ლიტერატურა

ყველაზე კეთილი წიგნების სერია ახალი თაობისთვის

„საბა“

ივლისი 28, 2020

ახლა არდადაგები გაქვს, ალბათ ის წიგნებიც უკვე მოიმარაგე რომელთა წაკითხვასაც ზაფხულში აპირებ, მაგრამ ჩვენ გვინდა კიდევ ერთი სერიის შესახებ მოგიყვეთ, რომელსაც გამომცემელი ასე ახასიათებს: გამომცემლობაში გვჯერა, რომ საოცრების მოხდენა ლიტერატურულ პერსონაჟებსაც შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ამ საოცარ სერიაში შევარჩიეთ წიგნები, რომელთა გმირებისთვისაც სიკეთე ყოველთვის სწორი არჩევანია. სერიაში გაერთიანებული უჩვეულო ამბები სასკოლო ასაკის ბავშვებს, მათ მშობლებსა თუ მასწავლებლებს არაერთხელ დაარწმუნებს, რომ მთავარია აირჩიო სიკეთე.


გადავწყვიტეთ ამ სერიაზე შენი თანატოლებისთვის გვეკითხა და აი, მათი შერჩეული 5 წიგნიც.


რ.ჯ პალაციო - „საოცრება“ 

იმ ჯადოსნური წიგნების შესახებ ხომ გსმენიათ, პიროვნულ ცვლილებაში დიდ როლს რომ თამაშობენ და სამყაროს სხვა თვალით გვაჩვენებენ, სულ სხვა ფერებში? 


"საოცრება" ზუსტად ამართლებს იმ სათაურს, რაც აქვს.


ავგუსტი დეფორმირებული სახით დაიბადა. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რაც ამ ჩვეულებრივ ბავშვს სხვა თანატოლებისგან განასხვავებს. მასაც უყვარს ნაყინი, ველოსიპედით სეირნობა, ჰელოუინი და სხვადასხვა თამაშები... მაგრამ საზოგადოებაში ყოფნისას, ბიჭს ყველა თვალს არიდებს, ან ზოგჯერ ერთმანეთსაც გადაუჩურჩულებენ ხოლმე ერთი-ორ არასასიამოვნო სიტყვას.


წიგნი მთელი თავისი გულწრფელობით, მარტივი და სასიამოვნო ენით გვიყვება ავგუსტის თავს გადახდენილ ამბებს, რომელიც ახერხებს და ჩვენს ემოციებს ძალიან მჭიდროდ უკავშირდება. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, გარდაუვალია არ გაგიჩნდეთ სურვილი, რომ უკეთესი ადამიანები გახდეთ და მთავარ პრიორიტეტად სიკეთე აირჩიოთ. სწორედ ამ თვისებამ მომხიბლა ყველაზე მეტად, ამიტომ თქვენც გირჩევთ გამოსცადოთ.


ლიზა, 18 წლის

ლინდა მალალა ჰანთი - „თევზი ხეზე“

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ წიგნს ბავშვები წაიკითხავენ, ისინი მიხვდებიან, რამდენად დიდი სინათლეა თითოეულ მათგანში და იბრძოლებენ, ეს სინათლე სამყაროსაც აჩვენონ.


ისინი აღარ იქნებიან არც ჩაგრულები და აღარც მჩაგვრელები, რადგან ეცოდინებათ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.


რომ თანატოლის გარიყვა ან დაცინვა არ შეიძლება.


ისწავლიან, რომ თუ ვინმე ზუსტად შენნაირი არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდია.


მიხვდებიან, რომ ჩვენ, ყველანი ერთადერთები და განსხვავებულები ვართ და სწორედ ამაშია სამყაროს მრავალფეროვნების საიდუმლოც და სილამაზეც.


რაც მთავარია, ეს წიგნი ბავშვებს ასწავლის, რომ სამყაროს სწორედ ასეთი გოგოები და ბიჭები ცვლიან მათი ჰუმანურობით, ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობით, თანადგომითა და სიმამაცით.


თუ ამ წიგნს მშობლები წაიკითხავენ, დარწმუნდებიან, რომ ძალიან ხშირად ბავშვი ჩვენი, დიდების ანარეკლია, ის ისრუტავს ჩვენს ქმედებებსა თუ სიტყვებს და ამიტომ არის აუცილებელი, ყოველდღიურად შვილებს რაც შეიძლება ბევრი დადებითი მაგალითი ვაჩვენოთ.


