ლიტერატურა

ქართული ლიტერატურის 2010-იანი წლები

"საბა"

დეკემბერი 30, 2019

მალე 2020 წელი მოვა, კიდევ ერთი ახალი ათეული, იმედებით, სიახლეებით, იმედგაცრუებებით, სირთულეებით და, რასაკვირველია, ახალი წიგნებით.


როგორ იყო გასული 10 წელი ქართული ლიტერატურისათვის? ვცადოთ, შევაჯამოთ მნიშვნელოვანი ლიტერატურული ამბები და მოვლენები.


რა თქმა უნდა, მოვლენების შეფასება შესაძლოა ტენდენციური, ერთი ლიტერატურული პრიზმიდან დანახული და ცოტათი სუბიექტური იყოს, მაგრამ ლიტერატურა სუბიექტური დამოკიდებულებების გარეშე არსებობს? ალბათ არა

1.     ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა


თუ გასულ 10 წელს გადავხედავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა იყო, რასაც 300-ზე მეტი ქართული წიგნის თარგმნა უძღოდა წინ. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაარსება, უამრავი სირთულე, რომელიც ამ გრანდიოზულ მოვლენას ახლდა, მწერლებისა და გამომცემლების ერთიანობა, თითქმის ჩაშლის პირას მყოფი პროექტი, რომელიც გადარჩა და დიდი ლიტერატურული ფოიერვერკით დაგვირგვინდა ფრანკფურტის ბაზრობაზე.



2.     ყველაზე სასარგებლო ლიტერატურული მოვლენა


ყველაზე სასარგებლო ალბათ ლიტერატურული პერიოდიკის აღდგენა თუ დაარსება იყო, ჟურნალ „არილის“, „ახალი საუნჯისა“ და „ლიტერატურული გაზეთის“ ფურცლებზე მრავალი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ტექსტი, დებიუტანტი თუ გამოცდილი ავტორის ნაწარმოები გამოჩნდა.


3.     მკითხველის საყვარელი პოეტური ტექსტი


ამ ათი წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო, საეტაპო, მნიშვნელოვანი პოეტური ტექსტი დაიწერა, მაგრამ ყველაზე ემოციური ნაწარმოები, რომელმაც მკითხველთა გულისცემა ააჩქარა და პოეტურ რიტმს დაუქვემდებარა, ვახტანგ ჯავახაძის „ელეგია“ იყო.


4.     ლიტერატურული ტენდენცია


ბოლო 10 წლის ლიტერატურული ამინდი ბევრმა მოვლენამ განაპირობა, თუმცა, ერთ-ერთი ხაზი, რითაც შეიძლება ქართული ლიტერატურის მიმართულება თუ ტედენცია დავახასიათოთ, ალბათ ქალების სათქმელის გაძლიერება, ქალი ავტორების გამოჩენაა.  ამ კუთხით, მნიშვნელოვან დასაწყისად შეიძლება თამთა მელაშვილის „გათვლაც“ დავასახელოთ.


5.     ყველაზე მნიშვნელოვანი თარგმანი


ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით განვითარდა ქართული მთარგმნელობითი სკოლა, შეიძლება ითქვას, სრულიად ახალ საფეხურს მიაღწია ქართველი მთარგმნელების ოსტატობამ. ქართულად ითარგმნა მსოფლიო კლასიკოსების შედევრები, მნიშვნელოვანი, საეტაპო ტექსტები, ამ მხრივ, მრავალი ნაწარმოებისა და ოსტატი მთარგმნელის დასახელება შეიძლება. მაგრამ, თუ მაინცდამაინც უნდა შევჯერდეთ, ვცადოთ სამი მნიშვნელოვანი მთარგმნელობითი მოვლენის დასახელება, დაე, ეს იყოს გიორგი ლობჟანიძის მიერ შესრულებული „ყურანის“ თარგმანი, დავით წერედიანის მიერ გოეთეს „ფაუსტის“ დასრულება და ჯოისის „ულისეს“ დასრულებული ვერსია, რომლის თარგმნა ნიკო ყიასაშვილმა ვერ მოასწრო და მისმა ქალიშვილმა, მაია ყიასაშვილმა დაასრულა.


6.     მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება


ფრანკფურტი უკვე ვახსენეთ და არანაკლები მნიშვნელობისაა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს და თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან სახეებს მასპინძლობს ქართველ ავტორებთან ერთად.


7.     მთავარი ლიტერატურული პრობლემა


ბოლო ათი წლის გამოწვევა თავისუფალი სიტყვის შენარჩუნებაც იყო, ამ მხრივ, მწერალთა დევნა, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა ბოლო ათწლეულის სამწუხარო რეალობა იყო, ქართული ლიტერატურისთვის ძალიან მნიშვნელოვან რამდენივე ავტორს ქვეყნის დატოვებაც კი მოუწია.


8.     მთავარი ლიტერატურული სტუმარი


ბოლო ათწლეულში საქართველო მრავალ მნიშვნელოვან ლიტერატურულ სტუმარს მანპინძლობდა, საქართველოს სტუმრობდნენ მიშელ უელბეკი, ერლენდ ლუ, სვეტლანა ალექსიევიჩი, ფედერიკ ბეგბედერი, დიბისი პიერი, ორჰან ფამუქი,ეთგარ კერეთი, მაიკლ პალმერი, ერიკ-ემანუელ შმიტი და სხვები.


9.     მნიშვნელოვანი ავტორი


ასეთად ალბათ ნინო ხარატიშვილს დავასახელებთ, რომელიც მსოფლიოსთან ერთად ქართველმა მკითხველმა სწორედ ბოლო ათწლეულში გაიცნო.

10.     ჟანრობრივი მახასიათებელი


ყველაზე მკაფიო ნიშანი ალბათ ქართული რომანის აღმავლობაა, ამ მხრივ, ქართული ლიტერატურა ბოლო ათლწეულში მნიშვნელოვნად გამდიდრდა, ასევე,განსაკუთრებით განვითარდა დოკუმენტური პროზა. 

კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენის, წიგნისა თუ ავტორის დასახელება შეიძლება, თუმცა, აქ გავჩერდებით და ახალი, საინტერესო ლიტერატურული ათწლეულის მობრძანებას თქვენთან ერთად ვიზეიმებთ.

ავტორი: saba.com.ge

ფოტო: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი