თაობა განათლება ლიტერატურა

5 წიგნი მარტისთვის

მარტი 07, 2024

არის ასეთი ფიქრები: თითქოს სუფთა, გრილ მარმარილოზე იღვრება გაზაფხულის შუქი...


ისიკავა ტაკუბოკუ

გაზაფხულის წვიმიანი დღეები ყოველთვის უფრო მათბობდა, ვიდრე სხვა დანარჩენი. ჩემი ძველი აივანი მწვანედაა შეღებილი. საღებავაქერცლილ აივანზე დგას პატარა საქანელა. დილაობით ვჯდები ხოლმე, ვკითხულობ და ვუყურებ წვიმისგან გაჟღენთილ ფოთლებს.  თქვენს პირად აივანზე მოგზაურობისთვის კი ამ წიგნებს მოვუყარე თავი, რომ თქვენც იგრძნოთ ის რასაც მე ვგრძნობ ხოლმე წიგნების კითხვის დროს: წვიმის სუნი, ფოთლების შრიალის მელოდია და უამრავი ჯერ არ გამოცდილი ემოციით სავსე ფინჯანი ჩაი.

ბანანა იოშიმოტო — სამზარეულო

“კიდევ გავიზრდები, უამრავ თავგადასავალს გამოვივლი და ალბათ არერთხელ ფსკერამდეც დავყვინთავ. არაერთხელ გამიჭირდება, მაგრამ ყოველთვის მოვახერხებ ზედაპირზე ამოსვლას. არ დავმარცხდები. ძალ-ღონეს არ დავიშურებ.“

 

ბანანა იოშიმოტოს რომანი "სამზარეულო" თავისი საინტერესოდ დახატული პერსონაჟებითა და ამაღელვებელი სიუჟეტებით უბიძგებს მკითხველს, დაფიქრდეს ადამიანური გამოცდილებების სირთულეებზე და იპოვოს აზრი გაურკვევლობისა და ცვლილებების ფონზე. ეს არის მოგზაურობა იმედის სიღრმეებში, ცხოვრებისეულ განსაცდელებსა და მძაფრ ემოციებში, რომლებიც აყალიბებენ ჩვენს არსებობას.

 

წიგნის მთავარი პერსონაჟი სამზარეულოში პოულობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ადგილს სადაც ამზადებენ საკვებს; მისთვის სამზარეულო იქცევა საკურთხევლად - თავშესაფრად, სადაც მას შეუძლია გამოხატოს თავისი ემოციები.

ეს არის ამბავი გამძლეობაზე, ადამიანის სულის შეუპოვარ ძალაზე. ის ეხება კავშირებს, რომლებსაც ვამყარებთ, კავშირებს, რომლებიც ზურგს გვიმაგრებს ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში.

 

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სამზარეულო, სიმყუდროვით და დაცულობის შეგრძნებით სავსე. მეც მაქვს და ალბათ ამიტომ ვიგრძენი ამ წიგნის კითხვის დროს გარკვეული კავშირი ჩემს ემოციებსა და მოთხრობილ, ცოტათი სევდიან ისტორიას შორის. თუ გაზაფხულს ახალი გრძნობებით გინდათ შეხვდეთ, იქნებ ამ წიგნის პერსონაჟების ემოციებში აღმოაჩინოთ თქვენი წილი ემოციაც.

ნინო ხარატიშვილი — უკმარი სინათლე

ნინო ხარატიშვილი მდიდარი, ემოციური ენით ყვება პატარა ქვეყნის დიდი ქარტეხილების დროს, ოთხი ქალის უპირობო, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლ მეგობრობაზე. ეს არის თბილისისა და მისი ხალხისადმი მიძღვნილი ოდა - მარადიული სიყვარულის ახსნა.

 

,,ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკმარისი სინათლის უფლება!''

 

დიდხანს ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო ქაოსში ამოყოფს თავს. ძველი თბილისის მომაჯადოებელი ხის რიკულებიან აივნებსა და ნესტიან კედლებს შორის, 80-იანი წლების ბოლოს, ოთხი გოგო უკავშირებს ერთმანეთს საკუთარ ბედს. დინას, ირას, რომანტიკულ ნენეს და მგრძნობიარე ქეთოს, ხელი-ხელ ჩაკიდებულები მივყვებით მათ ცხოვრებისეულ ხორკლიან გზებზე. მათი მეგობრობა ყველაფერს უძლებს.

