ABSEA studio | ელექტრონული მუსიკის განახლებული სკოლა ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთი შეხედვით საქართველოს მუსიკალური ცენტრი თბილისია, განსაკუთრებული ტალანტები ხშირად დედაქალაქის გარეთ ჩნდებიან ხოლმე. რამდენიმე ქალაქი კი ისტორიულად გამორჩეული მუსიკალური კერაა. მათ შორის ერთ-ერთია ბათუმი, რომელსაც წელს ელექტრონული მუსიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის განახლებული საგანმანათლებლო სტუდია ABSEA შეემატა. რესურსების ალოკაციის და რეგიონის განვითარების თვალსაზრისით ამ ამბის შესახებ სტუდიის დამფუძნებელს, ლაშა გურულს ვესაუბრეთ.

როგორ და რა მიზნით შექმენით სტუდია?

სტუდიის იდეა, რომელიც პირველად 2018 წელს განხორციელდა, დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და გულისხმობდა ისეთი ატმოსფეროს შექმნას, რომელიც იქნებოდა ერთის მხრივ სამუშაო სივრცე ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, მეორე მხრივ კი სკოლა, რომლის საშუალებითაც ჩვენს ცოდნას გავუზიარებდით ელექტრონული მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს.

 

მე თვითონ ბათუმში ვცხოვრობ და ვხედავ ამ ქალაქში ახალგაზრდების მუსიკალურ პოტენციალს, სურვილს, რომ ისწავლონ მეტი და გახდნენ ამ სფეროს ნაწილი. ბუნებრივია, ყველა ვერ ახერხებს თბილისში გადასვლას და იქ შესამაბისი ცოდნის მიღებას ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. ABSEA კი ქმნის შესაძლებლობას ადგილობრივებისთვის, რომ მიგრაციის ნაცვლად თავისივე ქალაქში ჰქონდეთ საერთო მუსიკალური ინტერესების მქონე კომუნის კულტურული სივრცე ცოდნის, გამოცდილებების და იდეების გასაზიარებლად.

 

თავიდან სტუდიას SLR Studio ერქვა და ლოკაციაც სხვა ჰქონდა, წელს კი ABSEA ახალ, ძალიან მყუდრო და სასიამოვნო სივრცეში გავხსენით ძველ ბათუმში, სადაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას და დაფუძნებას.

რა კურსებს სთავაზობთ პოტენციურ სტუდენტებს?

მე ვარ დიჯეინგის მასწავლებელი. აუდიო პროდაქშენის, მუსიკის წარმოების და Ableton-ის კურსებს კი უძღვება DJ Babba, ერთ-ერთი ყველაზე ძველი დიჯეი, რომლის ხელშიც ბევრმა უკვე წარმატებულმა არტისტმა გამოიარა, როგორებიც არიან Kancheli, NDRX, BMI და ბევრი სხვა.  ბაბა იყო ელექტრონული მუსიკის პირველი რეკორდ შოპის „კაფსულის“ დამფუძნებელი და პირველი სკოლაც მან გახსნა თბილისში 2000-იანი წლების დასაწყისში.

 

ბათუმში ჩვენი მრავალწლიანი მუსიკალური საქმიანობის გარდა, მე და ბაბა ბათუმის Kite ფესტივალის ორგანიზატორებიც ვართ და შესაბამისად შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს მოსწავლეებს, დაუკრან ფესტივალის სთეიჯზე.


რადგან ორივე აქეთ ვცხოვრობთ, გადავწყვიტეთ კიდევ ერთი საქმისთვისაც გავერთიანებულიყავით და კურსებიც ჩვენი კომპეტენციების შესაბამისად დავაორგანიზეთ. წელს კიდევ ერთი ახალი კურსი - ჰიპ-ჰოპ მუსიკის პროდაქშენი დაგვემატა, რომლისთვისაც ჯგუფის ორგანიზებაც ახლა მიმდინარეობს. მაქსიმე ფინამორი, ბელგიელი ვოკალისტი არტისტი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს, უხელმძღვანელებს ჰიპ-ჰოპის მოყვარული ადამიანების ჯგუფს, რომელიც სხვათაშორის საკმაოდ მრავალრიცხოვანია ბათუმში და ინტერესიც დიდია მუსიკის ამ ჟანრის მიმართ.

როგორია მოსწავლეების მიღების და შერჩევის პროცესი?

