მუსიკა | ცა

2021 | ქართული მუსიკის ინდუსტრია

Tsa.Music

დეკემბერი 30, 2021

კიდევ ერთი წელიც სწრაფად მიილია, ქართულმა მუსიკალურმა სცენამ გასულ წელს პანდემიისგან მიღებული პირველადი შოკი გადალახა და 2021 წელი უკვე არსებულ მდგომარეობასთან ადაპტაციის, მასთან მორგების და ახალი პროცესების წელი იყო.

რა თქმა უნდა, წელსაც მუსიკა ძალიან ცოტა ადგილას თუ ჟღერდა ცოცხლად. რამდენიმე თვიანი სრული შეზღუდვების შემდეგ ზაფხულში შესაძლებელი გახდა მცირე რაოდენობით ფესტივალის თუ სხვა ტიპის მუსიკალური ღონისძიების ჩატარება. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ „თბილისის ჯაზ ფესტივალი”, ტრადიცია არ დაირღვა და ამერიკული მუსიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები ქალაქს ეწვივნენ.

მათ შორის დრამერი ანტონიო სანჩესი, პიანისტი მონტი ალექსანდერი და ლეგენდარული ბრედფორდ მარსალისი. კარგად მახსოვს, ამოსუნთქვას ჰგავდა ივლისის ის სამი მუსიკალური დღე თბილისში.

ამის შემდეგ პროცესებმა დასავლეთით, ზღვისპირეთში გადაინაცვლა,  სადაც ჩატარდა „ოდა ფესტივალი“ - 2 დღიანი საკმაოდ წარმომადგენლობითი მუსიკალური აქტივობა, რომელიც შესანიშნავ, აქამდე აუთვისებელ ზღვისპირა ლოკაციაზე, გრიგოლეთში გაიმართა.

აგვისტოში უკვე იქვე შორიახლოს დაგვეწია ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Swing, რომელმაც საკლუბო კულტურას მონატრებულ ახალგაზრდებს მოუყარა თავი.

არც სექტემბერი დაგვრჩა დაჩაგრული და წინანდლის მამულმა ჯერ კლასიკური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლა, შემდეგ კი ოქტომბერში  „Jazz & Wine-ს, ფესტივალი რომელიც ღვინოსა და ჯაზს შორის ყველასთვის ნაცნობ ხაზებს ავლებს. თუმცა ამავე დროს სამწუხაროდ ჩაიშალა ბევრი უკვე დაგეგმილი საინტერესო ღონისძიება, რომელთაც იმედია უფრო სტაბილურად ვიხილავთ 2022 წელს.

უნიკალური გამოცდილება იყო "აქტუალური მუსიკის ფესტივალი", რომელიც ივნისში ჩატარდა და ქართველი და შვეიცარიელი მუსიკოსების შესანიშნავი მუსიკა თბილისის სხვადასხვა სივრცეში მოვისმინეთ.

ამ წლის დამახასიათებელი იყო რომ, ლოკალურმა სცენამ უფრო სტრუქტურულად და დაგეგმილად დაიწყო ფიქრი საბოლოო მუსიკალური პროდუქტის შექმნაზე.

ამაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მუსიკალური ლეიბლების მუშაობა უნდა გამოვყოთ. ქვეყანაში გაჩნდნენ და უფრო გააღრმავეს მოქმედება ამ ტიპის მუსიკალურმა აქტორებმა, რომლებიც მუსიკალურ იდეებს  კარგად ფუთავდნენ და საბოლოო სახეს აძლევდნენ.

უნდა გამოვარჩიოთ „CES Records, რომელიც იშვიათი გამონაკლისია და მუსიკოსებს თითქმის ყველა იმ სერვისს სთავაზობს, რაც ზოგადად ლეიბლის თავდაპირველ იდეაში მოიაზრება - მათი მონაგარი ამ წელს 6 სრულყოფილი ალბომი (მათ შორის 2 ფირფიტაზე), 12 სინგლი, 2 EP და 14 მუსიკალური ვიდეოა. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ შრომის საბოლოო ეფექტია.

Leno Records, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული და აქტიური სტუდიით გამოირჩევა და უკვე 15 წელზე მეტია ქართული ალტერნატიული მუსიკის სახლია. დიმა დადიანი, ზუკა სიმონიშვილი, სუხიშვილების ანსამბლი, ჯგუფი „Komma” და, რა თქმა უნდა, LOUDspeakers-ის ახალი ალბომი ამ წელს Leno Records-ის კატალოგს შეემატა (რომ არაფერი ვთქვათ სტუდიაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პროცესებზე).

ლეიბლები UNHEARD, Didube Records, Blue Yogurt, დუღილი, giraffe tapes თუ სხვა ასევე აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ და ციფრული სახით საინტერესო ალბომი თუ მუსიკოსები გაგვაცნეს.

უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს იმ ნიშის შევსება, რაც მუსიკალურ ჟურნალისტიკას და მედიას ეხება. ამ მხრივ 2021 წელმაც თავისი განსაკუთრებული კვალი დატოვა.

Mutant Radio-მ გააგრძელა თავისი საქმიანობა და დღეს უკვე თბილისში დაფუძნებული საერთაშორისო ბრენდია, მუსიკალური პროგრამით მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან.

Tempo Radio-მ სულ ახლახანს დაიწყო მუსიკალური სელექციების სერია Spotify-სთვის. „რადიო აჭარაზე“ კვლავ გრძელდება დავით ჟორჟოლაძის გადაცემა „ჩემი ალტერნატივა“, ასევე გია ხადურის „პოპ გაკვეთილები“ „საქართველოს რადიოზე“ და ლაშა გაბუნიას 12 კითხვა მუსიკის შესახებ“ „რადიო იმედზე“. ასევე მრავალი სხვადასხვა ფორმატის მედია პროექტი, რომლებიც ცდილობდნენ  ქართველ მუსიკოსებს მსმენელთან ურთიერთობაში დახმარებოდნენ: Dancing On Architecture, „უსმინე“ „საუბრები მიწისქვეშეთიდან,  „აკუსტიკა“ და სხვა.

რაც მთავარია, ჩვენთან უკვე გამოჩნდნენ ახალი თაობის მუსიკალური ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით სამომავლოდ შეეცდებიან საკუთარი კვალი დაამჩნიონ ადგილობრივ მუსიკალურ სცენას და თქვენამდე ბევრი საინტერესო ისტორია მოიტანონ.

დამოუკიდებელი და მდგრადი მუსიკალური ინდუსტრია, ბევრი განსხვავებული რგოლისგან შედგება. ეს წელიც საქართველოში ამ მხრივაც გამოირჩეოდა, რადგან ბაზარზე ან უფრო მეტად გააქტიურდნენ აქტორები, რომლებიც მუსიკოსებს, საკუთარ კომპეტენციაზე დაყრდნობით სხვადასხვა ტიპის სერვისებს სთავაზობენ.

მათ შორის Bloom Music (არტისტ მენეჯმენტ კომპანია და ციფრული დისტრიბუციის სერვისი) GMI Rights Management (მუსიკალური ფაბლიშერი და ლეიბლი) Stockton Records (არტისტ მენეჯმენტ კომპანია და ლეიბლი), Interlock Records (არტისტ მენეჯმენტ კომპანია და ლეიბლი) და სხვა.

ამ  აგენტების აქტიურობა, ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიას უფრო შეკრავს, რაც შემდგომი პროცესებისთვის გარკვეულ სტანდარტებსაც შექმნის და ზოგადად მუსიკოსებს შორის ამაღლებს ინფორმირების დონეს, თუ რეალურად როგორ მოქმედებს თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრია.

არ შემიძლია არ ვახსენო თუ რამდენად საინტერესო წელი იყო მუსიკალური ვიდეო კლიპების მიმართულებით. საქართველოში 2000-იანების შუა პერიოდის, პოპ მუსიკის პიკის შემდეგ ხარისხიანად გადაღებული მუსიკალური კლიპები იშვიათად გვინახავს, რა თქმა უნდა იყო რიგითი შემთხვევები, თუმცა პროცესი ძალიან შორს იყო იმისგან, რომ მათ საერთო სურათზე რაიმე გავლენა მოეხდინათ.  ეს ალბათ იმითაც იყო გამოწვეული რომ ამ პერიოდში ვერ/არ გამოჩნდნენ ახალი თაობის კლიპმეიქერები, რომლებსაც საკუთარი ინდივიდუალური ხედვა ექნებოდათ.

2021 წელი ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისი იყო და წლის შეჯამების დროს, 70-ზე მეტი გადაღებული მუსიკალური ვიდეო მოვითვალე, რაც ამ ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი წინსვლაა (და ეს მხოლოდ ჩემი მონაცემებით).  უნდა გამოვყო Tamada-ს, 4D Monster Lobsters-ის, Murman Tsuladze-ს, Creams-ის, Eko & Vinda Folio-ს, ANIK-ის, Neon Warrior-ის, VAQO-ს და ბევრი სხვა მუსიკოსის, ასევე მათ მიერ შერჩეული რეჟისორების ხედვა, რაც მუსიკალურ პროდუქტს, მსუყე ვიზუალურ დანამატს აძლევდა მთელი  წლის განმავლობაში.

რაც მთავარია, 2021 წელს ბევრად ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართული მუსიკის ზოგადი პერსპექტივისთვისაც. 2020 წელთან შედარებით, ჩემთვის ბევრად საინტერესო მუსიკა იქმნებოდა და ტენდენციის მხრივ რომ შევადარო, აქცენტი იმდენად აღარ იყო გადატანილი მხოლოდ ელექტრონულ მუსიკაზე, არამედ აკუსტიკური მუსიკის თვალსაზრისითაც, რამდენიმე ახალი პროექტი მოექცა უფრო ფართო ყურადღების ქვეშ.

ქართველმა მუსიკოსების ნაწილმა, ახალმა თაობამ გადალახა გასული ორი დეკადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლექსი და საკუთარი ქვეყნის წარსულიდან და კულტურიდან გაქცევის ნაცვლად, აღნიშნული კულტურის გამოყენება, ადაპტაცია და გარდაქმნა დაიწყეს.

მეტად სასიხარულოა, რომ არსებობენ ადამიანები, ბენდები რომლებმაც უზადოდ მოირგეს საკუთარი თავის თვითგამოხატვას უკვე მშრობლიურ ენაზე ცდილობენ  - ყველამ უნდა ვაღიაროთ, ეს მიდგომა ბევრად უფრო ავთენტური და წარმატების მომტანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც.

გვქონდა გარკვეული წინსვლა ელექტრონულ მუსიკაშიც, თუმცა ჩემი აზრით ჯერ ისევ ძალიან შორს ვართ იმისგან, რასაც ამ მიმართულებით საინტერესოს ვუწოდებდი. ქართველ პროდიუსერებს ყველაზე მეტად ჭირდებათ ირგვლივ მოხედვა და მსოფლიო მუსიკალურ რეალობის დანახვა და ექსპერიმენტირება (მხოლოდ ინდუსტრიულ ტექნოში არა). დიდი სურათის დანახვის შემთხვევაში, იმედია იდეების ახალი ტალღაც მოაწვებათ.

ვახსენოთ ახალ თაობასთან  ყველაზე ახლოს მდგომი ჟანრი - ჰიპ-ჰოპი, სადაც უკვე წლეების განმავლობაში უამრავი ახალი ადამიანი ერთვება. FlowFlow Magazine-ის პროექტი „PVP Battle“, HaruTune-ის აქტიურობა სერიით #Represent​​​ და სხვა ინდივიდუალური შემსრულებლების მცდელობები აშკარად იღებს შედეგს და პროცესები ამ მიმართულებითაც უმჯობესდება. (თუმცა, რა თქმა უნდა, მისი განზოგადოებისგანაც ჯერ შორს ვართ)

ჯაზი კიდევ ერთი მუსიკალურ სტილია, სადაც ახალი თაობის მუსიკოსები 2021 წეკს გზას იკვლევდნენ - ნიკა გაბაძე, დანიელ ადიკაშვილი, Khondzi, ლუკა თოფურია, გიორგი სამსონაძე, ლაშა საყვარელიძე, ხატია ქორიძე და სხვა - დაიმახსოვრეთ ეს სახელები, ისინი თანამედროვე საქართველოს ჯაზის ისტორიას წერენ.

ბოლოსთვის კი მინდა რამდენიმე საინტერესო ალბომი გაგიზიაროთ, რომლებმაც ჩემი ყურადღება (სხვა ბევრთან ერთად) განსაკუთრებით მიიქცია 2021 წელს და ვფიქრობ თქვენც დაგაინტერესებთ. ვუსმინოთ ქართულ მუსიკას, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და წინსვლა გარდაუვალია!

Ani Zakareishvili – Mtirala

MoonG - ცრის

სანდრო თავართქილაძე - ქოთნის მუსიკა

VAQO – Live In Tbilisi

Sergi Chalauri - SUNVIEW

Turbulance- Turbulance

HVL – Vessel

Zesknel - moveal ways

Giorgi Koberidze, Luka Nakashidze - AWWWARA

Nick Green - სწრაფი სესხი

Quemmekh - AMERIKULI

Makoze – Butterfly

Zuka – Number 4

ერეკლე დეისაძე - Am Enit Amen

Gacha Bakradze - Obscure Language

Anushka Chkheidze - Move 20-21

თამრიკო კორძაია - sieben sonnengesichter

ბაჩო ჯიქიძე - მუდმივობის განცდა

Levan Shanidze - Funeral Garden

ავტორი: ჯაბა შავიშვილი