ლიტერატურა

5 წიგნი ცხელი ზაფხულისთვის

გამოცდები დასრულდა, საკურსო დაწერილია, რეფერატი ჩაბარებულია, დასვენების დროა, წინ მთელი აგვისტოა, ცხელზე ცხელი, შთაბეჭდილებებით, გეგმებით სავსე, რაც შეიძლება ბევრი უნდა დაისვენო, მეტი ახალი ადგილი ნახო, მეტი ახალი წიგნი წაიკითხო.

რა წაიკითხო?

ალბათ უკვე უთვალავი სია ნახე.

მოდი, კიდევ ერთსაც გადახედე, იქნებ სწორედ ესაა შენი სასურველი სია?

იზაბელ ალიენდე, „სულების სახლი“


მაგიური რეალიზმი და ცხელი ლათინური ამერიკა გიყვარს? დიდი ხანია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“ წაიკითხე და ის შეგრძნებები გენატრება? მაშინ იზაბელ ალიენდე ზუსტად საშენოა. მას ქალ მარკესსაც ეძახიან, ძალიან უყვართ, უამრავ ენაზეა თარგმნილი და შესანიშნავი წიგნების ავტორია. „სულების სახლი“ ერთი ოჯახის ამბავია, წინათგრძნობების, სიკვდილის, ჯადოქრობის, წყენის, უსიტყვობის, ტირანიის, მოთმინების და გადარჩენის საოცარი საგა.

ჯონ აპდაიკი, „ბრაზილია“


რა ხდება ზაფხულში? რას ეძებ, რა თქმა უნდა, ახალ სიყვარულს, თავგადასავლებს. თუ ჯერ არ წაგიკითხავს, მაშინ ეს ზაფხული საუკეთესო დროა, რომ ეს გიჟური ნაწარმოები წაიკითხო. საოცარი ამბავი თანამედროვე ტრისტანსა და იზოლდაზე, მათ სიყვარულზე, მისტიკაზე, საბედისწერო, წარმოუდგენელ ცვლილებებზე, ბრაზილიის მწველ მზესა და უფრო მწველ ვნებებზე, სიყვარულზე, როგორც სიკვდილზე, სიკვდილზე, როგორც სიყვარულზე... როგორ შეიძლება შეყვარებულს საკუთარი თავი გაუცვალო, მის სხეულში ჩასახლდე, მის აჩრდილად კი არა, რეალურ, ნამდვილ ინკარნაციად იქცე...

ერიკ ემანუელ შმიტი, „სიყვარულის ნექტარი. სიყვარული საწამლავია“


იქნებ ამ ზაფხულს მაინც გაარკვიო მეგობრები ხართ თუ უფრო მეტი? „თუ მეგობრობა ის ადგილია, სადაც სიყვარულმა საბოლოოდ უნდა განუტევოს სული, მე მძულს მეგობრობა“ და შენ? წარმოგიდგენია, როგორ მოუყვები შენს სასიყვარულო ამბებს მას, ვინც ახლა მეგობარია, მაგრამ ადრე გაცილებით მეტი იყო? რა მოხდება მერე? ერიკ ემანუელ შმიტის პასუხი ბანალურ კითხვაზე „არსებობს თუ არა გოგოს და ბიჭის მეგობრობა“ - სიყვარულის ნექტარი და სიყვარული საწამლავია.

კნუტ ჰამსუნი, „პანი“


კიდევ ერთი წიგნი სიყვარულზე ამ ზაფხულისთვის ზედმეტი არ იქნება. სიყვარული წელიწადის დროთა მონაცვლეობას ჰგავს. გაზაფხული - გაცნობის დროა, ზაფხული - სიყვარულის, შემოდგომისას დაწყებული გაუგებრობები კი ზამთარში უნდობლობის თოვლს მოასწავებს და სიყვარულის სიკვდილს. კნუტ ჰამსუნის „პანი“ საოცარი რომანია სიყვარულსა და სიძულვილზე, ტკივილსა და მისგან გადარჩენაზე.

ლაურა ესკიველი, „როგორც წყალი შოკოლადისთვის“


და ბოლოს, კიდევ ერთი ცხელი წიგნი ცხელი ზაფხულისთვის. მაგიური რეალიზმით დავიწყე და მაგიური რეალიზმითვე დავასრულებ. ლაურა ესკიველის „როგორც წყალი შოკოლადისთვის“ საზაფხულო, მაცდური საკითხავი, ცხელი შოკოლადის სურნელით, ემოციებით, შეგრძნებებით, გემოებით, სიყვარულით სავსე. როგორ გადადის ქალის გრძნობები მის მომზადებულ კერძებში, როგორი ტკბილია აკრძალული სიყვარული, როგორ მზადდება ნამდვილი მექსიკური შოკოლადი და რა უნდა მოამზადო საყვარელი მამაკაცის ქორწილში, რომელიც სხვაზე ქორწინდება?


წაიკითხე ეს წიგნი და რეცეპტებიც ამოინიშნე. იქნებ ამ ზაფხულს კულინარიული ექსპერიმენტების დროც გამოძებნო?

ავტორი: saba.com.ge