სიახლეები

5 ადგილი ახალი თაობისთვის საქართველოში დასასვენებლად

ზაფხულის ნახევარზე მეტი უკვე გავიდა, სულ რაღაც 41 დღე დარჩა დასრულებამდე და თუ ჯერ კიდევ არ გაქვს დაგეგმილი სად გაატარო ეს პერიოდი, მაშინ გაეცანი 5 გამორჩეულ ადგილს საქართველოში დასასვენებლად.


წელს საქართველოში დასვენება და უცხოელი ტურისტების მოწვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ დავიწყოთ: 


ამბროლაური - სოფელი კრიხი


ეგზოტიკური ტურიზმი ოცდამეერთე საუკუნის ახალი გამოწვევაა, რომელიც კარგად დავიწყებული ძველის თანამედროვე რეინკარნაციად შეგვიძლია მოვნათლოთ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ცოტა ხნის წინ გაიხსნა და ის ტურისტების ყურადღების ქვეშ მალევე მოექცა.


თუ კარვებით მოგზაურობა, ღამით ტყის ჰაერის შეგრძნება და ცაზე ვარსკვლავების ყურება გიყვართ, ახლა უკვე შეგიძლიათ მძიმე ბარგი სახლში დატოვოთ და არც კარვების ტარებაზე შეწუხდეთ, რადგან ამბროლაურში კარავი-სასტუმროები დაგხვდებათ. უზარმაზარი ფანჯრებიდან რაჭის ულამაზესი ბუნება მოსჩანს. აქ ყოველი გაღვიძებისას დანახული ლანდშაფტი უფრო და უფრო მეტი ენერგიით აგავსებთ.


მიუხედავად სიწყნარისა და სიმშვიდისა, აქ არ მოიწყენთ. შეგიძლიათ ეწვიოთ ადგილობრივი მევენახეების ღვინის მარანს, ვენახებს, მიიღოთ მათ მოვლაში მონაწილეობა, შემდეგ კი კანიონები დაათვალიეროთ, მდინარეზე წახვიდეთ, ითევზაოთ, ფეხით ისეირნოთ სოფლის გზებზე და ნახოთ როგორ ცხოვრობენ რაჭველები დღეს, გადაიღოთ ფოტოები ბუნებაში, საღამოს კი შეუერთდეთ სხვა დამსვენებლების მიერ მოწყობილ პიკნიკს ან თავად გახდეთ ასეთი თავყრილობის ორგანიზატორი. 


მწვანე კონცხი

თუ თქვენ ზღვის სანაპიროზე გსურთ დასვენება, მაგრამ ურბანული გარემოდან შორს, მაშინ მწვანე კონცხი ნამდვილი სამოთხე აღმოჩნდება თქვენთვის. როგორც წესი, მასზე ხშირად საუბრობენ ხოლმე, მაგრამ ახალგაზრდებისთვის მწვანე კონცხზე დასვენება ჯერ კიდევ იშვიათ გამოცდილებად რჩება.


არადა, მნიშვნელობა არ აქვს ვისთან ერთად გეგმავთ ზაფხულის გატარებას — მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ მეორე ნახევართან ერთად. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ჯადოსნური დღეები მოიწყოთ. მოვლილი და სუფთა სანაპირო, რომელიც ტყის მასივთან და სასიამოვნო სუფთა ჰაერთან არის შეზავებული, დაგეხმარებათ განტვირთვაში, ირგვლივ გაშენებული საოჯახო ტიპის სასტუმროები და კოტეჯები კი სასიამოვნო, მყუდრო გარემოს შეგიქმნით.


ხოლო, თუკი გართობა, ურბანული სივრცე და ღამის ცხოვრება გახდება თქვენი დღის წესრიგის ნაწილი, სულ რაღაც 9 კილომეტრის დაშორებით ქალაქი ბათუმი მდებარეობს, სადაც ნებისმიერი სურვილის ასრულებას შეძლებთ.


იმ შემთხვევაში კი თუ ინსპირაციას ეძებთ და გსურთ ბუნების ძალა შეიგრძნოთ, მწვანე კონცხის ფერდობებზე შეგიძლიათ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მდიდარ ბოტანიკურ ბაღს ესტუმროთ, დაათვალიეროთ უნიკალური ნაკრძალები და გადმოხედოთ შავი ზღვის ულამაზეს ხედს. 


ლებარდე

თუ თქვენი პრიორიტეტი სიგრილეში დასვენება, ლაშქრობები და ბუნებასთან ურთიერთობაა, მაშინ ლებარდეში აუცილებლად უნდა წახვიდეთ. ლებარდე სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ზღვის დონიდან 1600 მეტრზეა. ამბობენ, ვინც ლებარდეში ისვენებს, ქალაქში დაბრუნების შემდეგ გაცილებით მეტი ენერგია და დადებითი მუხტი აქვსო. ეს იმის დამსახურებაა, რომ კურორტს სამკურნალო დანიშნულებაც აქვს და მთლიანობაში, სუნთქვისა და ენდოკრინული სისტემის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.


ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მეგობრებთან ერთად უნდა წახვიდეთ, იქირავოთ კოტეჯი და დატკბეთ ბუნებით. მართალია, ტურისტული ინფრასტრუქტურა აქ არც თუ ისე განვითარებულია, თუმცა ეს კურორტს თავის ხიბლს მატებს. დაბრკოლებები ხომ სათავგადასავლო ამბების განუყოფელი ნაწილია. დაბრკოლებებს ვამბობთ, თორემ არც ერთი მათგანი სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მთავარია სურვილი, რომ ქალაქიდან მოშორებით, მეგობრებთან ერთად, დაუვიწყარი საღამოები მოიწყოთ. 


ზემო სვანეთი - ჰეშკილის ქოხები

ცხელი ქალაქიდან გასაქცევად სამოთხეს თუ ეძებთ ჰეშკილის ქოხები სწორედ ის ადგილია, სადაც მომაჯადოვებელი გარემო დაგხვდებათ. ბავშვობაში ქოხების აშენება ხომ გიცდიათ? ჰეშკილში თქვენი მიამიტური ოცნება რეალიზებული დაგხვდებათ. ხის სახლები, რომლებიც საუცხოო სილამაზისაა, ერთი შეხედვით სათამაშოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ როგორც კი მასში შედგამთ ფეხს, მაშინვე შეგიყვარდებათ.


თქვენ აქ დაგხვდებათ მასპინძელი, რომელიც სვანური კერძებით, განსაკუთრებით კი უგემრიელესი კუბდარით გიმასპინძლებთ. ეზოში, რომელიც საგანგებოდ მოუწყვიათ, ხის საქანელები, ჰამაკები, გუთნები და ხეებია, საიდანაც სვანეთის ულამაზესი ხედი იშლება. ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს თითის ერთ გაწვდენაზე მიწვდებით უშბის მწვერვალსა და ლაილას ქედს.


ამ სილამაზის აღწერა სიტყვებით ისეთივე რთულია, როგორც უნახავად მისი წარმოდგენა. უბრალოდ უნდა აიღოთ ზურგჩანთა და წახვიდეთ ჰეშკილის ქოხების სანახავად.




წყალტუბო

წყალტუბო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბალნეოლოგიური კურორტია საქართველოში, რომელსაც ერთ დროს უამრავი ვიზიტორი ჰყავდა, თუმცა დროთა განმავლობაში ინფრასტრუქტურის ჩამოშლამ ტურისტების რაოდენობა შეამცირა. ბოლო წლებში წყალტუბო თავის სიმაღლეებს უბრუნდება და ისევ მიმზიდველი, საინტერესო და სასარგებლო ხდება დამსვენებლისთვის.


წყალტუბოში თქვენ შეხვდებით მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ წყლებს თავისი მინერალური თვისებებით, რომლის ანალოგიც არსად არსებობს. გარდა ამისა, კურორტზე შეძლებთ დაისვენოთ ტყე-პარკებში, დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით ან უბრალოდ ეწვიოთ სხვადასხვა საცურაო აუზს, სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს, რათა საკუთარ თავს მშვიდი და ენერგიული დღეები აჩუქოთ.


თუმცა ეს ყველაფერი არ არის — წყალტუბო არქიტექტურულადაც და ურბანული კულტურის მხრივაც ძალიან საინტერესოა. თუ თქვენ გატაცებული ხართ ფოტოგრაფიით აქ ნამდვილად იპოვნით თქვენთვის საინტერესო ადგილებს. მიტოვებული და ძველებური შენობები, ხავსმოდებული ძეგლები, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები და მათი კონტრასტი მწვანე ბუნებასთან, თქვენს ყურადღებას, აუცილებლად დაიმსახურებს.


ერთ დღეს თუ ქალაქგარეთ გასვლასაც დაგეგმავთ, ურიგო არ იქნება, რადგან სულ რამდენიმე კილომეტრში თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ სათაფლიას და ნახოთ დინოზავრების ნაკვალევი, პრომეთეს მღვიმეს და ა.შ.


სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ! 

ავტორი: დიმიტრი სანაია