ლიტერატურა

5 გამორჩეული ბავშვი პერსონაჟი ლიტერატურიდან

"საბა"

თებერვალი 28, 2020

მარკ ტვენის უბერებელი საყმაწვილო რომანი „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის დასაბამადაც მიიჩნევა. მართალია, ის გამოსვლის დღიდან არაერთხელ აკრძალეს სხვადასხვა მიზეზით, სასკოლო პროგრამიდანაც ამოიღეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ წიგნს გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი და მკითხველი გამოუჩნდა, რომელთაც იმთავითვე განსაზღვრეს რომანის მნიშვნელობა და განუმეორებლობა.


„ჰაკლბერი ფინი ისეთი პერსონაჟია, მასთან მეგობრობა რომ მოგინდება. ყოველთვის მინდოდა ერთად აგვეხდინა გაგონილი ისტორიები სინამდვილეში და თავგადასავლები გვეპოვა. მომწონს, როგორ მალე პოულობს ყველაფრისგან გამოსავალს და როგორ ხვდება, რა არის სწორი. ალბათ მაგარი იქნებოდა მასთან ერთად მდინარეზე ცურვა და უფროსებისგან ცოტა ხნით დამალვა.“ - ელენე, 12 წლის.


პატარა გოგონა ელისს მოსწყინდა მდინარის პირას უსაქმოდ ჯდომა, არც წიგნია მაინცდამაინც მისი საქმე და ვერც ის გადაწყვიტა, დაეკრიფა თუ არა მინდვრის გვირილები გვირგვინის დასაწნავად... ამ დროს, ჰოი, საოცრებავ! ჟილეტში გამოწყობილ მოლაპარაკე თეთრ კურდღელს არ მოჰკრა თვალი?! გადაწყვიტა კურდღელს გამოსდევნებოდა და თავი უცნაური არსებებით დასახლებულ უცხო ქვეყანაში ამოყო. სწორედ ამის შემდეგ იწყება ელისის საოცრებებით სავსე თავგადასავალი – გოგონას არნახული და გაუგონარი ამბები გადახდება თავს.


„თითქმის ყველთვის მის ადგილას წარმოვიდგენდი საკუთარ თავს და მის მსგავსად არც საინტერესო თავგადასავალზე ვამბობდი უარს და არც საფრთეხეებს ვეპუებოდი.“ - ელენე, 14 წლის


ჯოან როულინგი ჰარი პოტერის სერიაში მაგიური სამყაროს შესახებ მოგვითხრობს. სერიამ წუდგენელი პოპულარობა მოიპოვა და სრულიად შეცვალა საგამომცემლო სფერო.


ჰარის ცხოვრება ჯადოქრობასთან, მაგიასა და თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა თავიდან ყველაფერი სხვაგვარად იყო. ბიჭუნა კიბის ქვეშ, პატარა საწყობში ცხოვრობს და ვერც კი წარმოუდგენია, რომ მე-11 დაბადების დღეზე მიღებული წერილი სრულიად ამოატრიალებს მის ცხოვრებას.


ჰარი პოტერი ყველა ბავშვისა და არამხოლოდ ბავშის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია. ჰარი მეგობრობის, სიკეთის, შეუპოვრობის და სიმამაცის სიმბოლოა.


„პერსონაჟი, რომელიც სიმამაცის, მეგობრობის, თანადგომის, გამბედაობის ეტალონად მომევლინა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. სწორედ ჰარი პოტერის დახმარებით შევდგი მყარი ნაბიჯები.“ - ვასო, 15 წლის.


      2. პეპი

ერთ დღეს შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველ ვილაში თავის ცხენთან და მაიმუნთან ერთად ერთი უცნაური გოგო დასახლდება. ის ცხრა წლის პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი გახლავთ. პეპი მარტო ცხოვრობს, მაგრამ არც კარს მომდგარი ქურდების ეშინია და არც პოლიციელებისა, მისი ბავშვთა სახლში წაყვანა რომ მოუწადინებიათ; ეშინია კი არა, მათ დამალობანას ეთამაშება და ეცეკვება კიდეც.


შეუძლებელია, წაიკითხოთ პეპის ისტორია და არ შეგიყვარდეთ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე მხიარული, კეთილი და საყვარელი გოგონა.


„ეს წიგნი 6 წლის ასაკში წავიკითხე და დღემდე მახსოვს ყველა ის ემოცია, რომელთაც მაშინ განვიცდიდი. კითხვა სასიამოვნო პროცესი იყო, მაგრამ ამ სამეულთან ყოფნის მძაფრი სურვილი ცოტათი მასევდიანებდა კიდევაც. თუმცა, რა თქმა უნდა, პეპი გრძელწინდას წაკითხვაზე უარი არავინ უნდა თქვას და ბავშვებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ პეპისთან ერთად წვიმაში ყვავილების მორწყვის, უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრების, ფუღუროში ცხოვრებისა თუ ოქროს ზოდების ძებნის შესაძლებლობა.“ - ნინო, 17 წლის.


ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი – საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი.


როგორც ცნობილია, ეგზიუპერი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სამხედრო პილოტად მსახურობდა და ამიტომ მიიჩნევენ, რომ მის ამ ალეგორიულ მოთხრობაში სწორედ საავიაციო გამოცდილებიდან მიღებული დეტალებია ჩართული. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რომელსაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.


“პატარა პრინცს ვხედავ ყოველდღე, ყოველ კეთილ, შეყვარებულ და წრფელ ადამიანში. და თუ ოდესმე გაგიჩნდებათ კითხვა, ვინ არის ყველაზე ჯადოსნური, ყველა ზღაპრის პრინცზე უკეთესი პრინცი, ამაზე პასუხს ანტუან დე სანტ-ეგზიუპერი გაგცემთ და შეგიყვანთ იმ სამყაროში, რომელშიც სამუდამოდ პასუხისმგებლები გახდებით იმაზე, რაც მოიშინაურეთ.” – ელისაბედი, 14 წლის.


ავტორი: saba.com.ge