კოლინ მაკალოუ — „ბარდნარის ჩიტები“

,,ბარდნარის ჩიტები'' ადამიანის ბუნების ცოდნით დაწერილი ოჯახური საგაა. კლირების საგვარეულოს ტრაგედიებითა და ბედნიერებით, სიმწრითა და სიტკბოთი, გულისა და გონების ამაფორიაქებელი ისტორიაა.

 

ცხოვრება ათასგვარ გამოცდას აწყობს და მხოლოდ ნამდვილი სიყვარული რჩება უცვლელი.

 

ამ წიგნმა უამრავი ემოცია დამიტოვა, სიყვარულიდან დაწყებული გულისტკივილამდე მისული. ალბათ წიგნის დასრულების შემდეგ, თქვენც გაგიჩნდებათ თანაგრძნობა პერსონაჟების ბრძოლის მიმართ და იმოგზაურებთ მათი ცხოვრების არაპროგნოზირებად გზებზე.

 

ამ წიგნს პროლოგად ასეთი რამ უძღვის, “რაც საუკეთესოა, დიდი ტკივილის ფასად მოდის, ან ლეგენდაა ესეც.”

სილვია პლათი — „ზარხუფი“

ჩემთვის ამ წიგნში სასოწარკვეთილების მომენტებსა და იმედის ნაპერწკლებს შორის შეთავსებაა. როდესაც მთავარი პერსონაჟი, ესთერი უპირისპირდება თავის შინაგან დემონებს და საზოგადოების წნეხს, ჩანს გარკვეული სიცხადის მომენტები, რაც სიმბოლურად მიმანიშნებს განახლებისა და ზრდის შესაძლებლობაზე. „ზარხუფი“ საინტერესოდ იკვლევს იდენტობისა და საკუთარი თავის აღმოჩენის თემებს. მიუხედავად სიბნელისა, რომელსაც პერსონაჟი განიცდის, არის ნათელი მომენტები, როდესაც ესთერი იწყებს საკუთარი მომავლის წარმოდგენას მისი ავადმყოფობის საზღვრებს მიღმა.

 

ამ წიგნის წაკითხვის დროს შეიძლება აღმოაჩინოთ მთავარ პერსონაჟთან კავშირები, რაც მგონია რომ უფრო ინტიმურსა და ემოციურს ხდის კითხვის პროცესს. ის ემოციები და გამოცდილებები, რაც გგონიათ რომ მხოლოდ თქვენშია, ხანდახან სულაც არ არის მხოლოდ თქვენი. თუ ეს აზრი გარკვეული მიკუთვნებულობის გრძნობასა და სიმშვიდეს გგვრით, ამ წიგნში აღწერილი ფიქრები და გამოცდილებები აუცილებლად დაგაინტერესებთ.

 

“ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ჩემი გულის ძველებურ ქადილს მივუყურადე.

მე ვარ, მე ვარ, მე ვარ.”

ჰალდორ ლაქსნესი — „თევზის კონცერტი“

,,ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ თევზებს სიმღერა შეუძლიათ”

 

ზამთრის სუსხის გასაცილებლად ვარჩიე ჰალდორ ლაქსნესის "თევზის კონცერტი“, რაც არის იმედის, ცხოვრებისეული გამოცდილებებისა და ადამიანური ემოციების სირთულეში მტკივნეული მოგზაურობა, რომელიც შექმნილია ისლანდიის სოფლის ფონზე. მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ იმედი ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელ ადგილებშიც კი შეიძლება მოიძებნოს.

 

თუ გსურთ წიგნის ფურცლების მიღმა დაათვალიეროთ ისლანდიის პეიზაჟები, იგრძნოთ სოფლის სილამაზე, ამოიკითხოთ ისლანდიური კულტურისა და ფოლკლორის საინტერესო ამონარიდები და თვალი ადევნოთ პერსონაჟის შინაგან მოგზაურობას, ეს წიგნი აუცილებლად გაგიმართლებთ იმედებს. მუსიკა, მელოდიები, რომლებიც უძღვის თხრობას, ნოსტალგიურია. ამ წიგნმა სუნთქვაშეკრული დამტოვა, გული ამივსო ადამიანური ემოციების სილამაზითა და სირთულეებით.

ავტორი: მარიამ კორძახია