მუსიკა | ცა

2020 წელი ქართული მუსიკის ინდუსტრიაში

Tsa. Music

დეკემბერი 31, 2020

2020 - წელი რომლის დავიწყებასაც უკვე ყველანი ვფიქრობთ. პანდემიის დაწყებისთანავე, ამ პერიოდის ბარიერების ეფექტურად დაძლევის ერთადერთ წყაროდ თანამეგზური მუსიკა მესახებოდა. ადრეც სწორედ მსგავსი სირთულეებით სავსე პერიოდები ქმნიდნენ შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავების საფუძველს - მსოფლიო ისტორიასაც კარგად ახსოვს ის ადამიანები, რომლებმაც მათი პერიოდის „კარანტინის“ ფარგლებში ნაყოფიერი შემოქმედებითი კვალი დატოვეს - ეს იქნება შექსპირი „მეფე ლირით“, ნიუტონი გრავიტაციული თეორიის საფუძვლებით, მუნქი ესპანური გრიპის პერიოდის ვიზუალური აღწერით თუ სხვა.

ძალიან საინტერესო იყო გვერდიდან იმ პროცესზე დაკვირვება, თუ როგორ ცდილობდა მთელი მუსიკალური ინდუსტრია ახალ რელსებზე გადაწყობას, ინოვაციისა და შემოქმედებითი ხაზის გავლებას.

ქართული მუსიკალური სცენა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ჯაჭვურად ვითარდება და ყოველწლიურად ახალ მიმართულებას აძლევს დასაბამს, პანდემიას თავიდან მოუმზადებლად შეხვდა. თუმცა, საბედნიეროდ, უმეტესმა მათგანმა მალევე მოახერხა გამოღვიძება და ამ ახლად შექმნილ ლაბირინთში საკუთარი პერსპექტივის მოძებნა. მარტიდან მოყოლებული, ჩვენ არაერთი საინტერესო იდეის რეალიზაციის შემსწრენი გავხდით, საიდანაც უმეტესი ენთუზიაზმით სავსე ადამიანების შრომის წყალობით იქცა რეალობად.

პირველი, ვისი აქტიურობაც მახსენდება Lenø Records-ია - მართლაც შთამბეჭდავი იყო მათი მხრიდან ინიციატივის აღება და ის მხარდაჭერა, რაც ზოგადად ქართველი მუსიკოსების მიმართ გამოხატეს. თითქმის ყოველკვირეულად Lenø Records-ის სტუდია დამწყები თუ უკვე აღიარებული არტისტებისთვის, თავის წარმოჩენის (ან შეხსენების) სცენად გადაიქცეოდა ხოლმე. გვაჯის და მისი გუნდის დახმარებით, პანდემიის პერიოდში შექმნილმა ლოკალურმა მუსიკამ საკუთარი გზა ნახა ციფრული სერვისებისკენ - რაც ნიშნავს, რომ არსებული ქაოტური მდგომარეობა ირღვევა და მუსიკალური პროცესები საქართველოშიც გარკვეულ ჩარჩოში ექცევა - ეს აუცილებლად იმოქმედებს შემდგომში ინდუსტრიის ჯანსაღ განვითარებაზე.

ეჭვგარეშეა, პანდემიამ ყველაზე მეტად აღმავლობის პერიოდში მყოფი თბილისის ცოცხალი შესრულება და საკლუბო კულტურა დააზიანა. მაშინ, როდესაც სოციალური ქსელებიდან ყოველკვირეულად რამდენიმე ათეულ მოწვევას იღებდით სხვადასხვა ღონისძიებაზე და, შესაბამისად, არჩევანის საშუალებაც გეძლეოდათ - ეს ყველაფერი ერთ დღეში გაქრა ჩვენი ყოველდღიურობიდან - დღემდე მხოლოდ ვარაუდები თუ გვაქვს პროცესების პირვანდელი სახით დაბრუნებაზე.

ამ სივრცეში უამრავი ახალგაზრდა ცდილობდა საკუთარი თავის რეალიზაციას და მათი მატერიალური კეთილდღეობაც პროცესების შეუფერხებლად ფუნქციონირებაზე იყო დამოკიდებული. პანდემიამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა - დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ კლუბებისა თუ ბარების მეპატრონეები. მათ, ერთი მხრივ, ისევ უნდა შეენარჩუნებინათ სფეროს აქტუალობა, მეორე მხრივ კი - ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები შეზღუდვების წინაშე მარტო არ მიეტოვებინათ.

სწორედ ასეთი სოლიდარობის პლატფორმა აღმოჩნდა გლობალური ინიციატივის ქართული გამოხმაურება - „United We Stream Tbilisi, რომელშიც ქართველი დიჯეები და მსმენელი, ადგილობრივ საკლუბო კულტურაში დასაქმებული კოლეგების ფინანსური დახმარების იდეით გაერთიანდნენ. სოლიდარობის რამდენიმე საათიანმა მუსიკალურმა მარათონებმა შედეგი გამოიღო - ერთია, რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს  მსგავსი აქციები ფინანსური თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ - აღსაღნიშნია სფეროს წარმომადგენლების აქამდე შეუმჩნეველი ერთიანობა და საერთო მიზნისკენ სწრაფვა.

გასული წლიდან მოყოლებული, ქართულ სივრცეში რამდენიმე საინტერესო რადიო პლატფორმა გამოჩნდა, რომლებიც ლოკალურ და გლობალურ მსმენელს ქართველი არტისტებისა და მუსიკალური ენთუზიასტების მიერ შექმნილ კონტენტს სთავაზობდნენ.

Mutant Radio-ს, რომელმაც წელი დიდი გეგმებით და ენთუზიაზმით დაიწყო, მაუწყებლობა არ შეუწყვიტავს - რადიოს კოლექტივმა მალევე მოახერხა ადაპტაცია და მსმენელს არამხოლოდ ქართული, არამედ უამრავი უცხოელი რეზიდენტისა თუ სტუმრის მიერ შექმნილი ჩანაწერი აუდიო ფორმატში შესთავაზა. გაიშალა მსმენელთა არეალიც და წლის განმავლობაში რადიოს მეშვეობით 1000-ზე მეტი სელექცია გადაიცა. Community Radio Tbilisi - სათემო რადიო თბილისი, რომელმაც თბილისის სახელოვნებო წრეს კიდევ ერთი დამატებითი აუდიო არხი შესძინა და წლის განმავლობაში აუდიო ინსტალაციებს, საველე ჩანაწერებს თუ სხვა საგანმანათლებლო პროექტების დაუთმო ეთერი. Tempo Radio - რომელმაც, ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად „Radio Selector“-ის ბლოკის საერთო სტრიმინგის პროექტი განახორციელა.

პანდემიის პირობებში უდიდესი როლი და მნიშვნელობა შეიძინა სახელოვნებო სასწავლებლებმა - Creative Education Studio (CES Records-თან ერთად) - რომელმაც, შეზღუდვების მიუხედავად, სტუდენტების მიღება განაგრძო და სწავლებაში შერეული (Off/Online) მეთოდი დანერგა. მეტიც, მუსიკალურ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული ახალი კურსიც დაიწყო და ვიმედოვნება, მალე ახალბედების ტექსტებს ცი-ს პლატფორმაზეც იხილავთ. 303 Hz-ის კოლექტივმა პანდემიას უამრავი აქტივობით უპასუხა - ეს იყო ლექტორების მიერ ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილები, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების მიმოხილვა, კომპოზიციების გარჩევა, კურსის სტუდენტების სტრიმები და სხვა - ეს ყველაფერი კი ისეთი ინტენსივობით, რომ პანდემიის არსებობაც კი დაგვავიწყა. 11TH-მა  საკუთარი პოდკასტების სერიით ახალგაზრდა ტალანტებს თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა. VERTIGO-მ კი, სექტემბრის ბოლოს ბოლო ორმოქმედებიანი პერფორმანსი, სახელწოდებით – “ომნივერტი” განხორციელა, რომელსაც გამორჩეული აუდიო-ვიზუალური ნაწილი ახლდა თან.

