კულტურა

8 მარტი - თავისუფალი საქართველოს ქალები

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, როდესაც 8 მარტი გვიახლოვდება, იმ ქალებზე საუბარს ვიწყებთ, რომლებიც თავისი ჭკუით, განათლებით, სილამაზით და კეთილშობილებით გამოირჩევიან. იმ ადამიანებს, რომლებზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, არც დაფასება დაჰკლებიათ, არც სახალხო სიყვარული და არც აღიარება, თუმცა ყოველთვის სასიხარულოა იმ ქალების გახსენება, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში სხვადასხვა მიმართულებით სამუდამო კვალი დატოვეს. 

კატო მიქელაძე

(1878-1942)

კატო მიქელაძე ქართველი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე იყო. მას ევროპული განათლება ჰქონდა, შეიძლება ეს დღეს ყველასთვის შესაძლებელია, თუმცა თუ ამას დროის იმ კონტექსტში შევხედავთ, ცხადი გახდება, რომ საქმე განსაკუთრებულ მიზანდასახულობასთან და შრომისუნარიანობასთან გვაქვს. კატო მიქელაძემ ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა და შემდეგ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ის იქ გაეცნო ქალთა მოძრაობის დასავლურ გამოცდილებას და 1916 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მთელი თავისი ცოდნა სამშობლოს მოახმარა. ის აქტიურად ჩაერთო ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში - კატო მიქელაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქსელი „ქალთა ლიგა“, ის გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“. ეს პოლიტიკურ, სამეცნიერო, ლიტერატურულ გაზეთი იყო და ქუთაისში გამოდიოდა. გაზეთის მთავარი მიზანი ქალთა გაძლიერება და ქვეყნის განვითარებისთვის მათი ძალის კონსოლიდაცია იყო. გაზეთი აშუქებდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც ქალთა და მამაკაცთა თანაბარი უფლებები, ქალთა საარჩევნო ხმის დაკანონება, განათლების და სახელფასო ანაზღაურობის თანასწორობა იყო. „ხმა ქართველი ქალისა“ აქვეყნებდა ქალთა მხატვრულ ნაწარმოებებსაც, მასში დაიბეჭდა ისეთი ავტორების ნაწარმოებები, როგორიცაა: მარიჯანი, საფო მგელაძე და სხვა.


კატო მიქელაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში და რომელიც დღემდე მისაბაძ მაგალითად რჩება თანამედროვე ადამიანებისთვის.

ელენე დარიანი (ბაქრაძე)

 (1897-1979)

ელენე დარიანი ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და მიმზიდველი ქალია. წლების განმავლობაში, „ცისფერყანწელებთან“ დაახლოებული „ელენე დარიანის“ შესახებ მხოლოდ მითები ვიცოდით, პარალელურად ვკითხულობდით „დარიანული ციკლის“ მომნუსხველ სტრიქონებს და ვცდილობდით გაგვეგო ვინ არის მათი ავტორი - პაოლო იაშვილი თუ ელენე დარიანი, არსებობდა არა ეს ქალი სინამდვილეში, თუ მხოლოდ პაოლოს ფანტაზიის ნაყოფი იყო? დროსთან ერთად გაჩნდა უტყუარი ცნობები, რომ ელენე დარიანი რეალური ქალი - ელენე ბაქრაძეა, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობაში იყო პაოლო იაშვილთან და ახლოს მეგობრობდა როგორც „ცისფერყანწელებთან“, ისე სხვა ქართველ მწერლებთან და პოეტებთან. ლიტერატურული საზოგადოება დღემდე არ შეთანხმებულა ვინ არის იმ 14 ლექსის ავტორი, რომლის გარეშეც XX საუკუნის პოეზია წარმოუდგენელია და რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა შემდეგი თაობის, არაერთ პოეტზე.

შემომეჩვიენ ჩუმი მტრედები.

თმას მიხილავენ ლურჯ ნისკარტებით.

