ლიტერატურა

9 აპრილი და რამდენიმე ლიტერატურული ტექსტი

"საბა"

აპრილი 09, 2020



არის წელიწადში ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს, ბედნიერი დღე - 9 აპრილი. დღე, როცა ბევრი ადამიანი შეეწირა ტოტალიტარიზმსა და საბჭოთა რუსეთის მოქმედებებს, დღე - როცა საქართველომ, საბჭოთა ცხოვრებით შეცვლილმა, მრავალჭირ და რეპრესიაგადატანილმა, ძმათა დაპირისპირებით თუ მტრის მოგერიებით დაღლილმა, მოიპოვა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, რომ ის სახელმწიფოდ იქცეს - დამოუკიდებლობა...


როგორც წესი, ასეთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ისტორიული მოვლენები ლიტერატურაშიც პოულობს თავის ასახვას,  ჯერ პოეზიით იწყება - პოეზია, თავისი ემოციით, სპონტანურობით, ტკივილით უცებ აირეკლავს ასეთ მოვლენებს, მოგვიანებით - პროზა იწერება. ქართულ ლიტერატურას 9 აპრილი ჯერ კიდევ გასააზრებელი აქვს, ალბათ ეს კიდევ უფრო გვიან მოხდება, იქნებ 100 წლის მერეც, როდესაც 9 აპრილის ტრაგიკული ღამე ღია ჭრილობა აღარ იქნება, ტკივილი ისე მაინც მოშუშდება, რომ ფიქრის, გააზრების საშუალებას მოგვცემს.


პირველი ტექსტი, რომელიც 9 აპრილთან დაკავშირებით შეიძლება გაგვახსენდეს, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაა - „ორნი აქ-იქ“. ეს საოცრად ემოციური, ტკივილამდე შიშველი ტექსტი მსხვერპლის, პატარა გოგონას გარდა, მტრის სახის განსხვავებულ ვერსიას გვიჩვენებს, სტასიკი, ჯარისკაცი თავადაც მსხვერლია, ძალადობრივი სისტემის, უსიყვარულობის, უხეში და მძიმე ბავშვობის, ის იარაღია, უფრო ძლიერი, ჭკვიანი მტრის ხელში. გოგონა, ყველაზე ნათელი, ღია და მეოცნებე პერსონაჟი პატიობს თავის მკვლელს, ეს ყველაზე დიდი სულგრძელობაა, აპატიო მას, ვინც ნიჩბით გაგისწორდა, სული მოგისწრაფა. „- აჩქარებით არ მომსვლია ეს, მე მაგაზე ბევრჯერ ვფიქრობდი. ეგ ალბათ ისე დაიბადა, ისე გაზარდეს...“



„ასე მგონია, 9 აპრილის ტრაგედიამ – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საოცარმა ამბავმა – სათავე დაუდო სულისკვეთებას, რომ ქვეყნის ღირსეული ნაწილი, მიუხედავად დიდი თუ მცირე სტასიკების მუქარისა და ძალადობისა, არასდროს დაჩოქებულიყო, არავის დამონებოდა, სინდისი არ გაეყიდა და შეურაცხყოფა მეტად აღარ მოეთმინა. …იმ დღეს ახალი ქვეყანა დაიბადა: სტასიკით შეუმკრთალი საქართველო.“


- წერს მწერალი ზვიად კვარაცხელია.



9 აპრილის თემაზე ყველაზე მონუმენტური და მასშტაბური ქართული ნაწარმოები ალბათ ოთარ ჭილაძის რომანი „აველუმია“, აველუმი ჩვეულებრივი ქართველი, თუ საბჭოთა მოქალაქეა, სხვებისნაირი ცხოვრების გამოცდილებით, კომპრომისებითა და სურვილებით, ის ცდილობს თავისუფლების მოპოვებას, თუმცა, ვერ ახერხებს. თავისუფლების სულს თავის შვილს ჩაუნერგავს, თავად ვერ იბრძვის, მხოლოდ შვილს გადაულოცავს ფრენის სურვილს და ამის გამო კარგავს კიდეც.




„9 აპრილის თემა რომანში მასშტაბურად წარმოჩნდება. აველუმის შვილის სახე მიტინგების, გაფიცვებისა და შიმშილობის ფონზე გამოიკვეთება. „ვინც სურვილს აჰყვა, ჩამოვარდა კიდეც, საკუთარი სისხლით გადაწითლებულ ლოდებზე გდია, დაჩეხილ-დაჩეჩქვილი”…”ტანკზე შეხტომა იგივე გაფრენაა, ხოლო ერთხელ უკვე გადაგდებული დროშა იგივე ხელოვნური ფრთაა, რომელიც, თავისთავად ცხადია, დიდხანს ვერ გაგაჩერებს ჰაერში”.


-მაია ჯალიაშვილი



9 აპრილის მთავარი სიმბოლო მაინც პოეზია იყო, ხეზე გაკრული ლექსები, ამღერებული ლექსები, ხმამაღლა ნათქვამი პოეტური შეძახილები.


ალბათ ყველა სახლშია შავყდიანი წიგნი, ძაძით შემოსილი ახალგაზრდა ქალით ყდაზე და წითელი წარწერით - 9 აპრილი.


ამ წიგნში დოკუმენტურ ფაქტებსა და გამოხმაურებებთან, სამძიმრისა და პროტესტის წერილებთან ერთად ლექსებიცაა, რა თქმა უნდა, ყველა ლექსის ჩამოთვლას არ დავიწყებთ, ვცადეთ რამდენიმე ფრაზა ამოგვეკრიფა ამ პოეტური კალეიდოსკოპიდან.


მთავარი ლექსი, რა თქმა უნდა, მორის ფოცხიშვილის „ტიტებია“, რომელიც სიმღერად და იმ დღის სიმბოლოდ იქცა.




„ამ საფლავში დაჩეხილნი ბარითა და კეტებით

წვანან ჩვენი მოშიმშილე შვილები და დედები“...


-მიხეილ ქვლივიძე


„რომ მტრის ჯინაზე არ დავეცე და კი არ გავქრე,

ამოვიზარდო, აღმოვცენდე მოთმინებიდან“


- გივი ალხაზიშვილი


„უხმლო ლაშქარის მიკვირს ლაშქრული,

უხმლო მხედრების გრგვინავს მხედრული“


-ვახტან ხარჩილავა


„რუსთველის პროსპექტზე თავდახრილი

ბავშვებიც ჩემსავით ბერდებიან“.


- ოთარ ჭელიძე



კიდევ ბევრი ლექსის გახსენება შეიძლება, თუმცა, ყველაზე ნათლად იმ ამბებს ალბათ ვახუშტი კოტეტიშვილის წერილის ეს ამონარიდი გაგვახსენებს:


„ამ ყველაფრის თვითმხილვევი გახლავართ, მოწმე და მონაწილე. მე თვითონ გამოვარიდე მათ წიხლებს აბუზული, შეშინებული გოგონები, თავგაპობილი ყმაწვილები. მათი სისხლი მეცხო სახეზე, ტანსაცმელზე“...


ავტორი: saba.com.ge

ფოტო: იური მეჩითოვი