2020-ში თუ ვინმე მუსიკალური ფესტივალის სრულყოფილად ჩატარებას შეძლებდა (ფინანსური თუ სხვა ბარიერების გამო) ამის წარმოდგენა ნამდვილად გამიჭირდებოდა, თუმცა ფაქტი ერთია - ჯაზ ფესტივალის“ გუნდმა მარტში უკვე დაგეგმილი თბილისის ფესტივალის ჩაშლის შემდეგ, სამი საერთაშორისო დონის ფესტივალის ჩატარება უზრუნველყო - პირველი ბათუმში, რომელიც სრულიად ქართველ ახალგაზრდა და უკვე შემდგარ მუსიკოსებს დაეთმო, მეორე - წინანდლის მამულში, სადაც ლეგენდარული ნინა სიმონეს შვილს, ლიზა სიმონეს და ბექა გოჩიაშვილის ტრიოს უმასპინძლეს, მესამე - შემოდგომის ბოლოსთვის ისევ თბილისში, სრულიად განსხვავებულ მუსიკოსებს - დრამერ ანტონიო სანჩესს, მაილს დევისის კოლაბორატორ მინო სინელუს და მესაყვირე ნილს პეტერ მოლვაერს დაეთმო სცენა. 

გარდა ჯაზ ფესტივალისა, გასახსენებელია რაჭის გასაოცარ ბუნებაში მიმალული „როკვა ფესტივალი“ - რომელიც დაწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში რეგიონის კულტურული ცხოვრებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას შეიძენს. ასევე, აჭარის მთებში განსხვაებული ფორმატით განხორციელებული „Soundspring, რომელიც უკვე წლეებია, ექსპერიმენტულ მუსიკას გვაზიარებს.

...და ბოლოს, რაც მთავარია - ქართველმა მუსიკოსებმა და პროდიუსერებმა ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო წელი შემოგვთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში ჩემ მიერ მოძიებული რელიზების უმეტესობა სუბიექტურად სრულიად არასაინტერესო სტილში გადაწყვიტეს (Industrial Techno?! Come on!), მაინც დასაფასებელია ამ ადამიანების ენთუზიაზმი, რომელიც რაიმეს შექმნის პროცესში იჩენს თავს.

აქვე, უნდა ვახსენო, რომ მრავალფეროვნებაც არ აკლდა 2020-ს და ბევრი საინტერესო მუსიკალური პროდუქტი მივიღეთ.

მიუხედავად სირთულეებისა, ეს იყო საკუთარ თავზე რეფლექსიის, შეზღუდვებზე გამარჯვების და ახალი გზების ძიების წელი, რომელიც მომავალში ყველას საინტერესო გამოცდილებად მოევლინება.

აქვე, მოვინიშნავ 2020 წელს გამოშვებულ რამდენიმე ფავორიტ ქართულ ალბომს, რომელთა მოსმენის შემდეგ, აუცილებლად ბევრად უფრო საინტერესო წელსაც გავაგრძელებ და იგივეს გირჩევთ თქვენც.

Anushka Chkheidze – Halfie (CES Records)

Misho Urushadze - დუღილი (Bubbling Records)

დავით დათუნაშვილი - 6 PLUS (Self Released)

Moku J - Symbionese Liberation Army (Self Released)

გაჩა ბაქრაძე - Quick Dreams (Self Released)

დიმა დადიანი - ზესტაფონი (Leno Records)

HVL – Alignment (HVL)

MokuMoku - SoulFood Society (Leno Records)

ავტორი: ჯაბა შავიშვილი