მუსიკა | ცა

SONJA MOONEAR / 18 მაისი, 4GB ფესტივალი

Sonja Moonear - შვეიცარიელი დიჯეი, პროდიუსერი, აუდიო-ინჟინერი და ჟენევის ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა.



სონიას თქმით, ბავშვობაში მუდმივად თავგადასავლების ძიებაში იყო, სწორედ ასე მიაგნო კლუბებს, სადაც მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი. 2000-იანი წლების დასაწყისში კი ჟენევის საკვანძო კლუბის, Weetamix-ის რეზიდენტიც გახდა.

© last.fm

მისი განსაკუთრებული მონაცემები ბევრისთვის არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ლეგენდარული ლეიბლის, Perlon-ის დამფუძნებელი Zip სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც სონიათი იმ წლებში მოიხიბლა. სონია იხსენებს, რომ Weetamix-ში მისი მოსმენის შემდეგ Zip-მა ის ბერლინში, მასთან ერთად დასაკრავად დაპატიჟა, რაც მისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო.

დღეს კი სონიას სახელი მინიმალ-ჰაუსის ისეთი ლეგენდების გვერდით დგას, როგორებიც Ricardo Villalobos, Margaret Dygas და თავად Zip არიან.

მისი მუსიკა შეგხვდებათ ლეიბლებზე Perlon, Karat, Cosmo Records და Ruta5, რომელსაც სონია Dandy Jack-თან ერთად ხელმძღვანელობს. Ruta5 მჭიდროდაა დაკავშირებული სონიას მიერ გამართულ საღამოებთან ჟენევასა და შვეიცარის სხვა ადგილებში. ლეიბლი ერთგვარი პლატფორმაა შვეიცარიის ადგილობრივი კოლექტივისთვის. სონიას თქმით, Ruta5-ის ფილოსოფიაა, რომ გასცდეს გერმანულ-ამერიკული მუსიკის დომინაციას ამ სფეროში და შესთავაზოს მსმენელს მუსიკა ნაკლებად ტრადიციული ადგილებიდან.


სონია ერიდება მისი დაკრული მუსიკის ჩარჩოებში ჩასმას და რომელიმე ჟანრისთვის მიკუთვნებას, თუმცა, უდავოა, რომ მისი შესაძლებლობების, მსმენელთან ურთიერთობის ნიჭისა და მუსიკალური გამოცდილების წყალობით 4GB-ზე ძალიან საინტერესო დიჯეის მოსმენის საშუალება გვექნება.

© C-Heads Magazine

ავტორი: ანასტასია ზურაბიშვილი

გარეკანის ფოტო: Resident Advisor