომითა და ცხენების განსაკუთრებული სიყვარულით დოღიც, ისინდიც და ცხენბურთიც აბაშის პირველობით დასრულდება. იმიტომ, რომ
სულ პირველობისთვის, მთავარია გჯეროდეს
ავტორი: ხატია კოპლატაძე
ფოტო: თორნიკე ანთიძე