სიახლეები

იმიტომ, რომ წელს Ad Black Sea-ის ხუთი წლის იუბილეა...

აგვისტო 22, 2019

სანამ წერას დავიწყებდი, Ad Black Sea-სთან დაკავშირებულ ჩემს შარშანდელ ბლოგ პოსტს გადავხედე - ამ ფესტივალს ისე ველოდები, როგორც ბავშვობაში ახალ წელს-მეთქი დამიწერია. 

19-21 სექტემბერი, წელს ორმაგად სადღესასწაულო იქნება, ერთდორულად ახალი წელიც და დაბადების დღეც. საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 5 წლის ხდება. 

წლევანდელ ფესტივალზე ფიქრი, შარშანდლის დამთავრებისთანავე დაიწყო. WINDFOR’S-ის თითოეულ თანამშრომელს, ეს პროექტი შვილივით უყვარს. თან რიგითი შვილივით კი არა - ფავორიტი შვილივით, რომელიც სინამდვილეში ყველა მშობელს ჰყავს. ამის მიუხედავად, გადავწყვიტეთ Ad Black Sea-ის წლევანდელი ვიზუალური სტილის თანამონაწილე, ამ ფესტივალზე ჩვენსავით შეყვარებული ადამიანებიც გაგვეხადა. დავიარეთ სააგენტოები, შევეხმიანეთ „ფრილანსერებს“, შევაგროვეთ მათ მიერ ფიქრისას გაკეთებული სკეჩები და ჩანახატები და წლევანდელი კონცეფციის - Bring it Out-ის ქვეშ გავაერთიანეთ. ეს ძვირფასი ჩანახატები, რეკლამის და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანების მხრიდან ფესტივალისთვის გაკეთებული ერთგვარი საჩუქარია - იმიტომ, რომ წელს Ad Black Sea-ის ხუთი წლის იუბილეა...

BRING IT OUT

ანუ გვაჩვენე რამდენად გიჭრის გონება და რამდენად შრომისმოყვარე ხარ, რამდენად შეგიძლია სტრატეგიულად, კრეატიულად აზროვნება და რამდენად დაეხმარე ბრენდებს კომუნიკაციაში - ქართული და უცხოური სარეკლამო სააგენტოების 500-ზე მეტ ნამუშევარს სწორედ ამ კრიტერიუმებით შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. ფესტივალს წელს კიდევ ერთი დიდი კატეგორია - Creative Effectiveness დაემატა, რასაც განსაკუთრებული ენთუზიაზმით მარკეტერები შეხვდნენ. ამ კატეგორიის შეფასების მთავარი კრიტერიუმი სარეკლამო კამპანიის, რგოლისა თუ პრინტის შედეგებია და შესაბამისად, სწორედ აქ გაირკვევა, თუ რამდენად დაეხმარნენ სააგენტოები ბრენდებს კონკრეტული მიზნების მიღწევაში. 

თითქოს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცლილებაა წლევანდელი ჯილდოს დიზაინში. როგორც იცით, Ad Black Sea-ს გამარჯვებულები, ბათუმის სანაპიროზე შეგროვებული პლასტმასის ნარჩენებისგან დამზადებულ პრიზებს იგებენ. თუმცა, წელს პრიზის დიზაინს საქართველოს რუკა შეემატა. გამარჯვების შემთხვევაში, რუსული თუ ბელორუსული, ნიკარაგუული თუ ვენესუელური სააგენტოების თაროებზე საპატიო ადგილს დაიკავებს ჯილდო, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა დაფიქსირებული - საკმაოდ კარგი მედია არხი ჩვენი მესიჯის გასაჟღერებლად. 

რა თქმა უნდა, არ არსებობს დაბადების დღე მეგობრებისა და სტუმრების გარეშე. წლევანდელ სტუმრებს შორის, ბევრ ახალ და საინტერესო სახესთან ერთად ფესტივალის დიდი ხნის მეგობრებსაც ვნახავთ.


საინტერესოა, რას იტყვის მაიკლ კონრადი, როდესაც დიდი ხნის უნახავ Ad Black Sea-ს შეხვდება. 5 წლის წინ, სწორედ მან წარუდგინა მსოფლიოს Ad Black Sea, ზუსტად ისე როგორც მეფე ლომის გახსნით სცენაში მაიმუნი რაფიკი აჩვენებს ჯუნგლების ბინადრებს ახალშობილ სიმბას. თუ ამ ადამიანის შესახებ არ გსმენიათ, გეტყვით, რომ ის Leo Burnett Worldwide-ის თავმჯდომარე და მთავარი კრეატიული ოფიცერი გახლდათ. მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიაში უთვალავი დამსახურებისა და ჯიდლოს მფლობელი, ამჟამად Berlin School of Creative Leadership-ის პრეზიდენტი და ჩვენი ფესტივალის საპატიო ელჩია. 