რაც შეეხება უფრო ტექნიკურ დეტალებს უშუალოდ ჯგუფების ფორმირებაზე: პირველ რიგში, ვცდილობთ ინდივიდუალური მიდგომა გვქონდეს თითოულ მოსწავლესთან - გავარკვიოთ მათი გამოცდილება, მანამდე დაგროვებული ცოდნა, მიზნები... მაგალითად, მუსიკის თეორიის არცოდნის შემთხვევაში აუცილებლად ვასწავლით საბაზისო პრინციპებს და ვთავაზობთ რომელიმე ინსტრუმენტის დახმარებით თეორიის ათვისებას, რომ შემდეგ ჩვენი კურსი მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ხშირად ერთი კურსის მსურველებს სხვადასხვა მიზნები აქვთ; მაგალითად ზოგს Ableton-ის სწავლა უნდა იმისთვის რომ ტექნიკური მიმართულებით გაძლიერდეს და პლატფორმის წმინდად პროგრამული ნაწილი შეისწავლოს, ზოგისთვის კი ეს მთავარი ან ერთადერთი საშუალებაა მუსიკალური კომპოზიციების შესაქმნელად. ასე რომ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, თუ რა სჭირდება ჩვენთან მოსულ ცალკეულ სტუდენტს. ამიტომაც გვაქვს რაც შეიძლება მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომ ინდივიდუალური მუშაობის სტანდარტი მაქსიმალურად ჩევინარჩუნოთ.

როგორ აგრძელებენ მუსიკალურ ცხოვრებას თქვენი კურსდამთავრებულები? ჩნდებიან თუ არა ისინი უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე?

პრინციპში სტუდიის მთავარი მიზანია, რომ ახალი შესაძლებლობებისთვის ასპარეზი მივცეთ სტუდენტებს, რომლებიც გამორჩეულად მონდომებულები არიან ან აქვთ განსაკუთრებული უნარები, რომ მათ შეძლონ თავიანთი მუსიკალური ცხოვრების გაგრძელება კურსის დასრულების შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში კურსის დახურვის შემდეგ ვაორგანიზებთ შოუქეის ივენთს, რომელზეც კურსდამთავრებულები უკრავენ და რომელიც შეიძლება ითქვას კარგი მოთელვაა აუდიტორიის წინაშე წარდგენისთვის. მერე უკვე რა თქმა უნდა როგორც კი გამოჩნდება საშუალება ვცდილობთ ჩვენი სტუდენტები ღონისძეიბების ლაინაფებში ჩავსვათ და დავეხმაროთ რითიც შეგვიძლია, თუნდაც გარკვეულ საათებში ჩვენი სივრცის დათმობით, რომ ივარჯიშონ აპარატურაზე. საბოლოო ჯამში ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ კურსებით და ეს არის ეგრედწოდებული პაკეტი, რომელშიც ბევრი ფორმალური და არაფორმალური მხარდაჭერაც შედის. შეიძლება ითქვას ჩვენც ამისთვის ვარსებობთ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რეგიონში ინდუსტრიის განვითარებას.

 

აჭარაში პირველი სკოლა ვართ, რომელიც მსგავსი პროფილით მუშაობს და ვფიქრობ ეს რეგიონის არა მხოლოდ მუსიკალური განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად ქალაქის კიდევ უფრო გამოცოცხლებისთვის. და უკვე ამის მაგალითებიც არსებობს: ერთ-ერთმა ჩემმა მოსწავლემ ვინილების მაღაზია გახსნა ბათუმში, ზოგმა რადიო დაარსა რომელიც ახალი მუსიკის სტრიმებს უშვებს და ივენთების სერიებს აორგანიზებს.

 

ჩვენი კომუნის გაზრდა ჩემთვის ძალიან ღირებული საქმეა იმიტომ, რომ რაც არ უნდა კარგად აკეთებდეს 1 ადამიანი თავის საქმეს, ეს მაინც არაა საკმარისი სანამ მეტი ხალხი არ ჩაერთვება საერთო ხედვის განხორციელებაში.

 როგორია ABSEA studio-ს სამომავლო გეგმები?

გრძელვადიან პერსპექტივას რაც შეეხება, ჩვენი გეგმაა დავაარსოთ საკუთარი ლეიბლი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მუსიკალურ ჰაბს და კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საფეხურზე აგვიყვანს. გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი საინტერესო მუსიკა დაიწეროს ჩვენს სტუდიაში და ABSEA რადიოს (ყოფილი SLR Radio) გარდა, რომელიც ასევე ჩვენია, გვქონდეს მუსიკის აუდიტორიისთვის გაცნობის ყველაზე ძლიერი არხი საკუთარი ლეიბლის სახით.


ასევე ჩვენს გეგმებში შედის, რომ რაც შეიძლება ბევრი სხვადასხვა ახალი ჰარდვეარ მოწყობილობები შევმატოთ ჩვენი სტუდიის ინსტრუმენტების კოლექციას, რათა უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი კურსების თეორიული და პრაქტიკული ნაწილის შესწავლა.

 

ამ ზაფხულის განმავლობაში კი ვეცდებით ჩვენს კურსამთავრებულებს მივცეთ სხვადასხვა ღონისძიებებზე დაკვრის შესაძლებლობა და ასევე ვგეგმავთ ჩვენი სტუდიის სახელით გავაკეთოთ კიდევ ერთი ივენთი, სადაც დაუკრავენ როგორც სტუდიის დამფუძნებლები ასევე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები.

ავტორი: ქეთი რაზმაძე