ლიტერატურა

ალექსანდრე ლორთქიფანიძე: 5 წიგნი, რომელმაც შემცვალა

"საბა"

ნოემბერი 02, 2020

1. 1984 - ჯორჯ ორუელი

ამ წიგნმა პირველად დამაფიქრა იმაზე, თუ რა არის ის უკანასკნელი, რაც ადამიანს ტოვებს ადამიანად ყველანაირი რეჟიმის პირობებშიც კი. შესაძლოა პასუხი მარტივია, - სიყვარული. მაგრამ ამ წიგნში აღნიშნულ პასუხს სულ სხვანაირი სიმძაფრით გრძნობ.


2. კრაზანა - ეტელ ლილიან ვოინიჩი

დღემდე წარუშლელია ის შთაბეჭდილება რაც ამ წიგნმა მოახდინა, მახსოვს, როგორ განვიცდიდი ართურ ბერტონის თავგადასავალს, როგორ იბადებოდა ჩემში სიყვარულის გამო ამბოხებული ადამიანის ზეგავლენით - ამბოხის სიყვარული.


3. გზაზე - ჯეკ კერუაკი

არასოდეს წამიკითხავს წიგნი ამდენი სიცოცხლით. კერუაკის მაგნუმ ოპუსი ის რომანი იყო, რომელმაც დინ მორიარტივით ჩამკიდა ხელი და ცხოვრების ათასგვარ სიგიჟეებში გადახტომა გამაბედინა.


4. იდიოტი - ფიოდორ დოსტოევსკი

"იდიოტი" ყოველთვის ცალკე დგას, მიშკინი კი იმდენად იდეალური ადამიანია, სწორედ ასეთი, მიამიტი, უბრალო, პატიოსანი. ვიღაც იტყვის, იდიოტია ეგ შენი მიშკინი, ცოტა ტვინი უნდა დაატანოს კაცმა ქცევასო, მე კიდე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მიშკინია კაცი, დანარჩენები - მხოლოდ მისი ანარეკლები არიან.


5. ჰარი პოტერი - ჯოან როულინგი

და ბოლოს, როგორ უნდა არსებობდეს რამე სია იმ წიგნის გარეშე, რომელმაც ჩემ ცხოვრებაში ოცნებების არსებობისთვის სივრცე შეინარჩუნა. ოდესმე აუცილებლად მოვა ჩემთან ცოცხზე ამხედრებული მაგი და მეტყვის, რომ იქ, სამინისტროში რაღაც აერიათ და 11 წლისას ამიტომ არ გამომიგზავნეს წერილი, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს..


ავტორი: saba.com.ge