თაობა

ლადო აფხაზავას შეხვედრა თიბისის სტიპენდიატებთან

ნიჭიერი ბავშვების ისტორიები

მარტი 26, 2019

„რა ასოციაციებს იწვევს თქვენში სანთელი?“ - და ამ სიტყვებთან ერთად საქართველოს ყველაზე გამორჩეულმა მასწავლებელმა სანთელს ცეცხლი გადაუკიდა. 


სინათლე, რწმენა, იმედი, სითბო, განათლება - დარბაზიდან მოზარდების პასუხები წამოვიდა. თუმცა, არავის უთქვამს ის, რაც ლადო აფხაზავასთვის თიბისის სტიპენდიატებთან შეხვედრის მთავარი სათქმელი და იდეა იყო და რამაც პატარები მოგვიანებით სულ სხვანაირად დააფიქრა - სანთელი, როგორც გაზიარება. 


„ერთი სანთლიდან შეიძლება მეორე სანთელი აინთოს და ასე დაუსრულებლად. თითოეული თქვენგანიც ასე ხართ. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც დრომ გამოგარჩიათ. როგორ გახდით თიბისის სტიპენდიატები - ეს ერთი საკითხია, მაგრამ, რისთვის გახდით და რა უნდა გააკეთოთ მომავალში - კიდევ სხვა. აღიარებასთან ერთად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს. ჩვენი გაკეთებული საქმეების გაზიარება უნდა შეგვეძლოს და ამ გაზიარებით უნდა ვიმეგობროთ. თქვენი თაობისთვის თანატოლ-განმანათლებლები უნდა იყოთ. სანთლით იმიტომ დავიწყე, რომ მეც გაგიზიაროთ - როგორ დავიწყე ჩემს ბავშვებთან ერთად.“

დაწყება რთული იყო იქ, სადაც სიახლეები აშინებდათ და სადაც არავინ აძლევდა ფორმალური განათლების გზიდან გადახვევის უფლებას. თუმცა, ის, რომ ყველაზე დიდი წინააღმდეგობების მიუხედავადაც კი, სწორ გზას ფასდაუდებელ შედეგამდე მივყავართ, მარტო ქვეყანას კი არა, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა და დღეს პლანეტის 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად, მასწავლებლების გლობალური ჯილდოსთვის იბრძვის.

„ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარი თავისუფლებაა. კარგად სწავლობთ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მაგრამ, კარგად სწავლის გარდა, თქვენ სხვა ვალდებულებებიც გაქვთ ამ ასაკშიც კი. ჩვენ გვჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდები. არ უნდა ჩაერთოთ რაიმე აქტივობაში მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელმა დაგავალათ ასე და მხოლოდ იმ შედეგისთვის, რასაც დირექტორის შექება ჰქვია. თავად უნდა გქონდეთ სურვილი, მოტივაცია და უნდა გაიაზროთ - რას მოგცემთ ახალს ეს გამოცდილება, რას განავითარებს თქვენში ის. უნდა გახსოვდეთ, რომ სკოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის ბავშვი. თიბისიმ სტიპენდიით მომავლისთვის სტიმული მოგცათ. მასაც სჭირდება ახალი თაობა, რომელიც რაღაც საინტერესოსა და სასიკეთოს გააკეთებს. გამოიყენეთ სტიპენდია სასარგებლო ინიციატივებისათვის. ეძებეთ ინოვაციური გზები, რომ პატარ-პატარა პრობლემები გადაჭრათ. განახორციელეთ პატარა, მაგრამ სასიკეთო ძვრა თქვენს სკოლაში, თემში, სოფელში, ქალაქში.”

ლადო აფხაზავამ თიბისის სტიპენდიატებს საკუთარ მოსწავლეებთან ურთიერთობის მაგალითებითა და ინტერაქციული დავალებებით განათლების, სამოქალაქო თვითშეგნებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა აუხსნა და იმ პატარა სოფლის მაგალითზე დაანახა, რომელიც დედაქალაქიდან 300-მდე კილომეტრის დაშორებით, სახელწმიფოს პატარა მოდელად აქცია. 


„ჩიბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს კონკრეტული ტესტირებისათვის ან გამოცდისთვის კი არა, ზოგადად ცხოვრებისთვის ვამზადებ. მთავარს ვასწავლი - თვითონ იყვნენ ინიციატორები და თვითონ ეძებონ პრობლემის გადაჭრის გზები. დღეს ეს ბავშვები უკვე თავად წერენ პროექტებს და თავად მიდიან გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, დაწესებულებებთან. სოფელში თანამონაწილეობის მაღალ საფეხურს მივაღწიეთ. მოვახერხეთ და დღეს შიდა გზები ასფალტირებულია, გარე განათებები და ხიდები მოწესრიგებული, ურნები ყველგან დგას, გზებზე კი ზებრა გადასასვლებები და სიჩქარის შემაფერხებლებია. ეს მე არ გამიკეთებია. ყველაფერი ბავშვების ჩართულობით გაკეთდა, რომლებსაც პატარა ასაკიდანვე ავუხსენი მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და აქტიურობის მნიშვნელობა. მგონია, რომ მსოფლიო აღიარება სწორედ ბავშვებში ჩადებული ცოდნის საპასუხოდ დამიბრუნდა.“

დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან ქუთაისში, ლადო აფხაზავას ლექციისთვის შეკრებილი სტიპენდიატები, თიბისის შერჩეული 200 ბავშვის მხოლოდ ნაწილია. 2019 წლის სოციალური პასუხისმგებლობის ყველაზე მასშტაბურმა პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული, საგარეჯო - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა და მოულოდნელად მათი წარმატების ისტორიების მონაწილედ იქცა.



მათე დვალიშვილი ქუთაისიდან - 13 წლის

„ვიდეო კლიპებს - ვლოგებს ვიღებ. ჩემი მშობლები ჟურნალისტები არიან და ბავშვობიდან ჩართული ვიყავი გადაღებების პროცესში. მამაჩემი რომ ამონტაჟებდა ხოლმე, სულ გვერდით ვეჯექი და ვსწავლობდი. პირველი ვიდეოს გადაღებისას მამა დამეხმარა. ახლა შეკვეთაზე ვმუშაობ - ვიდეო-სერია ქუთაისის ღირსშესანიშნაობებზე. აინტერესებთ, როგორ გააცნობს მოზარდი ტურისტებს ქალაქს. GoPro კამერა და ძველი დრონი მაქვს. Stand-up-ების ჩასაწერად მამაჩემის სტუდიის ძველ კამერასა და მიკროფონს ვთხოულობ ხოლმე. ბევრი თემა მაინტერესებს. მომავალში მიუსფარ ცხოვებელზე მინდა ვიდეოს გაკეთება. რეჟისურას უნდა გავყვე. ჩემს ფანტაზიას ყველაზე მეტად კითხვა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მოსმენა ავითარებს. სტიპენდიით ვაპირებ ფოტოაპარატი ვიყიდო, რომელიც ხარისხიან ვიდეოებს იღებს.“

ნინო მეტრეველი უწერადან - 13 წლის

„ერთხელ გავცივდი და ქართულის ლელა მასწავლებელმა წიგნი გამომიგზავნა - „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“. უცებ შემომეკითხა. ამის მერე ასტრიდ ლინდგრენის წიგნები წავიკითხე და ზოგადად წიგნი შემიყვარდა. ყველა წიგნი წავიკითხე, რაც კი ბიბლიოთეკაში გვქონდა. ამდენი კითხვის შემდეგ მომინდა მეც დამეწერა რამე - ჰარი პოტერის ნარნიაში მოგზაურობის ჩემებური ისტორია დავწერე. შემდეგ მეორე წიგნი იყო - „18 შიში“. სტიპენდიით მინდა ბევრი, ძალიან ბევრი წიგნი ვიყიდო. იმის მერე, რაც ლელა მასწავლებელი თბილისში გადავიდა, მოვიწყინე. ერთფეროვანია უწერაში ცხოვრება. თვალი მაქვს შეჩვეული, თორემ ისე ულამაზესია იქაურობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თოვს და ნაძვები თეთრად იფარება. სკოლაში ცოტანი ვართ - სულ 23-ნი. ჩემს კლასში 4 ბავშვი ვართ. მამა მიყვება ხოლმე, ადრე ბევრნი ვცხოვრობდითო. ახლა კი დაცლილია სოფელი. ყველა ქალაქში წავიდა.“

