თაობა

თიბისის სტიპენდიატები და სწავლა თამაშით

თაობა, რომელიც მომავალში აწმყოს შექმნის.

აპრილი 16, 2019

თამაში რომ სწავლების კარგი მეთოდია ეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი აზრია. თუმცა ერთი შეხედვით დროის გასაყვანად და გასართობად მოგონილი ბარათები, კამათლები, ფიგურები არა მხოლოდ ახალი ცოდნის, არამედ ახალი მეგობრების შეძენის საწინდარიც ყოფილა.

ამჯერად თიბისის სტიპენდიატები წიბახას თამაშების კლუბის სამაგიდო თამაშების გასაცნობად გაერთიანდნენ. თავიდან ერთმანეთისთვის უცხო ბავშვებს, ზოგი თამამად, ზოგი მორიდებით რომ აღებდნენ კარს, მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდათ ერთმანეთის სახელების დასამახსოვრებლად და დასამეგობრებლად.

ლაღად გადალახული უცხოობის უხერხულობა მალე გააქრო სამაგიდო თამაშების სასიამოვნო კონკურენციამ და 15 წუთის წინ ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები ხმამაღლა ამბობდნენ: „ნია როგორი იღბლიანია!“, „დიმიტრი, დახუჭე თვალები ნუ იხედები!“, „ვისი ჩაფიქრების დროა, ქეთისი?“ სასიამოვნო იყო მოსმენა, როგორ უზიარებდნენ ერთმანეთს აზრებს ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც მომავალში აწმყოს შექმნიან, გახდებიან ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ადვოკატები, მუსიკოსები, მხატვრები... გეგმებიც დიდი აქვთ. 


ქეთი კახნიაური


„წიგნებით დაწყებული, ვიდეოთამაშებით დამთავრებული, ყველაფერი მიყვარს, რაც ფანტასტიკას ეხება. სამაგიდო თამაშებიც ამიტომ შემიყვარდა.

 მომავალში ვგეგმავ რომ ამერიკაში კომპიუტერული ინჟინერია ვისწავლო. თავიდან ყველა მეუბნებოდა, გოგო ხარ, ნუ გაირთულებ ცხოვრებას, სტრესული სამუშაოა და რამე სხვა პროფესია აირჩიეო, მაგრამ არაფერი არ მანიჭებს ისეთ ბედნიერებას, როგორც მაგალითად ფიზიკის ნაკრებში მოხვედრა. ამიტომ მიღირს ამ სიამოვნების მიღება თუნდაც ბევრ რამეზე უარის თქმა მომიწიოს.“


თამაშები იმდენად აზარტული იყო, რომ ინტელექტუალურ გართობას რამდენიმე მშობელიც შეუერთდა. შვილები დედებს და მამებს მიუთითებდნენ სწორ პასუხებზე, ეხმარებოდნენ, კარნახობდნენ. ღიმილისმომგვრელი იყო როგორ იხსენებდნენ მშობლები და როგორ სწავლობდნენ ბავშვები საქართველოს უახლეს ისტორიას „100 წლის“ თამაშისას.


მარიამ რეხვიაშვილი


„ ვფიქრობ, რომ ჩვენი თაობა, ასაკის მიუხედავად, უფრო პასუხისმგებლიანი მოქალაქეებისგან შედგება ვიდრე უფროსი თაობა. ხშირად შეიძლება ერთი და იგივეს ვფიქრობდეთ, მაგრამ ჩვენ უფრო ხმამაღლა ვაფიქსირებთ ხოლმე ჩვენს აზრს.

მინდა, რომ ისეთი კარიერა მქონდეს, როგორზეც ვოცნებობ. ვოცნებობ იმაზე კი არა, რომ მაღალ თანამდებობაზე ვიყო, უბრალოდ მინდა, რომ ჩემი თავით ვიყო კმაყოფილი.“


დამოუკიდებელი ბავშვები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას რომ მკაცრი წესებისგან გათავისუფლდნენ. ისინი ამ ასაკიდანვე ცდილობენ თავად შექმნან თავიანთი ცხოვრება.


დემეტრე გელაშვილი


„თავიდანვე მომწონდა მათემატიკა და ფიზიკა. მერე დავიწყე პროგრამირებაზე სიარული. ახლა ყველაზე საყვარელი საქმე რაც შემიძლია ვაკეთო პროგრამის დაწერაა. გართობითაც ვერთობი, ძირითადად კომპიუტერულ თამაშებს ან ბანქოს ვთამაშობ ხოლმე.“

ნია გოგოხია


„მინდა რომ  ჩემი მომავალი პროფესია ბიოფიზიკას უკავშირდებოდეს. თავისუფალ დროს არ ვიცი რას ვაკეთებ. მთელი დრო თავისუფალია, იმიტომ, რომ მარტო იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს, და რაც არ მიყვარს იმას არ ვსწავლობ.“

თამაშის დაწყებამდე სტიპენდიატებს ფინანსური განათლების სესია თიბისის უფროსმა ბანკირმა სალომე სილაგაძემ ჩაუტარა. სესიაზე სტიპენდიატები გაეცნენ ფინანსურ ტერმინებს და ამოხსნეს ამოცანები. თითქოს მათთვის მხოლოდ ტერმინები იყო ახალი, დანარჩენს ინტუიციურად, ლოგიკით ხვდებოდნენ. აზროვნებდნენ არა ისე როგორც დიდები, არამედ როგორც ჭკვიანი ბავშვები, რომლებიც ყველაზე განსაკუთრებულები არიან.

ამ ადამიანებზე დაკვირებისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სამყაროში არსებობს კანონზომიერებები, რომლებსაც ვერავინ შეცვლის: რომ მომავალი თაობა ყოველთვის უფრო ჭკვიანია ვიდრე წინა, რომ ახალი ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ძველი, რომ განვითარებას დასასრული არ აქვს. 

ავტორი: ქეთი რაზმაძე

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე