4 რჩევა, როგორ ვიპოვოთ ჯიბეში ყოველთვე ფული

როდესაც „ფულის დაზოგვას“ ახსენებენ ხოლმე მეც, თქვენი არ იყოს, მაშინვე პროტესტის გრძნობა მიჩნდება. კი, ბატონო, საჭიროცაა, აუცილებელიც, კარგიც და ყველაფერიც. მაგრამ, აბა რანაირად? თვის ბოლოს საბანკო ანგარიშიც ცარიელია, ჯიბეც და ოჯახშიც საალყო ვითარებაზე ვართ გადასული.


ფულს თითქოს მხოლოდ მდიდრები ზოგავენ. ისინი, ვინც ხელფასის დღეს კბილების კაწკაწით არ ელოდებიან.


მაგრამ, აი, ნახეთ. ერთხელ მაინც ყველას გამოგვიცდია ტკბილი გრძობა, როდესაც დიდი ხნის ჩაუცმელი შარვლის ჯიბეში უცებ გადავიწყებულ ათლარიანს ან ხუთლარიანს აღმოაჩენ. ეგეც, განა უნებური დაზოგვა არ გამოდის? განა კარგი არ იქნება, თვეში ერთხელ ჯიბეში 10, 20 ან სულაც 80 ლარი რომ იპოვო?

ეს რჩევები ფულის დაზოგვას არ შეეხება. უფრო ზუსტად, სწორედაც რომ მაგაზეა, მაგრამ სხვა კუთხით. ამ სტატიის უფრო ზუსტი (თუმცა, უგრძესი) სათაური იქნებოდა: „როგორ ვებრძოლოთ თავს და მოვატყუოთ ის, რომ თვის ბოლოს, იქნებ რამდენიმე ათეული ლარით მეტი დავაგროვოთ, რომელიც, წლის ბოლოს, ვინძლო რამდენიმე ასეულად გადაიქცეს.

არც ერთი მათგანი მე არ მომიფიქრებია. ინტერნეტი გადავქექე, ასობით რჩევა წავიკითხე და ისეთები ავარჩიე, რომლებზეც ვიფიქრე, რომ არც განსაკუთრებული ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა და ვერც: „ახ, მე ეგ არ გამომივას“ ვიტყოდი.


დაუსრულებელი განვადება


წარმოიდგინეთ ასეთი ვითარება - რაიმე ტელეფონის, ან ტელევიზორის ან, სულაც, მაცივრის განვადების ბოლოსკენ გადიხარ. ცოტაც, და აღარ მოგიწევს თვეში 40 თუ 80 თუ რამდენიცაა, იმდენი ლარის გადახდა.

ჰოდა, მართალია, ყოველთვე მაგ ფულის მოსროლა, რა თქმა უნდა, არ გსიამოვნებდა, მაგრამ, ასე თუ ისე, ხომ ახერხებდი?

რა მოხდება, მაგ ფულის ნაწილის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა რომ გააგრძელო? ოღონდ ამჯერად საკუთარ, შემნახველ ანგარიშზე. ცხადია, მთელს თანხაზე მაგას არავინ იზამს, მაგრამ ნახევარი? ან, კარგი, მესამედი? ძალიან წარმოუდგენელი ვარიანტია? არც ისე, ხო?

კი, ამითი ვერ გამდიდრდები, მაგრამ წელშიც, როგორც ჩანს, არ გაგტეხავს. მერე, რამდენიმე თვეში, კაპიკი კაპიკს მიეწებება, იქ რაღაც პროცენტიც დაემატება და წლის ბოლოს რამე ახალი ნივთის საყიდლად ფულსაც დააგროვებ. ამჯერად, განვადების გარეშე!


უცხოს ტესტი


ეს რჩევა ერთმა ბლოგერმა მოიფიქრა და მას შემდეგ მომჭირნეებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა. (არ ვხუმრობ - მომჭირნეებს ინტერნეტში თავისი კუთხეები აქვთ მოწყობილი - ფორუმები, საიტები, „რედიტის“ რამდენიმე განყოფილებაში იკრიბებიან).


ვთქვათ, მაღაზიაში დგახარ და ჯინსის შარვალს უყურებ. ვიგულისხმოთ რომ შარვალი უკვე გაქვს, ახალი იმწამს არ გჭირდება, მაგრამ რომ შეხვედი, „დაგიძახა“. დახლიდან გიყვირის - „მოდი, ახლავე დამეუფლე, სახლში წამიყვანე და ჩამიცვიო!“


„უცხოს ტესტი“ ასეთი რამეა - ამ დროს უნდა წარმოიდგინო, რომ შენს წინ ვიღაც უცნობი ტიპი დგას და ერთ ხელში ის შარვალი უჭირავს, მეორეში კი ფული. ზუსტად იმდენი, რამდენიც ის ჯინსი ღირს (დავუშვათ, 130 ლარი) და გეუბნება - აირჩიე, რომელი გინდაო.

უმეტეს შემთხვევებში გული უფრო ფულისკენ გაგიწევს. ამ დროს იცი, რომ იმ შარვლის ძახილი ტყუილია და, ჩათვალე, რომ ის თანხა უცნობმა გაჩუქა.

თუ არც დაფიქრდები, ისე იტყვი - ჯანდაბას, უცნობო, შენი ლარები, ახლავე ჯინსი ჩამახუტეო - მაშინ, შეგიძლია თამამად იყიდო. 


კომუნალური გადასახადი საკუთარ თავს



ბევრი ჩვენგანი კომუნალურ გადასახადებს ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით ვიხდით. თან, როგორც წესი, მაშინ ვიხდით ხოლმე, როდესაც ხელფასი ახალი დარიცხული გვაქვს.

ასეთი ხრიკი არსებობს - კომუნალურების ჩამონათვალს საკუთარი, შემნახველი ანგარიში უნდა დაამატო და, ყოველ თვე, ისევე გადარიცხო მაგ ანგარიშზე, როგორც, ვთქვათ, გაზის ან დენის ფულს იხდი. რამდენს გადარიცხავ შენზეა, მაგრამ საერთო თანხის 10 ან 20 პროცენტი გონივრულად და ნორმალურად მოჩანს.

აი, გადაურიცხე ინტერნეტს, გაზს, დენს და დასუფთავებას ერთად 100 ლარი. ამ დროს 20 ლარი საკუთარ შემნახველ ანგარიშსაც გადაუგდე. იმ წუთას შენს ფინანსებს საერთოდ არ შეეტყობა, წლის ბოლოს კი 240 ლარით ზედმეტი გექნება. 


ერთით ნაკლები


ფულის დასაზოგად ყოველდღიურ სიამოვნებებზე უარის თქმა უმეტესობას არც გამოგვდის და არც გვინდა. ცხოვრება ისედაც რთული რამეა და ეხლა კიდე ყავაზე ან ლუდზე ან, რავი, რაც იქნება, იმაზე თქვი უარი. შანსი არაა.


მაგრამ, იქნებ ისე მოხერხდეს, რომ არც უარი ვთქვათ და ფული მაინც დავაგროვოთ? ანუ, რამე კი არ დავიკლოთ, არამედ ოდნავ მოვიკლოთ.

ამისთვის წინასწარ უნდა გქონდეს ანგარიში გახსნილი, რომელზეც ფულს ადვილად გადარიცხავ მობაილ-ბანკით. იდეა ასეთია - ლუდს სვამ, მაგრამ სამი კათხის ნაცვლად - ორს. მესამის ფულს დანაზოგში უშვებ. ყავას სვამ, მაგრამ მეორე ჭიქის ღირებულებას (რომელიც, ზოგ შემთხვევაში, სულაც 4 ლარია) შემნახველზე რიცხავ. სულაც, შეიძლება ორი ხინკლით ნაკლები აიღო, რომელიც საჭმელად გინდა აქეთ ყოფილა, გინდა - იქით, ბევრგან კი უკვე ორი ლაი ან მეტიც ღირს! დღეში დაზოგილი 2 ლარი კიდე თვეში 60 ლარია და წელიწადში, სულაც, 720!


ისე მომეწონა ეს ჩემი რჩევები, რომ ერთი-ორს თავადაც კი გავითვალისწინებ!


ავტორი: ნიკო ნერგაძე