ლიტერატურა

მთელი ტფილისი ერთ წიგნში

saba.com.ge

აპრილი 29, 2019

მიყვარს თბილისი! ირაკლივით მუდამ მშფოთარი!

და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს,

ან მსურს მტკვრის ტალღამ ორთაჭალის ხრამს დამაგუბოს

(მიყვარს თბილისი!... ირკლივით მუდამ მშფოთარი!).

და მე არ მინდა სხვა ანდერძი არავითარი;

ახლიჩეთ მწვადი... სთქვით ლექსები...აჟღერეთ თარი...

ჰყავთ ქალაქებს თავისი უკვდავი სული, ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქებს, როგორც ბოთლში ჯინს, ისე ინახავენ.

თბილისსაც ჰყავდა ასეთი სული, პოეტი, მეცნიერი - იოსებ გრიშაშვილი. ის, ვინც ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა ერთ წიგნში, ხოლო ძველტფილისური ბიბლიოთეკა - ერთ ოთახში, ერთ მუზეუმში ჩაკეტა.


იოსებ გრიშაშვილის „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა” უკვე დაკარგულ თბილისში მოგზაურობის საუკეთესო გზაა, მისი წაკითხვისას, ჯერ თბილისი უნდა მოიაროთ, ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ტილოებსაც შეავლოთ თვალი და იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმსაც ესტუმროთ- ეს საუკეთესო გზაა, იგრძნოთ ლიტერატურული თბილისი, მიხეილ ჯავახიშვილის პროზასა თუ ცისფერყანწელების ლექსებში დავანებული. ამ თბილისს აწი მხოლოდ წაიკითხავთ, სამწუხაროდ, მისი პოვნა გაგიჭირდებათ.


ყველაზე თვალსაჩინოდ ეს თბილისი გრიშაშვილის შესანიშნავ გამოკვლევაში ჩანს. თბილისი, მისი ენა და მისი ნაცნობი თუ უცნობი პოეტები.


„ქალაქის მოსახლეობა მუდამ ჭრელი და მრავალფეროვანი იყო, მაგრამ იგი ყოველთვის თავისი ენითა მეტყველებდა: ეს იყო ქალაქური ენა, ტფილისმა ფრთხილად მოანარუქა სხვადასხვა ერის წახნაგოვანი სიტყვები და მისცა თავისებური ეშხი და მზეოსნობა…”


„პირადად მე, როგორც აღმოსავლურ მგრძნობელობის თანამეინახეს, მიყვარს ეს ტფილისური, ჯიგრიანი სიტყვები. ტფილისური სიტყვა და გამოთქმა თავისი მოცულობით და სპეციფიური ვითარებით მეტად ხმოვანია და ლეგენდარული. ამიტომაც არის, რომ ამ ენისკრიალოსანს არა ვფანტავ ონავარ ხელით, ყოველივე გამოთქმას სათუთად ველოლიავები …”

(ი.გრიშაშვილი, „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა”)



ძველი ტფილისის ქუჩები, კინტოები და ყარაჩოღელები, ყეენობა და კრივი, ამქრობა თუ ძველტფილისური მზითვის სია, აბანო, ამბები, შეხვედრები, ფერები – ამ წიგნში მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისი მთელი თავისი ხასიათითა და ფერებით ცოცხლდება.


აი, მაგალითად, თბილისური მზითვის ნაწილი – ბიბლიოთეკა:

„ქართლის ცხოვრება,

სიტყვათა კონა,

ქილილა და დამანა,

ზეილანიანი,

ვარდ-ბულბულიანი,

გაზაფხულისა და შემოდგომის გაბაასება,

ანბანთ-ქება,

მაჯამა,

ღრამატიკა,

რიტორიკა,

დიალექტიკა,

კატეღორია,

სიბრძნე-სიცრუისა” (და სხვ).

   ამ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ძველი თბილისის არაოფიციალური ლიტერატურული ცხოვრება, მისი გმირები და მისი ვარსკვლავები წარმოადგენენ – პოეზია, რომელსაც წიგნმოწყურებული თბილისელები ხარბად ეტანებოდნენ. „მე მხოლოდ მინდა, დავიწყების სუდარა მოვაცილო ადამიანებს, რომელთა შემოქმედებაც ტფილისის მდაბიო ხალხის რამდენიმე თაობას ასაზრდოებდა”, – წერს გრიშაშვილი. გივიშვილი, სკანდაროვა, ჰაზირა, ბეჩარა, განჯისკარელი, იეთიმ-გურჯი, საიათნოვა… რასაკვირველია, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ეხამუშოს ეს გაურანდავი, ოდნავ ტლანქი, თუმცა ძალიან გულწრფელი პოეზია, მაგრამ ლიტერატურულის გარდა, მნიშვნელოვანია ისტორიულ-ეთნოგრაფიული ფაქტორი, რადგან, ისევ ამ შესანიშნავი წიგნის ავტორი რომ მოვიშველიოთ, „მათ ლექსებში მაშინდელი ტფილისის ნერვი და ყოველდღიური ცხოვრება ნათლად მოსჩანდა”.


ნეტავ ჩვენი დროის თბილისი რომელ წიგნში ჩარჩება? რომელი წიგნი გააცოცხლებს ამ ქალაქს, რომელიც ყოველდღიურად სხვანაირი, თითქოს უცხო, თითქოს ნერვული, სტრესული, ახლებური ხდება. რომელ წიგნშია ჩვენი დროის თბილისის ადგილი?


იოსებ გრიშაშვილი - თბილისის უკანასკნელი ყარაჩოღელი, ვიწრო ქუჩების, ძველი წიგნების, დავიწყებული ამბების შემგროვებელი, თავისი დროის თბილისზე ასე დარდიანად წერდა:


“ქუჩებს აფართოებენ,

ასწორებენ იწროებს,

ქუჩებს აფართოებენ,

სული შეავიწროეს.”


შესანიშნავი წიგნია „ლიტერატურული ბოჰემა” – დავიწყებულ ადამიანებსა და დავიწყებულ ლექსებს ინახავს.