ერთგულ მეგობრებს შორის, აუცილებლად უნდა ვახსენოთ თიბისი ბანკიც. 5 წლის წინ, როდესაც არავინ იცოდა რა იყო, ან რა გახდებოდა Ad Black Sea ფესტივალი, თიბისი ენდო ფესტივალის ორგანიზატორებს, მხარი დაუჭირა წამოწყებას და გვერდით დგას დღემდე. ფესტივალის დელეგატებს, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე საოცრად იზრდება, ტრადიციისამებრ საინტერესო საჩუქრებით გაანებივრებს თიბისი.


საქმეებს მოვაცდინე და ფესტივალის სამზადისისა და წლევანდელი პროგრამის შესახებ რამდენიმე სიტყვის თქმა თამარ ცინცაძეს, ფესტივალის აღმასრულებელ მენეჯერს და ჩემს ძვირფას კოლეგას ვთხოვე: 

წელს ალბათ მაინც განსაკუთრებულად ვემზადებით. 5 წლის ვხდებით და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ძალიან მნიშვნელოვან სტუმრებს და დელეგატების გაზრდილ რაოდენობას ველოდებით. ბევრი და ძალიან საინტერესო სპიკერი, პანელ დისკუსიები, დატვირთული პროგრამა - ვცდილობთ, რომ სემინარების განმავლობაში დელეგატებს თვალი სანაპიროსკენ არცერთი წამით გაექცეთ

და აი ისინიც, წლევანდელი „ჰედლაინერები“:

მარსელო სერპა

ყველაზე დაფასებული ბრაზილიელი არტ დირექტორი, მრავალი წლის მანძილზე AlmapBBDO-ს მთავარი კრეატიული დირექტორი და უამრავი სამაგალითო, გამორჩეული ბრაზილიური ნამუშევრის ავტორი, სიმარტივისა და „ბარაზილურობის“ მაგალითებად რომ გვახსენდება ხოლმე. 

ვაშინგტონ ოლივეტო

კიდევ ერთი ბრაზილიელი, რომელიც სარეკლამო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურადაა დასახელებული. მის ანგარიშზე 50-ზე მეტი კანის ლომი მხოლოდ ფილმის კატეგორიაშია. 

კენტარო კიმურა

იაპონელი სტრატეგი და საკუთარი სტუდიის, Hakuhodo-ს მთავარი კრეატიული ოფიცერი. ნამუშევარი აქვს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა ტოიოტა, გუგლი, სონი...

ჩაჩო პუებლა

წარმოშობით არგენტინელი MullenLowe-ის კრეატიული დირექტორი, არც მეტი და არც ნაკლები „მაგნუმის“ საოცარი პრინტ კამპანიის მთავარი შემოქმედია. 

ნიკლას ფრინგს-რუპი

ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო სკოლის, Miami Ad School Europe-ის დამაარსებელი და დირექტორი. სწორედ ამ სკოლის კედლებში გაიზარდა იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც დღეს მსოფლიოში ჩვენს ინდუსტრიას მართავენ. 


და ბევრი სხვა. წელს მზეს და ზღვას საოცარი კონკურენტები ჰყავთ.


ბლოგ პოსტის შესაჯამებლად, ფესტივალის ფუძემდებელს, ვატო ქავთარაძეს ვთხოვე აზრის დაფიქსირება:

ვფიქრობთ, წლევანდელი, რიგით მე-5 Ad Black Sea იქნება საუკეთესო სარეკლამო ფესტივალი მათ შორის, რაც აქამდე ჩატარებულა - არამარტო საქართველოში, არამედ, დიდი ალბათობით, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს როგორც დაგროვილი გამოცდილება, ისე წლევანდელი ფესტივალის დელეგატთა შემადგენლობა. ასეთი რანგის და დამსახურების ვარსკვლავები ჩვენ ქვეყანაში აქამდე ერთად არ ჩამოსულან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ მასშტაბით არა, ლაინ-აფის ხარისხით წლევანდელი ფესტივალი არაფრით ჩამოუვარდება არცერთ სხვა ტოპ-ფესტივალს, რაც ერთის მხრივ ძალინ გვახარებს, მეორეს მხრივ კი, უდიდესი პასუხისმგებლობით აღგვავსებს.

მოკლედ, ბევრი სიახლე, ბევრი მხიარულება და ინტელექტის უპრეცედენტო კონცენტრაცია ბათუმში. 19-21 სექტემბერის მოახლოებას ბევრშოკოლადნაჭამი, ზეეგზალტირებული ბავშვივით ველი. იმიტომ, რომ Ad Black Sea ახალი წელივითაა და იმიტომ, რომ წელს Ad Black Sea-ს 5 წლის იუბილეა.

ავტორები:

ბექა მეფარიშვილი - ვინდფორსის კრეატიული დირექტორი;

თამარ ცინცაძე - ფესტივალის აღმასრულებელი მენეჯერი