სექტემბერი 22, 2025
საერთაშორისო AI ოლიმპიადა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. წელს მათ შორის იყვნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებსაც სჯეროდათ - წინ გამოწვევები და დიდი გამარჯვება ელოდათ.
ამ ამბის შექმნისას მათ მხარში თიბისელი მენტორები - ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე ედგნენ, რომლებმაც ოლიმპიადის ყოველი ახალი ეტაპის თითოეული ემოცია მონაწილეებთან ერთად განიცადეს.
ის, რაც მუდამ ემახსოვრებათ
„არ დამავიწყდება ის მომენტი - ყოველ ნახევარ საათში ლიდერბორდის შედეგები რომ ნახლდებოდა და ჩვენი ბავშვების შედეგებს ველოდებოდით. მგონი ყველას წნევა გვქონდა მაღალი . ბოლოს, რომ დავინახეთ ბრინჯაო, უზარმაზარი სიხარული იყო.“ - ნიკა

ცნობისმოყვარეობა - ყველა გამორჩეულ ახალგაზრდას რომ აერთიანებდა.
„ერთია, გაყვე უბრალოდ მასალას, მაგრამ მეორეა, როდესაც საკუთარი სურვილით კვლევებს, სტატიებს კითხულობ. საბოლოოდ, ეს გეხმარება, იყო კრეატიული.“ - ლუკა

ის, რასაც ოლიმპიადა ქმნის განათლებისთვის
მენტორებთან საუბრისას მივხვდით, AI ოლიმპიადა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების სივრცე არ არის, პირიქით, ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი, რისიც გონებაში გჯერა, პრაქტიკაში რეალობად უნდა აქციო.
ის, რასაც ნიკა და ლუკა მომავალ მონაწილეებს გამარჯვებისთვის ურჩევენ
ნიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას სტაბილურობას ანიჭებს: „სისტემატურად თუ მიყვებით ამოცანებს, გაარჩევთ კვლევებს, ყურადღებით მოუსმენთ ლექციებს და კითხვებს დასვამთ მოურიდებლად, წარმატება აუცილებლად მოვა. კურსი დიდია და სტაბილურობა დიდ ნებისყოფაზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ეს დაძლიე, შემდეგ წარმატების მიღწევა უკვე გარდაუვალია.“
და ბოლოს - 5 მიზეზი, რატომაც ლუკას და ნიკას სჯერათ, უნდა დარეგისტრირდე ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე
● თუ გინდა ახალი ადამიანების გაცნობა - ჭკვიანი თანატოლებისა და პროფესიონალების, რომლებიც შეიძლება მომავალში შენი მეგობრები და პარტნიორებიც კი გახდნენ.
● გინდა, მიიღო პრესტიჟული გამოცდილება – საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობა და, მით უფრო, წარმატების მიღწევა პირდაპირ აისახება შენს კარიერულ მომავალზე.
● შეიძინო პრაქტიკული უნარები – ცოდნა, რომელიც სასწავლო კურსებსა და წიგნებში იშვიათად გხვდება.
● სწრაფად ადაპტირდე სიახლეებთან – შეიძინო ახალ ტექნოლოგიებთან და ალგორითმებთან მუშაობის გამოცდილება.
● და ბოლოს, გამოიმუშაო ის, რაც ყველაზე მთავარია - ანუ თვითრწმენა, რთულ გამოწვევებთან გამკლავება და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე დაჯერება.
ამიტომ, არ გამოტოვო რეგისტრაცია ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე და გახსოვდეს, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. რადგან თუ ახლა ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველმა ცდამ ერთ დროს შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს.