კულტურა

7 კურატორი, რომელიც თანამედროვე ქართულ ხელოვენებას წარმოადგენს

სახელოვნებო სფეროში კურატორულ საქმიანობას არც თუ დიდი ხნის ისტორია აქვს, ამიტომაც ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს რომ თანამედროვე ქართული ხელოვნების პირობებში ის კიდე უფრო ახალი ტერმინია. თუმცა ბოლო წლებში თანამედროვე ხელოვნებაში დაწყებულმა მასშტაბურმა პროექტებმა თუ ახალი გალერეებისა და ექსპერიმენტული სივრცეების გახსნამ ნელ–ნელა ამ დისციპლინის დამკვიდრებას ხელი შეუწყო. დედაქალაქში ამჟამად მიმდინარე ხელოვნების ბაზრობასკი ამ პროცესში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, ჟურნალი Hammock ხელოვნების კვირეულის ფარგლებში წარმოგიდგენთ ხუთ კურატორს, რომელთა მიერ წარდგენილი გამოფენების ხილვა TAF-ის ფარგლებშიც შეგიძლიათ.

ირენა პოპიაშვილი

ირენა პოპიაშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1991 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. 2001 წელს მან ნიუ იორკში მარისა ნიუმანთან ერთად Newman Popiashvili Gallery დააფუძნა, რომელიც გამოფენებში და ხელოვნების ბაზრობებზე ადრეულ წლებში Suite 106–ის სახელით იღებდა მონაწილეობას.


გალერეაში, რომელიც 2013 წლამდე წარმატებით ფუნქციონირებდა, ირენა პოპიაშვილის ხელმძღვანელობით არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენის მასპინძელი ყოფილა. საქართველოში დაბრუნდების შემდეგ კი კურატორმა თამუნა ღვაბერიძესთან ერთად გალერეა Popiashvili Gvaberidze Window Project დააფუძნა. გალერეა, რომელიც მიზნად თანამედროვე ხელოვნების თბილისის აუთვისებელი ვიტრინების სახით წარმოდგენას ისახავს, თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენითაა წარმოდგენილი.


თავად ირენა პოპიაშვილი კი დღეს თბილისის ქუნსთჰალეს წარმოადგენს. მისი კურატორობით ხელოვნების კვირეულის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება აქვს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის გამოფენას – Tabula Rasa – დაესწროს. ხელოვანი და დიპლომატი, რომელიც თითქმის ოცი წელია საქართველოში მოღვაწეობს საკუთარ ნამუშევრებს VA[A]DS-ის (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა) ოთხი სტუდენტის: გიორგი გელაძის, გიორგი ვარდიაშვილის, სალომე ჩიგილაშვილისა და ლიზა ცინდელიანის ნამუშვრებთან ერთად წარმოგვიდგენს.

ნინო სეხნიაშვილი

ხელოვანი და კურატორი ნინო სეხნიაშვილი ამავდროულად თბილისში მდებარე გალერეა „ნექტარის“ დამაარსებელია. თავად ხელოვანი თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, მისი სახელოვნებო გამოცდილება ერთდროულად გრაფიკას, ობიქტს, ინსტალაციას, სკულპტურულ, ფოტო და ვიდეო ნამუშევრებს მოიცავს. ნინო სეხნიაშვილის შემოქმედება დღემდე არაერთ ლოკალურ და უცხოურ საგამოფენო სივრცეში გამოფენილა, მათ შორის გალერეა Window Project-ში, „ ნექტარში“, ტარტუს მუზეუმში და ნიუ იორკის Art in General-ის საგამოფენო დარბაზში.


გარდა საკუთარი ნამუშვრების შექმნისა ის კურატორულ საქმიანობასაც ეწევა, თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში მისი კურატორობით და გალერეა „ნექტარის“ წარდგენით 17 მაისს ექსპო ჯორიჯიას მეექვსე პავილიონში გამოფენა „ოთხი ლაპარაკი“

გაიხსნა. ექსპოზიცია, რომელიც ოთხი სხვადასხვა თაობის ხელოვანს შოთა ბოსტანაშვილს, თა გვეტაძეს, ელენე ლუხუტაშვილს და ელენე ჩანტლაძეს საერთო კონცეფციით აერთიანებს, სახელს შოთა ბოსტანაშვილის პოეტური ტექსტიდან იღებს, რომელიც როგორც ავტორი განმარტავს: დაწერილია არა იმდენად წყალზე, ცეცხლზე, ჰაერზე და მიწაზე, რამდენადაც წყლით, ცეცხლით, ჰაერით და მიწით”.  გამოფენა, რომელიც TAF–ზე ნინო სეხნიაშვილის კურატორობით იმართება, დამთვალიერებელს 19 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ნინა ახვლედიანი

ნინა ახვლედიანი TBC-ის არტ კურატორი და ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის – დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის ავტორია, რომელიც ამჟამად დავით კაკაბაძის ფონდისა და TBC-ის ორგანიზებით TAF-ის ფარგლებში 17 მაისიდან „ექსპო ჯორჯიას“ ორანჟერეაში მიმდინარეობს. პროექტი, რომელსაც ნინა ახვლედიანი ხელმძღვანელობს დამთვალიერებელს ქართველი მეცნიერის, გამომგონებლის და მხატვრის უნიკალური არქივის და ამ არქივზე დაყრდნობით შექმნილი მულტიმედია პროექტის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.


 „დავით კაკაბაძე საქართველოსა და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინო-აპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს ამ ექსპერიმენტებში წამყვანი ადგილი ეკავა. ამ კონტექსტში მან აბსტრაქტული ტილოები, კოლაჟები და სტალინის სამგანზომილებიანი (3D) ლაითარტი შექმნა.“ – ვკითხულობთ გამოფენის აღწერილობაში.


აღნიშნული პროექტი, ამ ყველაფრის ამსახველი საარქივო მასალის ნახვის შესაძლებლობას TAF-ის ფარგლებში 19 მაისი ჩათვლით გვთავაზობს. TBC ბანკის არტ კურატორის ნინა ავლედიანის ხელმძღვანელობით მსგავსად მასშტაბური პროექტი ერთხელ უკვე ჩატარდა და ის TBC ბანკმა პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს მიუძღვნა. 

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც კურატორი ნინა ახვლედიანი თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე წარადგენს გალერეა Window Project-ის მიერ ორგანზიებული ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრების გამოფენაა. ექსპოზიცია მხატვრის შემოქმედების სამ მიმართულებას რელიგიას, მითოსს და ეთნოგრაფიულ პოპს აერთიანებს. უნიკალური ნამუშევრების ხილვა დამთვალიერებელს ექსპო ჯორჯიაში 19 მაისის ჩათვლით შეეძლება.

ანა გაბელაია

ანა გაბელაია 2012 წელს დაარსებული Propaganda Newtork – „თანამედროვე ხელოვნების არქივის“ კურატორია. პროექტი რომლის მიზანიც ლოკალური სახელოვნებო სივრცეების განვითარება და ხელშეწყობაა, დღემდე არაერთი ქართველი ხელოვანის გამოფენის ორგანიზატორი და მასპინძელი ყოფილა, მათ შორის ისეთების როგორებიც არიან: ანა ჩადუნელი, ლადო ლომიტაშვილი და ნიკა ქუთათელაძე. 2018 წელს Propaganda Network მონაწილეობას იღებდა თბილისის არქიტექტურულ ბიენალეზეც, რომლის ფარგლებშიც სივრცე ქართველი და უცხოელი ხელოვანების ნამუშევრებით იყო წარმოდგენილი. დღეს კი თბილისის ხელოვნების კვირეულის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალე აქვს Propaganda Network-ის ორგანიზებით და ანა გაბელაიას კურატორობით მასშტაბურ სახელოვნებო ღონისძიებას – OXYGEN_Tbilisi No Fair–ს დაესწროს, რომელიც 26 მაისის ჩათვლით სასტუმრო „სტამბა“–ს სამ სართულზე საერთო კონცეფციის ირგვლივ 40–მდე თანამედროვე ხელოვანის ნამუშევარს აერთიანებს.


„ჟანგბადი არასდროს იწვის. ის მხოლოდ აალებას უწყობს ხელს. მისია ცეცხლი რაკეტებსა და შენი პირიდან გარეთ – თეორიებში. ბინძურ ქარებთან მოთამაშე, მშვიდი ქაოსის პირისპირ ყველა შესაძლო ჰაბიტატს მოძებნის: შეურიგდი და განთავისუფლდები, გადააჭარბებ და დაჟანგდები. ჟანგბადი მართული ძალაა. მუდმივად განახლებადი ენერგია…“ – ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.



მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებელს გარდა გამოფენებისა, საშუალება აქვს დისკუსიებს, ღია შეხვედრებს და მუსიკალურ სესიებსაც დაესწროს.

ელენე აბაშიძე

როგორც ჟურნალ Hammock-თან ადრე მიცემულ ინტერვიუში ამბობს, 16 წლის ასაკში უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაბარების შემდეგ კურატორობა მისი საქმიანობის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც 2014 წლიდან გოლდსმიტის უნვიერსიტეტში სწავლის შემდეგ დღემდე ეწევა. „ღამის ინტერვენცია“, „ტალღები“ და „გამქრალია თორმეტი ქალი” საქართველოში მოწყობილი იმ გამოფენების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ელენე აბაშიძე სხვადასხვა დროს კურატორობდა. თუმცა გარდა ლოკალური სივრცისა, ის ასევე გალერეა Project Art Beat-ის ინტერნაციონალური პროექტების კურატორიც იყო.„საქმე რომელიც ზედაპირულობას ვერ იტანს“– ასე ახასიათებს ელენე კურატორულ საქმიანობას, რომელიც მისი აზრით დღესდღეობით ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.


„ეს სივრცე ჩამოყალიბების პროცესშია, როგორც ყველაფერი სხვა საქართველოში. მთლიანად კულტურის ახლებური ფორმირება ხდება ლოკალური ისტორიიდან გამომდინარე. ამ მხრივ ეს საინტერესო სივრცეა, მაგრამ, ამასთან ძალიან რთულიც, რადგან ყოველი ნაბიჯი ბევრად მკვეთრად ჩანს, ვიდრე სხვაგან გამოჩნდებოდა. ერთი მხრივ, ეს სივრცე თუ ათავისუფლებს მკვლევარს, ასევე ბოჭავს მას, რადგან ხანდახან მხოლოდ ექსპერიმენტს ბევრად სერიოზული სახე ეძლევა, ვიდრე საჭიროა; ხანდახან კი პირიქით – რამდენ მნიშვნელოვან კვლევას ჩაუვლია მაყურებლის ყურადღების მიღმა.“ – ამბობს ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში.


გარდა კურატორული საქმიანობისა, ელენე აბაშიძე არარეგულარული დამოუკიდებელი და ინტერდისციპლინარული გამოცემა – „დანართის“ ერთ–ერთი დამფუძნებელია, რომლის თითოეული ნომერი ერთი კონკრეტული თემის ირგვლივ სხვადასხვა დისციპლინაში ერთიანდება.

დღეს ელენე გალერეა New Space-ს წარმოადგენს, მან ასევე თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში მოწყობილ საუბრებში 17 მაისს საკუთარი კურატორული გამოცდილება დამსწრე აუდიტორიას დისკუსიაში „ციფრული ერის ხელოვნება, ახალი პლატფორმების თავისებურებები და ქართული რეალობა“ უკვე გაუზიარა.

ელენე კაპანაძე

ელენე კაპანაძე Why not Gallery-ს კურატორია, რომელიც ხელოვან გვანცა ჯიშკარიანთან ერთად 2018 წელს დააფუძნა. გალერეა თანამედროვე ქართველ ხელოვანებს წარმოადგენს და მიზნად ისახავს დამთვალიერებელს ქართული და ინტერნაციონალური ხელოვნების ნიმუშები წარუდგინოს.


„პროექტი ჩაფიქრებულია როგორც ექსპერიმენტი, შესაბამისად იგი მიესალმება ყველა სახის კრეატიულ ექსპერიმენტაციასა და მცდელობას. გუნდის მიზანია გამოფინოს ხელოვნება, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა ვიზუალურად, აქვს ძლიერი შინაარსი და აქტუალურ თემატიკას ეხება.“ – ამბობენ დამფუძნებლები გალერიის შესახებ.

Why not Gallery-ში ელენე კაპანაძის კურატორობით უკვე მოეწყო გამოფენა „მე ის ვიცი რაც შენ იცი“ , რომელშიც სხვადასხვა თაობის თანამედროვე ხელოვანების – ვატო წერეთლის, ოლეგ ტიმჩენკოს და ნიკო ცეცხლაძის მიერ განხორციელებული საერთო პერფორმანის ჩანაწერი და გიორგი გელაძის ფერწერული ნამუშვრები იყო წარმოდგენილი.

ლიზა ჟვანია

კურატორი ლიზა ჟვანია  დიმიტრი ერისთავთან და ლადო შონიასთან ერთად თბილისში ახლახან გახსნილი ინტერდისციპლინარული შემოქმედებითი სივრცის „მაუდის“ ერთ–ერთი დამაარსებელია. პლატფორმა, რომელიც ხელოვანებს, არქიტექტორებსა და კურატორებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, 14 მარტს გამოფენით „პერსპექტივის სამჯერადი დახრა“ გაიხსნა.


ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ ახალი ტიპის პლატფორმა, რომელიც გვჯერა, რომ სიცოცხლისუნარიანი და აუცილებელია თბილისის არტ-სცენის პოტენციიდან გამომდინარე. ეს არის artist-run space ტიპის პროექტი, რაც გულისხმობს არტისტების პირდაპირ ჩართულობას გამოფენის კეთების, კონტაქტების დამყარების და სოციალური ვითარების შექმნის პროცესში. მაუდის” ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელოვნებო სივრცეში არტისტის სოციალური როლის და შესაძლებლობების გაზრდაა – არა მხოლოდ ფორმალური ნამუშევრების, არამედ ასევე სიტუაციების/ვითარების შექმნით. – ამბობს ლიზა ჟვანია ჟურნალ Hammock-თან ინტერვიუში „მაუდის“ შესახებ, რომელიც წლევანდელ თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე უკვე წარდგენილია გამოფენით „სივრცის კოლექტიური წარმოება“.


ჯგუფური გამოფენა, რომელიც ოცამდე ხელოვანს აერთიანებს ერთი თვის განმავლობაში არქიტექტურლ, სკულპტურულ და სოციალურ ელემენტებზე დაკვირვებით სივრცის განვითარებად პროცესს იკვლევს. ლიზა ჟვანიას და „მაუდის“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე დასწრება დაინტერესებულ დამთვალიერებელს თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში 31 მაისის ჩათვლით შეეძლება.

წყარო: Hammock / გვანცა ჩანადირი

ფოტო: სერა ძნელაძე

www.hammock.at.ge