მუსიკა | ცა

4GB 2019 / 24-26 მაისის შეჯამება

ფესტივალის მეორე კვირის ყველაზე საინტერესო მომენტები

მაისი 29, 2019

4GB 2019 ოფიციალურად დასრულდა! წლევანდელი ფესტივალი ბევრი რამით იყო გამორჩეული — ორი შაბათ-კვირის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შეგროვდა, დაფიქსირდა დამსწრეთა უპრეცედენტო რაოდენობა და, რაც მთავარია, ბევრი მნიშვნელოვანი მუსიკალური ეპიზოდი.

მინდა, 4GB-ის მეორე ნაწილიდან რამდენიმე საინტერესო მომენტი გავიხსენო.


4GB-ის მეორე შაბათ-კვირას ამინდმა ისე ვერ გაამართლა, როგორც პირველ ნახევარში. პარასკევს საღამოს, როდესაც ფესტივალზე მივედი, საკმაოდ გრილოდა და ქარიც უბერავდა და იმის გათვალისწინებითაც, რომ უამრავი ადამიანი ძალების შენახვას ფესტივალის კულმინაციური ნაწილისთვის — შაბათისთვის გეგმავდა, ტერიტორიაზე მაინც ბევრი ხალხი დამხვდა.

თავდაპირველად დორმის სცენისკენ წავედი, სადაც ქართველი დიჯეი Nicole უკრავდა. ნიკოლის სეტი საკმაოდ განსხვავებული იყო იმ მუსიკისგან, რაც მისგან აქამდე მქონდა მოსმენილი — ნაკლები ტექნო და უფრო მეტი დიფ, ეისიდ და მინიმალ ჰაუსი.


ისეთმა ტრეკებმა, როგორებიცაა Mystic Bill-ის Take Me Back და Dude Energy-ს Renee Running მშვენიერი განწყობა შექმნა საღამოს დაწყებისთვის და შემდეგი აქტისთვისაც შეგვამზადა.

ამის შემდეგ დიჯეი აპარატურასთან რუმინული დუო Khidja მივიდა. მიუხედავად მათი წარმომავლობისა, Khidja-ს რუმინულ მიკრო-ჰაუსთან ცოტა რამ თუ აქვს საერთო, მათი მუსიკა უფრო მეტად არაკონვენციური ელექტრონიკისა და შუა აღმოსავლური მელოდების ნაზავია. Khidja-ს ჩანაწერები გამოსულია ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა თელავივის Malka Tuti, ბრიტანული Emotional Especial და ლეგენდარული James Murphy-ს DFA Records. რუმინელების დიჯეი სეტი მათი ორიგინალი ჩანაწერების მსგავსად ძირითადად ზემოთ აღნიშნულ ჟღერადობებს მოიცავდა. მათ საკმაოდ ბევრი განსხვავებული, არატრადიციული საცეკვაო მუსიკა მოგვასმენინეს, იქნებოდა ეს ელექტრო Assembler Code & Jensen Interceptor - Drive Shift-ის სახით თუ Theo Parrish-ის ლეიბლზე გამოსული უკვე საცეკვაო კლასიკად მონათლული, პერკუსიული ბომბი Spekter - Pipe Bomb.

ამასობაში, მთავარ სცენაზე მთელი ღამის განმავლობაში ტექნო პროგრამა იყო დაგეგმილი, რომელიც ქართული ტექნოს ვეტერანმა Jorjick-მა გახსნა. მის შემდეგ დაკვრას ბრიტანელი დიჯეი, „ტექნოს ბარონად“ წოდებული Dave Clarke იწყებდა. სამწუხაროდ, კლარკის სეტში საინტერესო ბევრი ვერაფერი ვნახე. მის სეტს აკლდა ის ელემენტები, რისთვისაც ის დღეს ასეთი პატივსაცემი დიჯეია — ტექნოსა და ელექტროს ოსტატური შეზავება, საინტერესო სელექცია. მოვისმინეთ მაღალ ტემპიანი, ძლიერი, „ინდუსტრიული“ ტექნო — ასეთი ჟღერადობის მუსიკა დღეს ყველაზე ნაკლებ რისკიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ის თითქმის ყოველთვის ააცეკვებს საფესტივალო პუბლიკას და, ამ მხრივ, არც 4GB ყოფილა გამონაკლისი.

თუმცა, მიმაჩნია, რომ დიჯეის მიზანი მხოლოდ ხალხის აცეკვება არ უნდა იყოს — მუსიკის მეშვეობით გარკვეული მესიჯების გატარება დიჯეის ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რაც კლუბებისგან განსხვავებით ფესტივალებზე ერთი-ორად რთული, მაგრამ სრულიად შესაძლებელია. ამის შემდეგ Zitto-სა და Special Request-ის დაკრული მუსიკა ბევრად საინტერესო და მრავალშრიანი მომეჩვენა და მზის ამოსვლასაც სიამოვნებით შევეგებე R&S Records-ის კლასიკაზე Outlander - The Vamp.

განსაკუთრებული იყო შაბათი დღის პროგრამაც ფესტივალის გარე სცენაზე „ცა”, სადაც პირველი საათიდან არაერთი ადგილობრივo ლაივ-შესრულება მოვისმინეთ.

ლაივების სერია ქართველმა მუსიკოსებმა ბერიკამ და დათო კაკულიამ გახსნეს, ახალი პროექტით Spacejam 92. სახელი თითქოს უკვე გვეუბნება, რასთან გვექნება საქმე — კოსმიური ჟღერადობებისა და Glenn Underground-ისეული ჰაუსის ნაზავი, 90-იანების ნოსტალგია, სინთეზატორის სიჭარბე — ეს ელემენტები საკმაოდ სასიამოვნო ერთობლიობას ჰქმნის.

მოლოდინით ველი მათ ოფიციალურ ჩანაწერს, ვფიქრობ, მალე ეს ბიჭები ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეული ელჩები გახდებიან მსოფლიოში.

ამის შემდეგ, ლაივ-სცენა თბილისში უკვე კარგად დამკვიდრებულმა პროდუსერებმა Toke-მ და შემდგომ Sevda-მ გადაიბარეს. როდესაც სცენას მივუახლოვდი, დაკვრას გიგი ჯიქია, იგივე HVL იწყებდა. ბოლო წელი HVL-ისთვის განსაკუთრებული იყო — გამოუშვა ბევრი საინტერესო ჩანაწერი სოლიდურ ლეიბლებზე, გამოსცმა პირველი ალბომი, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა მუსიკალურ სამყაროში. ჯიქია 4GB-ზე პირველად უკრავდა, ალბომის გამოსვლის შემდეგ კი მისი ლაივი არ მქონდა მოსმენილი, შესაბამისად, ორმაგად ველოდებოდი ამ მომენტს.

ადგილობრივ სცენაზე ლაივ-შესრულებების დროს ხშირია ქაოტურობა და თვალშისაცემი არაორგანიზებულობა, HVL-ის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით არის — პერფექციონისტულად დამუშავებული ბგერები, ეისიდისა და „ტეხილი ბიტის“ ელემენტების გემოვნებიანი და ზომიერი გამოყენება ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. ამ დროს წვიმაც წამოვიდა, თუმცა ხალხი არ დაიშალა და ცეკვა განაგრძო, ამან ადგილზე განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა და ფესტივალის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტიც მივიღეთ.

HVL-ის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტი იყო დაგეგმილი. ირაკლი შონია და სანდრო კოზმანიშვილი ახალი პროექტით V.C.V.S. პირველ ლაივს უკრავდნენ. სამწუხაროდ, როგორც კი გიგი დაკვრას მორჩა, კოკისპირული წვიმა დაიწყო და ხალხიც მიმოიფანტა თავშესაფრის ძიებაში. თუმცა, რამდენიმე ენთუზიასტი მსმენელი, ჩემი ჩათვლით, მაინც დავრჩით მათ მოსასმენად. ლაივი საკმაოდ დიდ ხანს, თითქმის ორი საათს გააგრძელდა. მოვისმინეთ ბევრი „ანალოგ“ მუსიკა და არაორდინალური გადაწყვეტები, რასაც პერიოდულად შონიას ვოკალიც ემატებოდა და მთლიანობაში საინტერესო კოქტეილი მივიღეთ. V.C.V.S. პირველ გახანგრძლივებულ ჩანაწერს ივნისის დასაწყისში, Vodkast Records-ზე გამოუშვებს, რომელიც ორი ორგინალი ნაწარმოებისა და რემიქსისგან შედგება, რომელიც DJ Sotofett-ის ანგარიშზეა.

წვიმის გამო მოვლენებმა ნაადრევად გადაინაცვლა მთავარ სცენაზე, სადაც Ash-ს ერთ-ერთი ბოლოს ნაცვლად გამხსნელი სეტის დაკვრა მოუწია. ამასთან ერთად, აუდიტორიაც დაგეგმილზე ბევრად დიდი გამოვიდა, თუმცა, ვფიქრობ, ეშმა კარგად გაართვა ამ გამოწვევას თავი და საბოლოოდ კარგი შესავალიც გამოვიდა იმისათვის, რაც შემდეგ გველოდა.

შემდეგ კი Luke Vibert იწყებდა დაკვრას. დიახ, Luke Vibert-ი, ბრიტანული ელექტრონიკის ვეტერანი, დრამ ნ’ ბასის, ჯანგლისა და ეისიდის ლეგენდა, Aphex Twin-ის ინსპირაცია 4GB-ზე უკრავდა. ვაიბერტის სეტი ერთგვარი ექსკურსიასავით იყო ძველი გარაჟის, ტეხილი ბიტისა და ეისიდის სამყაროში. მოვისმინეთ ყველაფერი Kraftwerk-ის Aerodynamik-იდან Roy Davis Junior-ისა და Peven Everett-ის შედევრამდე Gabriel, ასევე 90-იანი წლების ისეთი კლასიკური ნაწარმოებები როგორებიცაა Lennie D Dice - We are I.E. და Double 99 - Ripgroove. მიუხედავად იმისა, რომ დიჯეობას ვაიბერტის ძლიერ მხარედ ვერ ჩავთვლით და ის ტრადიციული გაგებით დიჯეი არც არის, მაინც სასიამოვნო და, ვფიქრობ, სასარგებლოც იყო ქართველი მსმენელისთვის ამ კლასიკების გადამეორება.

ვაიბერტის შემდეგ მთავარი სცენა 4GB-ის უკვე ტრადიციულმა სახეებმა დაიკავეს.

Acid Pauli, Robag Wruhme და Reinhard Voigt ერთმანეთს ცვლიდნენ, ხალხის ნაკადი კი არ წყდებოდა.

საბოლოოდ, როდესაც სცენსთან Michael Mayer და Roman Fluegel მივიდნენ, ფესტივალზე დაახლოებით 15 000 ადამიანი იყო შეკრებილი — ასეთი რამ 4GB-ზე ჯერ არ მომხდარა.



მაინც რატომ არის ხოლმე მაიერის გამოჩენა ასეთი განსაკუთრებული?



პირადად მე, მაიერის სახელი ამ ფესტივალის მთავარ დანიშნულებასთან მაბრუნებს — 4GB ანუ გიორგი ბაქანიძისთვის. 9 წლის წინ, სწორედ გიორგი ბაქანიძისთვის ჩამოვიდა მაიერი პირველად საქართველოში. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აგვისტოს ომი ჯერ კიდევ ახალი გადატანილი გვქონდა, საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა კლუბები და, დღევანდელისგან განსხვავებით, საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის რუკაზე ადგილი საერთოდ არ გვქონდა.

9 წლის წინანდელი 4GB პატარა ღონისძიება იყო, რომელსაც მხოლოდ გიორგის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ და რომელზეც მისი საყვარელი დიჯეი — მაიკლ მაიერი უკრავდა. ამის შემდეგ ფესტივალმა წარმოუდგენელი ტემპით დაიწყო ზრდა, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება — გიოს საყვარელი დიჯეი ყოველ წელს ჩამოდის და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უკრავს მისი ხსოვნის საპატივცემულოდ. ამ დროის განმავლობაში კი მასსა და ქართულ აუდიტორიას შორის განსაკუთრებული ქიმია ჩამოყალიბდა და ეს ურთიერთპატივისცემა ყოველთვის თვალშისაცემია.

ავტორი: ანასტასია ზურაბიშვილი

ფოტოები: თორნიკე შენგელია


4GB 2019