ამ სიყვარულით ნაიმედები,

თავს ვიმშვიდებდი სოველ ვარდებით


ცისფერი ქოლგა, ელენე დარიანი


„დარიანული ციკლი“ ქალის სასიყვარულო განცდების ფილიგრანული სიზუსტით აღწერის გამო, პაოლო იაშვილის მიერ, 1915 წელს პირველი საჯაროდ წაკითხვისთანავე კრიტიკის საგნად იქცა და მას შემდეგ არ წყდება მღელვარება ამ ტექსტების მიმართ. ელენე ბაქრაძეს ქართველი მკითხველი დროსთან ერთად სულ უფრო ახლოს იცნობს. დღემდე არ ცხრება კამათი „დარიანული ციკლის“ ავტორობის შესახებაც. ეს კი მშვენიერია, ალბათ ნებისმიერი ქვეყნის ლიტერატურული საზოგადოება ინატრებდა ასეთ ლიტერატურულ მისტიფიკაციას. თუ ელენე დარიანით დაინტერესებული ხართ, ბევრი ახალი რამის გაგებაა შესაძლებელი მისი დღიურიდან, რომელიც გასულ წელს ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა და რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ის არამხოლოდ ყველაზე შთამბეჭდავი ლიტერატურული მისტიფიკაციაა, არამედ ასეთივე ქალიც.


სოფიკო ჭიაურელი

(1937-2008)

სოფიკო ჭიაურელი ქართული კინოს ნამდვილი მშვენებაა. ვერიკო ანჯაფირიძის და მიხეილ ჭიაურელის შვილს, ალბათ სხვა პროფესიული არჩევანი არც ექნებოდა, თუ არა ხელოვნება, თუმცა სოფიკო გამორჩეული იყო. ის არ ყოფილა ვინმეს მემკვიდრე, ის იყო საკუთარი თავი. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ უნახავს „ვერის უბნის მელოდიები“ და სამუდამოდ არ ჩაბეჭდვია თავში სევდიანად მომღერალი, შეყვარებული ვარდო; იშვიათად თავდაჭერილი ნანო თავყელიშვილი „დათა თუთაშხიადან“; მოქალაქეთა წერილების განყოფილებაში მომუშავე ცნობისმოყვარე ჟურნალისტი სოფიკო ლანა ღოღობერიძის ფილმიდან „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“; ფარაჯანოვისეული სოფიკო ხომ საერთოდ დაუვიწყარია. სოფიკო ჭიაურელი იყო თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე მარჯანიშვილის, რუსთაველის და „ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის“ თეატრებშიც. ის თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებით სამუდამოდ დარჩა არა მარტო ქართული კულტურის ისტორიაში, არამედ მაყურებელთა გულებშიც. 


მარო მაყაშვილი

(1901-1921)

ალბათ, ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართველი ქალის ხსენებისას გვახსენდება საქართველოს ეროვნული გმირი მარო მაყაშვილია. მარო წითელ არმიას 1921 წლის 19 თებერვალს, 19 წლის ასაკში ემსხვერპლა. ახალგაზრდა გოგონა ფრონტზე მოწყალების დად ჩაეწერა და თავისი სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობას შესწირა. დღესაც, 100 წელიწადზე მეტის შემდეგ, შეუძლებელია არ აღფრთოვანდე ადამიანით, რომელმაც საკუთარი მაგალითით გვასწავლა სამშობლოს, თავისუფლების დაცვა. მარო თავის დღიურში წერდა:


„ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ - „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“. არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს.“

 

მარო მართალი იყო, მტერი ახლოს იყო და ეს დღესაც ასეა. მჯერა, რომ მარო გულანთებული პატრიოტი იყო, თუმცა არ ვიცი, ხვდებოდა თუ არა რა სიდიდის და მნიშვნელობის ნაბიჯი გადადგა და რამდენი წლით განსაზღვრა საქართველოს მომავალი, ჩვენთვის კი უახლესი ისტორია, როდესაც თავის დღიურში ჩაწერა „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“. მარო თავად ფრონტზე წავიდა, ჩვენ კი მემკიდრეობად დამოუკიდებლობისთვის მუდმივი ბრძოლის სურვილი დაგვიტოვა.


ავტორი: მაშო სამადაშვილი