თუ ამ წიგნს მასწავლებლები წაიკითხავენ, მჯერა, საკუთარ მოსწავლეებში დაფარული უნარებისა და შესაძლებლობების ძიებას გაორმაგებული ძალებით შეეცდებიან.


შეეცდებიან და გამოუვათ კიდეც.


იპოვიან და მზის სინათლეზეც გამოიტანენ და ეს იქნება ყველაზე შესანიშნავი რამ, რადგან, ბავშვებს ისე არაფერი სჭირდებათ, როგორც აღმოჩენა და თანადგომა.


მელანო, 20 წლის

არნე სვინგენი - „ბალადა გატეხილ ცხვირზე“

როცა ეს წიგნი შევიძინე არც ავტორის და არც წიგნის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, უბრალოდ ვიმედოვნებდი რომ ის ისევე კარგი იქნებოდა, როგორც ამ სერიაში შესული სხვა წიგნები. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ ჩემი საყვარელი წიგნია ამ სერიიდან.


13 წლის ბარტის ისტორიის წაკითხვამ ბევრი რამ მასწავლა, ბევრი რამისთვის კი სულ სხვა კუთხით შემახედა. მას შემდეგ უამრავ თანატოლს ვურჩიე ეს წიგნი და არამხოლოდ მათ.


„ბალადა გატეხილ ცხვირზე“ სიმამაცის, შიშის, სპორტისა და მუსიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია, მაგრამ ყველაზე მეტად ისეთი დღეების შესახებ, როცა მოულოდნელად აცნობიერებ, რომ შენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.


ცამეტი წლის ბარტს მეტად რთული ცხოვრება აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ოპტიმისტად რჩება, რადგან ერთი რამ ზუსტად იცის: გულგატეხილობითა და მოწყენით ვერაფერს შეცვლის. დედას სურს, ბარტმა კრივი ისწავლოს, რათა თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ ბიჭს თავდაცვა სხვაგვარად ესმის: ეს არის დადებითი განწყობა და… ოპერა.


ნიკა, 17 წლის

ქესი ბიზლი - „ცირკი მირანდუსი“

„ცირკი მირანდუსი“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია. მიკას ისტორია ძალიან ახლოს მივიტანე გულთან, ბევრი რამ ჩემთვის საკმაოდ ნაცნობი იყო. იმდენად ჩამითრია წიგნის სიუჟეტმა, რომ წიგნს ვერ ვწყდებოდი, ერთი სული მქონდა გამეგო შეძლებდა თუ არა ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი ბავშვი მოეხდინა სასწაული რომელსაც ბაბუას დაჰპირდა.


ყველას ვურჩევ წაიკითხოს ეს წიგნი, უკეთესი თავგადასავალი არდადაგებზე ვერც კი წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს.


ნინი, 15 წლის

არფინ ქოლერუ - „კეთილიონი“

ერთი ჩვეულებრივი დღე შეიძლება ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცეს, თუკი ამ დღეს ლატარიაში ჯეკპოტს მოიგებ.


10 წლის ფრანკის ცხოვრება იმ დღეს იცვლება, როცა ის და დედამისი 24 მილიონ კრონას მოიგებენ. დედა კი გადაწყვეტს, ბანკში შეინახოს ფული და არავის გაანდოს ეს ამბავი, მაგრამ პატარა დაბაში რაიმეს დამალვა ძალიან რთულია… ყველაფერი მაშინ აირევა, როცა ფრანკის დედა გადაწყვეტს, სიკეთის კონკურსი გამოაცხადოს, „კეთილიონის“ გამარჯვებული კი 1 მილიონით დააჯილდოოს.


თუმცა განა ადვილია ფულსა და სიკეთეზე ერთდროულად ფიქრი? ან რამდენად ადვილია, მდიდარი ამავე დროს კეთილიც იყო?


თანამედროვე ნორვეგიელი ავტორი არნფინ ქოლერუ საკმაოდ რთულ თემებზე გვაფიქრებს, თუმცა, დახვეწილი იუმორისა და ოსტატური თხრობის წყალობით, წიგნი ძალიან სახალისო საკითხავია.


როცა „კეთილიონს“ ვკითხულობდი თავი მეც ამ კონკურსის მონაწილე მეგონა. ძალიან ცოტა წამიკითხავს ამდენად მხიარული, ემოციური და კეთილი წიგნი.


გიო, 16 წლის



ავტორი: saba.com.ge