თამარ ჩიხრაძე უწერადან - 15 წლის

„ისეთი პატარა ასაკიდან დავიწყე ხატვა, თავიდნავე რაღაც სხვა სამყარო გახდა ჩემთვის. წიგნების კითხვისას, პერსონაჟებს წარმოვიდგენდი ხოლმე. შემდეგ ამ წარმოდგენების ფურცელზე გადმოტანა დავიწყე. როდესაც ლელა მასწავლებელმა თავისი წიგნისთვის - „მოსიარულე გაკვეთილებისთვის“ ილუსტრაციების დახატვა მთხოვა, მაშინ პირველად გავიაზრე, რომ ჩემს შექმნილ ნახატებს გარშემომყოფების გარდა, სხვა ადამიანებიც ნახავდნენ. ისე, ფოტოების გადაღება უფრო მიყვრას. ადამიანში თითების აღქმა მომწონს - შეიძლება ისე გადავიღო ადამიანი, რომ მხოლოდ ხელები ჩანდეს, სახე კი არა. ხშირად მეუბნებიან, ასე რატომ იღებო, მაგრამ მგონია, რომ გადაღებისას არ არსებობს წესები და შეცდომები. მიყვარს უწერაში ცხოვრება - იქ გაზაფხული იგრძნობა და ყველაფერი ის, რასაც სხვები ქალაქში ვერ აღიქვამთ. თავისუფლებაა უწერაში. ცოტანი რომ ვართ, პირიქით, მომწონს. დიდ სკოლაში ალბათ არავინ ვიქნებოდი, რაღაცნაირად ჩავიკარგებოდი ბევრ უცხო ბავშვში. ჩემს სკოლაში კი ყველას ვიცნობ, ყველასთან შემიძლია მივიდე და ზურგს არავინ მაქცევს.“

გიგი სიჭინავა ზუგდიდიდან - 14 წლის

გიგი: „რას ვაკეთებ? - ყველაფერს ვხატავ და ვძერწავ.“


გიგის დედა: „გიგის 70-მდე ფერწერული ნამუშევარი აქვს და თავისი სივრცეც - „გიგის სახელოსნო“. გიგიმ იცის თავისი დიაგნოზის შესახებ და მალე მისი ნახატების მიხედვით პაზლები შეიქმნება. პაზლის ნაწილები აუტიზმის სიმბოლოდაა მიჩნეული, რომელიც ერთგვარ თავსატეხს წარმოადგენს. ამიტომ, ამ პაზლებს გიგისთვის და სხვა ბავშვებისთვის ერთდროულად ფუნქციური და იდეური დატვირთვაც ექნება. უკვე 5 პეროსნალური გამოფენა ჰქონდა. მუდმივად რაღაცის ძიებასა და კეთებაშია - მის შემოქმედებას ბოლომდე ვერც მე ვხსნი და ყველაფერზე არც მე მაქვს პასუხი.“


გიგი: „ბოტიჩელი, პიკასო, რუბენსი, რენუარი, მატისი, მონე, კარავაჯო, პიზარო, ტიციანი, დეგა, გოია, ელ გრეკო, ბოსხი, დალი, ველასკესი, ტულუზ-ლოტრეკი, სეზანი, ტინტორეტო, დელაკრუა, ლადო გუდიაშვილი - ყველას ნახატი მაქვს ნანახი და ყველა მომწონს. ჩემი ოცნებაა თბილისში გადავიდე საცხოვრებლად და სამხატვრო აკადემიაში ვისწავლო.“  



ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: სერა ძნელაძე